Connect with us

საკითხავი

სოდას წინდაში ვყრი და დოლურას ვუმატებ, რომ გარეცხილი ნივთები სისუფთავის სურნელს აფრქვევდეს

სარეცხი მანქანა შესანიშნავი ნივთია, მაგრამ არა პანაცეა. იდეალურ შემთხვევაში, სხვადასხვა ტიპის ქსოვილზე სხვადასხვა სახის ჭუჭყს რომ გაუმკლავდეს, რამდენიმე სახეობის ფხვნილი და სხვა სარეცხი საშუალება უნდა გქონდეთ. თუ რამდენიმე საიდუმლო ხრიკი იცით, ხელმისაწვდომი მასალებით იოლად გამოძვრებით. მაგალითად, სოდა, ნიშადურის სპირტი და სარეცხი საპონი რეცხვის ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ზოგიერთ შემთხვევაში, ნივთები უმჯობესია გარეცხოთ სხვა ნივთებთან ერთად, მაგალითად, ჭურჭლის სარეცხ ღრუბელთან ან სილიკონის ჯაგრისთან ერთად.

Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომელთა დახმარებით ჭუჭყიან ნივთებს გარეცხავთ და სარეცხი მანქანის მომსახურების ვადას გაზრდით.

როგორ გავრეცხოთ ხაოიანი პირსახოცი

ხაოიანი პირსახოცი რბილი და სასიამოვნო ხელშესახები რომ იყოს, სარეცხ საპონთან და სოდასთან ერთად გარეცხეთ. 2 ს/კ წვრილად გახეხილი საპონი და 1 ს/კ სოდა დაგჭირდებათ.

სოდა და საპონი ნელა იხსნება, ამიტომ სარეცხი მანქანა შეიძლება დააზიანოს (სოდა აბრაზიულია, ხოლო გაუხსნელი საპნის ფანტელები შეიძლება სანიაღვრე სისტემაში დაილექოს). ტექნიკა რომ დაიცვათ, გახეხილი საპნის და სოდის ნარევი უბრალო წინდაში ჩაყარეთ, შემდეგ გაკვანძეთ და დოლურაში პირსახოცთან ერთად მოათავსეთ. ასე მყარი ნაწილები წინდაში დარჩება, ხოლო სოდა–საპნის ხსნარი ქსოვილიდან გამოვა და პირსახოცს გარეცხავს.

როგორ გავრეცხოთ ჯინსი

სქელი ჯინსის გასარეცხად სარეცხ მანქანას უხეში ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი დაუმატეთ. ის სარეცხი ფხვნილის აქაფებას ხელს შეუწყობს და დოლურაში ჯინსთან ერთად ბრუნვისას მასზე ზეწოლას გაზრდის. ასე ღრმად ჩამჯდარ ლაქებსაც ამოიყვანთ. გახსოვდეთ, რომ ხრიკი მხოლოდ სქელ ჯინსის ქსოვილზე მუშაობს. თხელი ნივთები შეიძლება დააზიანოს.

როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს ბეწვი

შინაური ცხოველების მფლობელებმა იციან, როგორი რთულია ტანსაცმლიდან ბეწვის მოშორება. გარეცხილ ქსოვილზე ბეწვი ხშირად რჩება. ამის თავიდან ასაცილებლად რეცხვისას ნივთებს ჭურჭლის სარეცხი სილიკონის ჯაგრისი დაუმატეთ. ჯაგრისი მთელ ბეწვს აიღებს და სარეცხი ფხვნილის აქაფებას ხელს შეუწყობს. მაღაზიაში შეგიძლიათ სპეციალური სარეცხი ბურთები შეიძინოთ. მასაც მოქმედების მსგავსი პრინციპი აქვს.

როგორ გავრეცხოთ გელით

თუ სარეცხ გელს იყენებთ, სალფეთქს წაუსვით და დოლურაში ნივთებს დაუმატეთ. ასე ორ კურდღელს დაიჭერთ. პირველ რგიში, ნაკლებ გელს დახარჯავთ, მეორეც, სალფეთქი ბუსუსებს და წვრილ ნაგავს შეაგროვებს.

როგორ გავაუმჯობესოთ იაფი სარეცხი ფხვნილის ხარისხი

თუ ნივთები დაბალ ტემპერატურაზე უნდა გარეცხოთ და ულტრაბიუჯეტურ ფხვნილს იყენებთ, გარეცხვამდე წყალში გახსენით (ნახევარი ლიტრი წყალი საკმარისია). ახლა ხსნარი ფხვნილის განყოფილებაში ჩაასხით ან პირდაპირ დოლურას დაუმატეთ. ასე ნივთები უკეთ გაირეცხება და სარეცხი მანქანა თავის რესურსს დაზოგავს.

სარეცხი ფხვნილის ეფექტურობა ნიშადურის სპირტით შეგიძლიათ გაზარდოთ. საჭირო უჯრაში 2-3 ს/კ ფხვნილი ჩაყარეთ და 50 მლ ნიშადურის სპირტი დაუმატეთ. ასე ლაქა უკეთ გაირეცხება, ხოლო ქსოვილი ფერს შეინარჩუნებს. ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში ჟანგბადის მათეთრებელი გამოიყენეთ.

თავად სარეცხი მანქანის მოვლა არ დაგავიწყდეთ. მის მდგომარეობაზე რეცხვის ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია. ბევრი ადამიანი შემამჭიდროებელი რგოლის მდგომარეობას ყურადღებას არ აქცევს. აქ ბევრი ბუსუსი გროვდება, რომელზეც დროთა განმავლობაში ობი ვითარდება და უსიამოვნო სუნი ჩნდება. შემამჭიდროებელი რეზინა წყალბადის ზეჟანგით დროდადრო გარეცხეთ.

როგორც ხედავთ, რეცხვა შემოქმედებითი პროცესია. სწორი რეცხვის ტექნიკას რომ დაეუფლოთ, არა მხოლოდ ექსპერიმენტები უნდა ჩაატაროთ, არამედ სხვების გამოცდილება ყურადღებით შეისწავლოთ.

Advertisement