ყვავილები
ხეების შეთეთრება. როგორ გააკეთოთ სწორად, რომ ხეები მავნებლებისგან დაიცვათ
გაზაფხულზე ბევრი ადამიანი აგარაკზე მიდის. აგარაკი მხოლოდ დასვენებას და მწვადების ჭამას არ გულისხმობს. ბევრი ფერმერი სხვადასხვა ვიტამინებით და მიკროელემენტებით მდიდარ ხილ–ბოსტნეულს, ხეხილს, კენკრას, ბუჩქს რგავს და ზრდის. დღეს გასწავლით, როდის და როგორ უნდა შეათეთროთ ხეები სწორად, რომ მავნებლებისგან ნამდვილად დაიცვათ.
როდის შევათეთროთ ხეები
გაზაფხულზე ხეების შეთეთრება ერთ–ერთი აუცილებელი საქმეა, რომ ნაკვეთის ნორმალური მდგომარეობა შეინარჩუნოთ. ბაღი, სადაც მწიფე ვაშლი, ქლიავი, ბალი და სხვა ხეები იზრდება, ნებისმიერ აგარაკს სილამაზეს მატებს. აღმოჩნდა, რომ ფერმერების 80% ხეებს არასწორად ღებავს.
ხეები უბრალოდ სილამაზისთვის არ იღებება. ეს აუცილებელია, რომ ხეები მავნებლებისგან დაიცვათ. ზამთრის ძილისგან გაღვიძებული მშიერი მწერები საკვებს გამალებული ეძებენ და ნაკვეთზე ყველაფერს ანადგურებენ. ხეები მათი შემოსევის შემდეგ შეიძლება გახმეს.
ხშირად ვხედავთ ნახევრად შეღებილ ხის ღეროებს. ასეთი შეღებვით ფერმერი ხეებს ეფექტურად ვერ დაიცავს. მავნებლები პოულობენ მეთოდებს, როგორ ააღწიონ ტოტებზე. ასე ჯანსაღი ხის და ლამაზი ნაყოფის ნაცვლად გამხმარ ტოტებს მიიღებთ. თან შესათეთრებელ მასალაზე და შეღებვაზე დახარჯული დრო წყალში ჩაიყრება.
ხეების სწორად შეთეთრება
სამეცნიერო ლიტერატურაში ხეების თეთრად შეღებვას რთული განმარტება აქვს. ხეები გარე ფაქტორებისგან დაცული რომ იყოს, მთელი შტამბის სიმაღლეზე და ტოტების ქვედა იარუსის ნახევარზე შესათეთრებელი საშუალება უნდა წაუსვათ. იგულისხმება, რომ ღეროს ბოლომდე უნდა წაუსვათ იმ ადგილამდე, სადაც ტოტები იწყება. ხოლო ქვედა ტოტები სიგრძის ნახევრამდე უნდა შეათეთროთ.
ყველა ხეს სხვადასხვა დონის და სიმაღლის შეთეთრება სჭირდება. ყველას ერთ დონეზე შეღებვა არასწორი მიდგომაა. ერთი შეიძლება უფრო მაღალზე იყოს შეღებილი, მეორე – უფრო დაბალზე. მთავარია, რომ ხე მავნებლებისგან ეფექტურად დაიცვათ. ამ შემთხვევაში, სილამაზე მეორეხარისხოვანია.
ხეების შესათეთრებლად მოწმენდილი ცა და მშრალი ამინდი შეარჩიეთ. სველი ღეროს შეთეთრება კატეგორიულად აკრძალულია. ამავდროულად, ხეების ღეროები შესათეთრებლად წინასწარ უნდა მოამზადოთ. წვიმის შემდეგ სველ ღეროებს ძველი ქერქი, მიმხმარი ჭუჭყი და ხავსი მოაშორეთ. ამის გარეშე შესათეთრებელ საშუალებას დიდი ეფექტი არ ექნება.
ღეროების გასაწმენდად აიღეთ სამზარეულოს უხეში ღრუბელი (ლითონის ღრუბელი არ გამოგადგებათ). მთელი ღერო წრიული მოძრაობით გაწმინდეთ. ასე ძველი ქერქი და ხავსი თავისით მოშორდება. ახლა ღეროების გაშრობას, მშრალ ამინდს დაელოდეთ და შეათეთრეთ.