Connect with us

საკითხავი

ძველ კოლგოტებს ვაგროვებ, რომ შემდეგ ფანჯრები ბზინვარებამდე გავწმინდო. ლაქებს არ ტოვებს

ფანჯრების წმენდა ყოველთვის რთული, დროის და ენერგიის მხარჯველი პროცესი მეგონა. მხოლოდ დიდი დღესასწაულების წინ ვიღებდი ტილოს და საწმენდ სითხეს და ფანჯრების წმენდას ვიწყებდი. მას შემდეგ, რაც მეზობელმა გამიმხილა, როგორ წმენდს ფანჯრებს მარტივად ნეილონის კოლგოტით, ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა. ამ მეთოდით ამოცანა მარტივდება. ახლა მშრალი ჩვრით ან გაზეთით მინის დიდხანს გამშრალება არ მიწევს.

ალბათ, თქვენც გაქვთ სახლში ძველი კოლგოტი, რომელსაც თვალი აქვს წასული. სანამ გადაყრით, ფანჯრის საწმენდად გამოყენებას გირჩევთ. ფანჯრებს ზოლები რომ მოაშოროთ, კოლგოტის გარდა ლიმონიც დაგჭირდებათ.

ფანჯრების წმენდა

ნეილონის თხელი ძაფები არ იშლება და მინას არ ეწებება. თან მტვერს ჯადოსნურად იწოვს და წვრილ, რთულ ჭუჭყს, მაგალითად, მწერების ექსკრემენტებს შესანიშნავად უმკლავდება.

დეტალური ინსტრუქცია

  1. ვედროში 4-5 ლ თბილი წყალი ჩაასხით და ლიმონის ნაჭერი დაუმატეთ. მჟავა წყალში შემავალ კირს ანეიტრალებს, ამიტომ მინაზე აღარ დარჩება.
  2. მიკროფიბრის ან სელის ჩვარი ხსნარში დაასველეთ, მსუბუქად გაწურეთ და მინას ჭუჭყი მოაშორეთ. ფრთხილად იმოქმედეთ, თუ ქვის რაფა გაქვთ. ლიმონის წვენმა შეიძლება დააზიანოს.
  3. სპეციალური მინის საწმენდი ჯოხი ან ზამშის ნაჭერი გამოიყენეთ, რომ წვეთები მოაშოროთ.
  4. კოლგოტი ხელზე ჩამოიცვით და მინაზე გადაატარეთ. დარჩენილ წყალს და მტვერს მოაშორებთ.

მეთოდი ძალიან ჭუჭყიანი ფანჯრების საწმენდად

ლიმონიანი წყალი საქმეს ვერ გაუმკლავდება, თუ ფანჯრები ძალიან ჭუჭყიანია. თვეების განმავლობაში დაგროვებული ფრინველის სკინტლი, მტვერი, ცხიმი ასე მარტივად არ მოშორდება. ამ შემთხვევაში Аlltime.ge–ს რედაქცია უფრო ეფექტურ საშუალებებს გთავაზობთ.

  1. 0,5 ლ წყალი, 70 მლ 9%–იანი ძმარი და 1 ჩ/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება აურიეთ. ღრუბელი ხსნარში დაასველეთ, მინა გაწმინდეთ. ჭუჭყი მოაშორეთ. სუფთა წყლით ჩამორეცხეთ და კოლგოტით გაამშრალეთ.
  2. 5 ს/კ ცარცი (ან კბილის პასტის ფხვნილი) და 1,5 ლ წყალი აურიეთ. ნარევი მინას წაუსვით. 1 საათით გააჩერეთ. შემდეგ მშრალი ჩვრით, გაზეთით ან კოლგოტით გადაწმინდეთ.
  3. 3-4 მლ ნიშადურის სპირტი და 3 ლ წყალი აურიეთ. ფანჯრებს წაუსვით. შემდეგ სუფთა წყლით ჩამორეცხეთ. თუ ხსნარს გლიცერინის რამდენიმე წვეთს დაუმატებთ, მინას ბზინვარებას შემატებთ.

ზემოთ მოცემული ხრიკებით ფანჯრების წმენდაზე დროს დაზოგავთ. ახლა აღარ მოგიწევთ პროფესიონალი დამლაგებლის გამოძახება.

Advertisement