Connect with us

კულინარია

კივის ძალიან გემრიელი ჩიზქეიქი ცხობისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

გარეთ სულ უფრო თბება, ჩვენ კი გვინდება რამე გამაგრილებელი და ძალიან გემრიელი. სწორედ გაზაფხულის თბილ ამინდებს უხდება უნაზესი კივის ჩიზქეიქი, რომლის რეცეპტსაც ახლა შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები

  • 200 გ ორცხობილა
  • 100 გ კარაქი
  • 400 გ ნაღების ყველი(ან ორჯერ გაცრილი ხაჭო)
  • 350 მლ 33%-იანი ნაღები
  • 350 გ შაქრის პუდრა
  • 1 დიდი პაკეტი ვანილის შაქარი
  • 1 ლიმონის წვენი
  • 30 გ ჟელატინი
  • 1 კგ კივი

მომზადება

1. დააფქვიეთ ორცხობილები, დაუმატეთ დამდნარი კარაქი და მოურიეთ.

2. მოამზადეთ მრგვალი საცხობი ფორმა(24 სმ დიამეტრით) და ჩააფინეთ ფსკერზე პერგამენტის ქაღალდი.

3. მოათავსეთ ფორმაში ორცხობილების ფენა.

4. ათქვიფეთ ნაღები ვანილთან და 150 გ შაქრის პუდრთან ერთად, სანამ კრემის კონსისტენციას არ მიიღებთ.

5. მოამზადეთ 10 გ ჟელატინი პაკეტზე მითითებული მეთოდით. ნაღების ყველს(ან ხაჭოს) დაუმატეთ ლიმონის წვენი და დაბერილი ჟელატინი, კარგად მოურიეთ.

6. შემდეგ დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები და მოურიეთ. მოათავსეთ მასა ორცხობილის ბისკვიტზე. დაიტოვეთ ცოტაოდენი კრემი მოსართავად.

7. აიღეთ მომცრო ზომის თასი, შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და ჩადგით ნაღების კრემის შუაგულში – ასე მოამზადებთ “ძაბრს” კივის შიგთავსისთვის.

8. მოათავსეთ დესერტი მაცივარში 2 საათით, ამის შემდეგ კი ფრთხილად მოაცალეთ ცელოფანი.

9. გათალეთ და ათქვიფეთ კივი ბლენდერში, დაუმატეთ 200 გ შაქრის პუდრა და დადგით ნელ ცეცხლზე. ამზადეთ, სანამ შაქარი არ გაიხსნება. მოამზადეთ დარჩენილი ჟელატინი ეტიკეტზე მითითებული მეთოდით და დაუმატეთ იგი კივის მასას.

10. როგორც კი მზა მასა ცოტათი გაგრილდება, ფრთხილად მოასხით თეთრ კრემს და მოასწორეთ.

გემრიელად მიირთვით!