სხვა
ბავშვები გაახარეთ. როგორ გავატაროთ ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხსენების დღე 19 დეკემბერს
2023 წლის 19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხსენების დღეა. როგორ უნდა შევხვდეთ და გავატაროთ ეს დღესასწაული? პირველ რიგში, შეგახსენებთ ამ დიდებული წმინდანის ისტორიას, რომელსაც მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ.
ნიკოლოზობას, როგორც ახალ წელს, ბავშვები ბალიშის ქვეშ საჩუქრებს ელოდებიან. დამჯერი ბავშვები სასურველ საჩუქრებს მიიღებენ, ურჩები კი წკეპლას. ეს ტრადიცია ჰაერიდან არ მოდის და ბევრ ქვეყანაში დღემდე შემორჩა, ოღონდ ცოტა შეცვლილი.
ნიკოლოზი, რომელსაც საკვირველთმოქმედი უწოდეს, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე შეძლებულ ოჯახში დაიბადა. კარგი განათლება მიიღო. მან უფლის მსახურება გადაწყვიტა. გაჭირვებულებს ეხმარებოდა, საჭმელს აწვდიდა, ფულს და ნივთებს ჩუქნიდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მთელი თავისი უზარმაზარი მემკვიდრეობა ღარიბებს დაურიგა.
თავიდან ნიკოლოზი ანონიმურობას ინარჩუნებდა და ჩადენილ სიკეთეზე ხმამაღლა არ საუბრობდა, ამიტომ ხალხმა არ იცოდა, ვინ იყო მათი მწყალობელი. მოგვიანებით მაინც გაიგეს და ისურვეს, რომ ნიკოლოზი ადგილობრივი ეპისკოპოსი გამხდარიყო. წმინდანი ბავშვების, მოგზაურების, მეზღვაურების მფარველია. ასევე ყველასი, ვისაც ღვთის დახმარება და მზრუნველობა სჭირდება.
ლამაზი ისტორია
საიდან მოდის წმინდა ნიკოლოზის დღეს ბავშვებისთვის ბალიშის ქვეშ საჩუქრების დატოვების ტრადიცია? ეს მისი ერთ–ერთი კეთილი საქმის ტრანსფორმაციაა. წმინდანმა გაიგო, რომ ძალიან ღარიბ კაცს სამი გასათხოვარი ქალიშვილი ჰყავდა და დარდობდა, რომ კარგი მზითვის გარეშე მათი ცხოვრების მოწყობას ვერ შეძლებდა.
ნიკოლოზმა მათი ფარულად დახმარება გადაწყვიტა. არსებობს ვერსია, რომ ღარიბი კაცის სახლში შეიპარა და გოგოებს ოქროს მონეტებით სავსე ქისა დაუტოვა. ამ ფულით გოგოებმა კარგი მზითვის შეძენა შეძლეს.
მეორე ვერსიის მიხედვით. სახლის კარები და ფანჯრები დაკეტილი იყო, ამიტომ ნიკოლოზმა მონეტები საკვამურიდან სახლში ჩაყარა. მონეტები ჩაცვივდა გოგოების წინდებში, რომლებიც გასაშრობად ღუმელზე ჩამოკიდული იყო. აქედან ლამაზ წითელ წინდებში საჩუქრების ჩადების ტრადიცია მოდის.
19 დეკემბერს, წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს ბავშვები საჩუქრებით გაახარეთ. არა მხოლოდ თქვენი შვილები, არამედ ღარიბი ოჯახის ბავშვები ან ობლები.
ბავშვებს არა მხოლოდ ძვირფასი საჩუქრები, არამედ სასარგებლო ღონისძიება, მასტერ კლასი, საინტერესო ადამიანის გაცნობა გაუხარდებათ. ერთად საშობაო ორცხობილები შეგიძლიათ გამოაცხოთ და გააფორმოთ. ბავშვები შეკრიბეთ და ერთად გაერთეთ.
სიკეთეს, ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ. წმინდა ნიკოლოზს შვილების კარგად ყოფნა შესთხოვეთ. უფალმა დაიცვას ყველა ბავშვი.
ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი: მირონით გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაი აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.
სავედრებელი ლოცვა
ყოვლად ქებულო და ნიშ-სასწაულებითა განშუენებულო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ! კაცთა შორის სუეტო და სიმტკიცეო ეკლესიისაო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო, სიტყჳერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და მსწრაფლ-შემწეო და შესავედრებელო ყოველთა უღონოთა, განწირულთა და მჴურვალედ მომწოდებელთა შენთაო.
ქრისტჱს სამწყსოთა მწყემსო ღირსო და მამათა წინამძღუარო, საკჳრველთმოქმედო ნიკოლოზ! მამობრივითა მოწყალებითა შენითა შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, რაჲთა სიყუარული იგი თჳსი ჩუენდამო და სარწმუნოებაჲ ჩუენი მისა მიმართ კუალად განაახლოს და მოგუცეს საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, სიმართლისა სიყუარული და მჴნეობაჲ სულისაჲ, აღგვავსოს საღმრთოჲთა მღჳძარებითა და მოგუანიჭოს ცხორებისა სიწმიდჱ და შიში ღმრთისაჲ. ევედრე, ნეტარო, შენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა გარე წარაქციოს რისხვაჲ აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა, და ლაზარესაებრ აღგჳდგინოს მამული ჩუენი – საქართველო – პირველსავე დიდებასა, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან და არცაღა ჰსთქუან წარმართთა და მწვალებელთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ღმრთივგანბრძნობილო მთავარეპისკოპოზო მირონ-ლუკიისაო, წმიდაო ნიკოლოზ! მჴურვალედ ვედრებად ნუ დასცხრები ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინვებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.