ყვავილები
როგორ მოვუაროთ ოთახის ჰიბისკუსს, რომ დიდებულად აყვავილდეს
ოთახის ჰიბისკუსი ჩემთან ჯერ კიდევ მაშინ მოხვდა, როცა ბავშვი ვიყავი. დამ მაჩუქა. მან იცოდა, თუ როგორ მიტაცებდა მცენარეები. ჩინური ვარდი აბსოლუტურად უპრეტენზიოა, ტემპერატურის ცვლილებებს და ორპირ ქარს შესანიშნავად უძლებს. მცირე ხნით შეგიძლიათ ნაკლებად განათებულ ადგილას დადოთ. სათანადო მოვლით ჩინური ვარდი ლამაზი ყვავილებით დაგაჯილდოებთ.
თუ თქვენთვის საკმარისია, რომ ბუჩქი წვნიანი, მწვანე ფოთლებით ოთახს ამშვენებს, მაშინ უბრალოდ დროულად მორწყეთ. მე აყვავებული მცენარეების თაყვანისმცემელი ვარ, ამიტომ მათთვის კომფორტული პირობების შექმნას ვცდილობ. ჩინურმა ვარდმა კოკრები რომ გაშალოს, მარტივი მოვლის წესები გაითვალისწინეთ.
მოვლის წესები ჩინური ვარდისთვის
ადგილის და განათების შერჩევა
ჰიბისკუსი ძალიან სინათლის მოყვარე მცენარეა. ქოთანი ფანჯარასთან დადეთ, მაგრამ ისე, რომ მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდეს. გაითვალისწინეთ, რომ ვარდი სახლის პირობებში 2 მეტრამდე იზრდება. მცენარე ადგილის შეცვლას ცუდად იტანს. ყვავილობის დროს შეიძლება ქოთნის შემობრუნების გამოც კოკრები დაცვივდეს.
ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა
ზაფხულში ჰიბისკუსი 20-25 გრადუსზე თავს კომფორტულად გრძნობს. ზამთარში მაჩვენებელი უფრო დაბალია, 15-16 გრადუსი. 10 გრადუსამდე ტემპერატურამ შეიძლება ფოთლების ცვენა გამოიწვიოს.
ჰაერის ტენიანობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. ჩინურ ვარდი ტროპიკულ კლიმატს არის მიჩვეული, ამიტომ რეგულარულად წყლით დანამეთ. ტენიანობის გასაზრდელად წყლით სავსე ჭურჭელი ქოთნის გვერდით დადეთ. მცენარე პერიოდულად თბილი შხაპისთვის მადლობას გეტყვით. ბინაში, სადაც მშრალი ჰაერია, ჰიბისკუსი ვერ ყვავილობს.
მორწყვა
მცენარეს ტენიანობა უყვარს, მაგრამ წყლის დაგუბებას ვერ იტანს. მიწის ზედა ფენის მდგომარეობას ყურადღება მიაქციეთ. ჰიბისკუსი მხოლოდ მაშინ მორწყეთ, როცა ნიადაგი 2-3 სმ–ზე გახმება. ოთახის ტემპერატურის რბილი, დაყენებული წყალი გამოიყენეთ. წლის ცივ დროს მორწყვა შეამცირეთ.
ნიადაგის და სასუქის შერჩევა
ნაყოფიერი ნიადაგი შეარჩიეთ, რომელიც წყალს კარგად ატარებს. მიწის მჟავიანობა ნეიტრალური უნდა იყოს. ქოთანში დრენაჟის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. მისთვის გამოდგება თიხა, დატეხილი აგური ან თიხის ნამსხვრევები.
ჰიბისკუსი აპრილი–სექტემბრის პერიოდში გამოკვებეთ. თქვენ შეგიძლიათ ყვავილოვანი მცენარის სასუქი (2 კვირაში ერთხელ) გამოიყენოთ. მინერალური და ორგანული სასუქების მონაცვლეობა ეფექტური იქნება. თუ გაგიმართლათ და ვარდი ზამთარში აყვავილდა, დაშვებულია კალიუმი–ფოსფორის სასუქის მიწოდება (მითითებული დოზის მეოთხედი).
ამ წესების დაცვით თქვენი ჩინური ვარდი ინტერიერის მთავარი აქსესუარი გახდება. დიდი ფერადი ყვავილები აღრფთოვანებას იწვევს. განა მშვენიერი არაა?