ყვავილები
რა გავაკეთოთ, თუ სპატიფილუმის ფოთლები გაშავდა
სპატიფილუმი მრავალწლიანი მცენარეა ლათინური ამერიკიდან, რომელიც მოსავლელად უპრეტენზიოდ ითვლება. ამბობენ, რომ მცენარე სახლში ყველას უნდა ჰქონდეს, რადგან მისი მეორე სახელი ქალთა ბედნიერებაა. ითვლება, რომ აყვავებულ სპატიფილუმს სახლში ოჯახური ბედნიერება მოაქვს, ასევე ახალგაზრდა ქალს ბედნიერების პოვნაში ეხმარება. ხშირად ისმის კითხვა: რატომ შავდება სპატიფილუმის ფოთლები?
მცენარე ნამდვილად უპრეტენზიოა, მაგრამ მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ფოთლების გაშავების მთელი რიგი მიზეზები არსებობს. ეს აშკარა სიგნალია, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რა გააკეთოთ მცენარის სილამაზის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
რატომ შავდება სპატიფილუმის ფოთლები
არასწორი მორწყვა
დამწყები მეყვავილის ერთ–ერთი მთავარი შეცდომა და ეს არა მხოლოდ სპატიფილუმს ეხება. თუმცა ჩვენს მცენარეს რომ დავუბრუნდეთ, მორწყვის კუთხით ყველაფერი ერთმნიშვნელოვანი არაა. სპატიფილუმი მცენარეა, რომელსაც ზომიერი მორწყვა სჭირდება, მაგრამ მისი მოცულობა რიგ პირობებზეა დამოკიდებული.
თუ მცენარე თბილ ადგილას იზრდება, შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ მორწყათ, როცა მიწის ზედა ფენა გახმება. დახუთულ შენობებში მორწყვის სიხშირე კვირაში 2–3–ჯერ გაზარდეთ. გრილ ოთახში კვირაში ერთხელ მორწყვა საკმარისია. მცენარის ზედმეტად მორწყვა მისი ფესვების ლპობას და ფოთლების გაშავებას გამოიწვევს. ამ შემთხვევაში სპატიფილუმის გადარჩენა გაგიჭირდებათ.
მშრალი ჰაერი
თუ ფოთლებზე სიშავე 2 სმ–ს არ აჭარბებს, დიდი ალბათობით, პრობლემა მშრალ ჰაერშია. არ დაგავიწყდეთ, რომ სპატიფილუმი ველურ ბუნებაში ტროპიკულ ტყეში იზრდება, ამიტომ მაღალი ტენიანობა სჭირდება. ზაფხულში მცენარის ფოთლები კვირაში 3–4–ჯერ დანამეთ, ზამთარში კვირაში ერთხელ საკმარისია.
გარდა ამისა, დაფიქრდით, სად მოათავსოთ სპატიფილუმი. გათბობის ბატარეასთან სიახლოვე მცენარის გარშემო ჰაერის გამოშრობას იწვევს. თუ სხვა ადგილას გადატანის შესაძლებლობა არ გაქვთ, სიტუაციას მცენარის გვერდით დადგმული წყლით სავსე ჭიქა გამოასწორებს.
ჭარბი მზე
სპატიფილუმს მზე უყვარს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მზის სხივები პირდაპირ ფოთლებზე არ ხვდება. თუ მცენარეს სამხრეთ მხარეს დადებთ, სწრაფად შეამჩნევთ, რომ ფოთლები ჭკნება და ყავისფერი ან შავი ხდება. სწორედ ამიტომ, ზაფხულში ყვავილი მზეს მოაშორეთ, ხოლო ზამთარში სწორედ რომ სამხრეთ მხარეს დადეთ.
სიცივე
სიცივე სპატიფილუმისთვის ყველაზე სახიფათოა. ცივ შენობაში მცენარე სწრაფად ჭკნება. მისი ფოთლები შავდება და ჭკნება, ყვავილები ქრება. გაშავებული ფოთლები მცენარის გაყინვაზე საუბრობს. ასეთი რამ ხდება, თუ შენობაში ძლიერი ორპირი ქარია ან ტემპერატურა 15 გრადუსზე ქვემოთაა. გაცივებული მცენარის გადარჩენა შეუძლებელია, ამიტომ ტემპერატურას დიდი ყურადღება მიაქციეთ.
სპატიფილუმი თავისი უპრეტენზიობის მიუხედავად რიგი ფაქტორის მიმართ მგრძნობიარეა. საბედნიეროდ, გამოცდილი ფლორისტები საფრთხეს სწრაფად ამჩნევენ და სათანადო ზომებს დროულად იღებენ. ენდობით თუ არა ცრურწმენებს, თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა სახლში აყვავებული, ჯანმრთელი სპატიფილუმის ქონა სასიამოვნოა.