Connect with us

საკითხავი

მსგავსი ჯიშის ძაღლები, რომლებიც ხშირად ერევათ

ძაღლების ძალიან მსგავსი ჯიშები არსებობს, რომლებიც ნებისმიერს შეიძლება აერიოს. უმნიშვნელო განსხვავება თვალშისაცემი არაა. ზოგჯერ მხოლოდ ყურადღებით დაკვირვებისას შეგიძლიათ მიხვდეთ, რომელი ჯიშია თქვენს წინაშე. თუ გსურთ, რომ ძაღლების ჯიშებში უკეთ გაერკვეთ და მათ სახელებში შეცდომა არ დაუშვათ, Аlltime.ge–ს დღევანდელი სტატია თქვენთვის სასარგებლო და საინტერესო იქნება.

გიამბობთ ძაღლების 5 წყვილ პოპულარულ ჯიშზე, რომლებიც გარეგნულად ძალიან ჰგვანან. ამის მიუხედავად, ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდებიან. ძაღლის ტანს, ზომას და ბეწვს ყურადღება მიაქციეთ და მიხვდებით, რომელი ძაღლია თქვენს წინაშე.

როგორ განვასხვავოთ ძაღლების მსგავსი ჯიშები

ბრაბანსონი გრიფონი და მოპსი

მოპსი ისეთი მოხდენილი არაა, როგორც ბრაბანსონი. მეორესგან განსხვავებით, უფრო მოკლე თათები აქვს. მოპსი გამოირჩევა „კასრისებრი“ ფიგურით, რასაც ბრაბანსონ გრიფონზე ვერ ვიტყვით.

ალასკური მალამუტი და ჰასკი

ამ ორი ჯიშის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი თვალის ფერია. ალასკურ მალამუტს ცისფერი თვალებით ვერ ნახავთ, ხშირად ყავისფერი ან მწვანე თვალები აქვს. აღსანიშნავია, რომ ჰასკი უფრო პატარა ზომისაა, ვიდრე მეორე შედარებითი ჯიში. მას ნაკლებად მომრგვალებული თავი აქვს. ჰასკის კუდი ყოველთვის ქვემოთ არის მიმართული, ხოლო მალამუტის კუდი – ზემოთ.

პეკინესი და იაპონური ხინი

იაპონური ხინი ოდნავ გაბრტყელებული სახით გამოირჩევა, ხოლო პეკინესს უფრო მრგვალი სახე აქვს. ამ ჯიშების გარჩევა შეიძლება, თუ ცხვირსაც დააკვირდებით. პეკინესს ნაკლებად ჩაზნექილი ცხვირი აქვს, ვიდრე ხინს. თან ხინი ყოველთვის უფრო მაღალია.

დრევერი და ტაქსა

ეს ორი ძაღლი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, მათი გარჩევა მაინც შესაძლებელია. ტაქსას უფრო წაგრძელებული ტანი აქვს და, როგორც წესი, ნაკლებად დაკუნთულია. ორივე ჯიშის ზომა თითქმის ერთნაირია, მაგრამ დრევერი უფრო ძლიერი ძაღლია.

ფრანგული ბულდოგი და ბოსტონ–ტერიერი

ფრანგულ ბულდოგს უფრო მოკლე ფეხები და ნაკლებად დაკუნთული ტანი აქვს. ბულდოგს დაცქვეტილი ყურები აქვს, როგორც ღამურებს, ხოლო ბოსტონ–ტერიერს – წვეტიანი. მათი გარჩევა თავის ფორმითაც შეიძლება. ფრანგულ ბულდოგს უფრო კვადრატული თავი აქვს, ხოლო ტერიერს – თითქმის მრგვალი.

ერთმანეთის მსგავსი ძაღლების ჯიშების გარჩევა ასე მარტივად შეიძლება. ახლა ქუჩაში ალასკური მალამუტის დანახვისას არ იფიქრებთ, რომ ჰასკია. ძაღლის ჯიშის განსაზღვრისას შეცდომას აღარ დაუშვებთ.

Advertisement