Connect with us

საკითხავი

ჭვარტლი, ცხიმი და ჩამჯდარი ნამწვი წამებში ქრება. მთავარია, რამდენიმე ხრიკი იცოდეთ

სახლის დალაგება თითქმის არავის სიამოვნებს. განსაკუთრებით სამზარეულოში, სადაც ცხიმი, ჭვარტლი და ნამწვი გროვდება. თუ ეს ყველაფერი ერთადაა, თან ჩამჯდარი, ნამდვილი კოშმარია! იმედი არ გაიცრუოთ. რამდენიმე საყოფაცხოვრებო ხრიკის ცოდნით სახლს მარტივად დაალაგებთ და სამზარეულოს ჭურჭლის რეგულარულად გასაპნას დაივიწყებთ. Alltime.ge–ს გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ სამზარეულო, თუნდაც ერთი შეხედვით, შეუძლებელი იყოს.

როგორ გავწმინდოთ სამზარეულო

სამზარეულოს ყველაზე პრობლემურ ადგილებს განვიხილავთ და ყველაზე ჭუჭყიან კუთხეებში ჩავიხედავთ. მენდეთ, ამ მარტივი შინაურული საშუალებებით ნებისმიერ ჭუჭყს მოიშორებთ. დავიწყოთ, ყველაზე უსიამოვნო მტრით – ნამწვი ტაფებსა და ქვაბებზე.

როგორ მოვიშოროთ ნამწვი

ბებიას  ჰქონდა ძველი ტაფა, რომელიც 20 წელზე მეტი ემსახურებოდა. ერთგული დამხმარე. ამ დროში სქელი ნამწვი დაუგროვდა. ვფიქრობ, ასეთი სახლში ბევრს აქვს. სოდა და ძმარი მის გაწმენდაში დაგეხმარებათ. სოდა ზედაპირს უხვად მოაყარეთ, შემდეგ ძმრით გაწმინდეთ და უხეში ღრუბლით გახეხეთ. თუ ნამწვი ბევრია, პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.

თუ ნამწვი ტაფაშია, სარეცხი საპონი გამოიყენეთ. საპონი სახეხზე გახეხეთ, ტაფაზე მოათავსეთ და წყალი დაასხით. საპნიანი ხსნარი 20 წუთით აადუღეთ. ნარჩენები რბილი ღრუბლით მოაშორეთ და წყალი გაავლეთ. სოდიანი ხსნარიც გამოგადგებათ. ნამწვს აქტივირებული ნახშირიც აშორებს. ტაფას მოაყარეთ და 40 წუთით გააჩერეთ. ცივი წყალი დაასხით და 20 წუთით ადუღეთ. ამ საშუალებით მიმწვარ ქვაბსაც კარგად გარეცხავთ.

გახსოვდეთ, რომ ყველა მეთოდი აბრაზიული ფხვნილით (მაგალითად, სოდა) ტეფლონის ჭურჭელზე არ უნდა გამოიყენოთ. უხეში ღრუბელი და ფხვნილი ანტიმიწვის საფარს აზიანებს. ტეფლონის ტაფა ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ, რადგან ჩამჯდარი ცხიმის მოშორება რთულია.

როგორ გავწმინდოთ სამზარეულო: გამწოვი

გამწოვის გისოსები კიდევ ერთი ჭუჭყიანი ადგილია სამზარეულოში, რომელიც მთელ იერს აფუჭებს. 15 წუთი საკმარისია, რომ გისოსებს ცხიმი და ჭვარტლი მოაშოროთ. გისოსები მოხსენით, წყლის, მარილის და ლიმონმჟავის ხსნარში 15 წუთით გააჩერეთ. 1 ლ წყალზე 4 ს/კ მარილი და 3 ჩ/კ ლიმონმჟავა დაგჭირდებათ. თუ ცხიმი არ მოშორდა, გისოსები ამ ხსნარში აადუღეთ.

სოდა კიდევ ერთი კარგი საშუალებაა. სოდის ხსნარი მოამზადეთ. 5 ლ წყალი აადუღეთ, 0,5 ჭიქა სოდა დაუმატეთ და ცეცხლს დაუწიეთ. ცხელ წყალში გისოსები ჩადეთ და კიდევ 5 წუთით ადუღეთ. თუ ძალიან ჭუჭყიანია, 10 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ გამდინარე წყალში გაავლეთ. მზადაა! გამწოვი ბზინავს.

