Connect with us

ყვავილები

გამოცდილმა მებოსტნემ მიამბო, როგორ მივიღო ჭარხლის შესაშური მოსავალი მარილით

ჭარხლის ბოლქვის ზომის, ხარისხის და გემოს ფორმირებაში სასუქი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სუფრის ჭარხალი დიდი, წვნიანი და ტკბილი რომ გაიზარდოს, კვლები სწორად დაამუშავეთ და გამოკვებეთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეს სწორად.

სასუქი ჭარხლისთვის

გახსოვდეთ, რომ ჭარხალს ნეიტრალური ნიადაგი მოსწონს. ასე ძირნაყოფი ტკბილი გაიზრდება. მიწის მჟავიანობა შემოდგომაზე უნდა შეამციროთ. ამისთვის მიწა მორწყეთ კირის ფხვნილის ხსნარით (300–500 გრამი ერთ კვადრატულ მეტრზე). შემდეგ კვლები ზამთრისთვის დაბარეთ. კირის მოქმედება 6-8 წელი გრძელდება.

შემოდგომაზე, სანამ ნიადაგს დახნავთ, კვლები მწიფე ნაკელით ან კომპოსტით გამოკვებეთ. ახალი ნაკელის სასუქად გამოყენება უკუჩვენებულია, რადგან მოსავალზე ნეგატიურად იმოქმედებს.

სასუქის სახეობები ჭარხლისთვის

რომელი სასუქი გამოვიყენოთ ჭარხლისთვის, რომ მივიღოთ მდიდარი მოსავალი?

1. ჭარხლის დარგვიდან 15 დღეში პირველი სასუქი მოამზადეთ. 2 ჭიქა ხის ნაცარი 10 ლ თბილ წყალში გააზავეთ. ამ ხსნარით კვლები მორწყეთ. მიწა ნატრიუმით რომ გაამდიდროთ, წყალს 1 ჩ/კ ჩვეულებრივი ან ზღვის მარილი დაუმატეთ.

2. ორგანული ფერფლით კვლები შეგიძლიათ გამოკვებოთ. 0,5 ჭიქა ფერფლი 1 კვადრატულ მეტრ მიწაზე მიმოფანტეთ. შემდეგ მიწა გააფხვიერეთ და წყლით უხვად მორწყეთ.

3. პირველი გამეჩხერების შემდეგ ჭარხლის ყლორტები თბილი წყლის, 10 გ კალიუმის მარილის და 5 გ სუპერფოსფატის ნარევით მორწყეთ. მიღებული ხსნარით რიგებს შორის მიწაც მორწყეთ.

4. როცა მცენარეზე 4-5 ფოთოლი გამოჩნდება, ბორის მჟავის და კალიუმის პერმანგანატის ნარევით მორწყეთ. თითო ჩაის კოვზი პრეპარატი 10 ლ დაწდომილ წყალში გახსენით, შემდეგ რიგებს შორის მორწყეთ, გრძივ მეტრზე 2 ლიტრამდე სითხე გამოიყენეთ. აგვისტოში მორწყვა ბორის მჟავით და კალიუმის პერმანგანატით უნდა განმეორდეს.

5. ივლისში ჭარხალი ნიტროამოფოსკით გამოკვებეთ. ამ მიზნით 50 გ სასუქი 10 ლ თბილ წყალში გახსენით, შემდეგ რიგებს შორის ჩაასხით. ამის შემდეგ კვლები დაწდომილი წყლით უხვად მორწყეთ.

6. ნატურალურ სასუქად ფრინველის სკინტლი გამოიყენება. ჯერ წყალს 1:2 პროპორციით აურიეთ, შემდეგ 100 მლ ნარევი 10 ლ წყალში გააზავეთ და რიგებს შორის მორწყეთ.

7. ჭარხლისთვის ორგანული სასუქი კულტივირებული მცენარეების და სარეველების დაქუცმაცებული ნარჩენებისგან მზადდება. კასრში ჩაყარეთ. 2 ნაწილ მცენარეულ ნარჩენს 1 ნაწილი წყალი დაასხით. ჭურჭელს თავსახური დაახურეთ და 2 კვირა გააჩერეთ, რომ მცენარე დაიშალოს. გამოსაკვებად 1 ვედრო წყალს 1 ლ წარმოქმნილი ნაყენი დაუმატეთ და ამ სითხით მიწა მორწყეთ.

8. ბოსტანს ძროხის ნაკელითაც კვებავენ. მწიფე ნაკელს წყალი დაასხით და გააჩერეთ. 1 ვედრო წყალს 1 ჭიქა მზა სითხე დაუმატეთ და მიღებული ხსნარით მიწა რიგებს შორის მორწყეთ.

ნებისმიერი სასუქის გამოყენებისას ზომიერება და პროპორციები დაიცავით. ზედმეტი გამოკვებით მცენარე შეიძლება დაზიანდეს და დაიღუპოს. კარგი მოსავლის ასაღებად თესლბრუნვის პრინციპი დაიცავით. ერთსა და იმავე ადგილას სუფრის ჭარხალი 3–4 წლის შემდეგ შეგიძლიათ დათესოთ.

ჭარხლის კარგი წინამორბედია კარტოფილი, კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, სალათი, ხახვი, პარკოსანი და მარცვლეული. მის დარგვას არ გირჩევთ რაფსის, მზესუმზირის, შაქრიანი და საკვები ჭარხლის შემდეგ.

სუფრის ჭარხლის (და სხვა ბოსტნეულის) გაზრდისას ორგანული სასუქი მაქსიმალურად გამოიყენეთ. ასე კვლებიდან მდიდარ მოსავალს აიღებთ. მის ხარისხსა და სარგებელში ეჭვი არ შეგეპარებათ.

Advertisement