მულტისახარშში შევიხედოთ

თუ მულტისახარში გაქვთ, ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ გამათბობელი ელემენტი დროდადრო ბინძურდება. აქ საკვების ნარჩენები ან გარეცხვის შემდეგ წყალი ხვდება. ძალიან ფრთხილად გაწმინდეთ, ბევრი წყლის მოხვედრა არ დაუშვათ. სველი ჩვარი სოდაში ამოავლეთ და ჭუჭყიანი ზედაპირი გაწმინდეთ. ნარჩენები სუფთა და ოდნავ სველი ჩვრით მოაშორეთ. გაამშრალეთ და გასაშრობად გააჩერეთ.

ცივი სამეფო

მაცივარში ბევრი სხვადასხვა საკვები ინახება და ამის გამო უსიამოვნო სუნი რეგულარულად შეიძლება გაჩნდეს. ძმარი დაგეხმარებათ მაცივრის გაწმენდასა და სუნის მოშორებაში. წყალი და ძმარი თანაბარი პროპორციით აურიეთ, მაცივარი და თაროები გაწმინდეთ. რამდენიმე საათით გასანიავებლად გააჩერეთ.

გახსოვდეთ, რომ უსიამოვნო სუნის გასაქრობად საუკეთესო მეთოდია პრევენცია. გაფუჭებული საჭმელი დროულად მოიშორეთ, განსაკუთრებით არომატული კერძი თავდახურულ ჭურჭელში შეინახეთ. ასე მაცივრის ხშირად გაწმენდა არ მოგიწევთ.

ვრეცხავთ ჭურჭელს

დროა ჭურჭლის კარადაში შევიხედოთ. ზოგჯერ ფინჯნებს და თეფშებს მხოლოდ წყალს ვავლებთ იმის ნაცვლად, რომ კარგად გავრეცხოთ. ამის გამო ჭიქებზე ყავისფერი ნადები ჩნდება, ხოლო თეფშები ქვემოდან თანდათან ყვითლდება. ეს საკმაოდ უსიამოვნოა. მარილის და ძმრის ნარევით ჭიქებს ყავის ნადებს მოაშორებთ. თანაბარი პროპორციით აურიეთ, ჭუჭყიან ზედაპირს წაუსვით და 30 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ კარგად გარეცხეთ.

თეფშებზე ყვითელ ნადებს ძმარიც კარგად მოაშორებს. ლიმონმჟავითაც შეგიძლიათ გარეცხოთ. 15 წუთით წაუსვით, შემდეგ ჭუჭყთან ერთად ღრუბლით მოაშორეთ. გარეცხეთ და სისუფთავით ისიამოვნეთ.

როგორ გავწმინდოთ სამზარეულო

პატარა და ჭუჭყიანი კუთხეები გავწმინდეთ, დროა საერთო მარათონს მივხედოთ. ცხიმი ქურასა და ავეჯზეც ილექება. დროთა განმავლობაში სამზარეულოს არაკომფორტულ ადგილად აქცევს. ამის თავიდან ასაცილებლად მოამზადეთ შემდეგი ხსნარი: 4 ლ თბილი წყალი, 4 ს/კ ბორაკი, 100 მლ ძმარი, 100 მლ ნიშადურის სპირტი. ამ ნარევით კაფელი გაწმინდეთ.

სამზარეულოს კარადის გასაწმენდად მცენარეული ზეთი და ძმარი თანაბარი პროპორციით აურიეთ. ნარევი ჭუჭყიან ზედაპირს წაუსვით, 30 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ნარევი ჭუჭყთან ერთად მოაშორეთ.

ახლა იცით, როგორ გაწმინდოთ სამზარეულო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის შეგიძლიათ მაღაზიაში საშუალება შეიძინოთ, მაგრამ რა საჭიროა ფულის დახარჯვა, თუ შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომი მეთოდის გამოყენება? მით უფრო, ჯერ არ გვინახავს საშუალება, რომელიც ყველაფერს ისე აკრიალებს, როგორც სოდა. რჩევები გამოიყენეთ. დაე, სამზარეულო ყოველთვის სისუფთავით ბზინავდეს!

Advertisement