საკითხავი
აირჩიეთ სწორი სანტექნიკოსი, რომ მოგვიანებით გადაკეთებაზე ბევრი ფული არ დახარჯოთ
პროფესიონალი სანტექნიკოსის მოძებნის სურვილი მაშინვე გაგიჩნდებათ, როცა სააბაზანო ოთახის შეკეთება, სანტექნიკის გამოცვლა ან მილის გაწმენდა საჭიროა. რამდენიმე პუნქტით შეგიძლიათ ამოიცნოთ, თქვენს წინაშე კარგი სანტექნიკოსია თუ არა. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ იპოვოთ სპეციალისტი, რომელიც თავის საქმეს მისაღებ ფასად ხარისხიანად და პატიოსნად შეასრულებს.
კარგი სანტექნიკოსი
საერთოდ სანტექნიკოსი შეიძლება იყოს სახელმწიფო ორგანოდან, კერძო მეწარმე, რომელიც ხშირად საკუთარ თავზე მუშაობს და დაქირავებული სპეციალისტი კომპანიიდან. ეს სანტექნიკოსები ერთი შეხედვით მათზე თქმულ ყველა ხუმრობას გაგახსენებთ, სამაგიეროდ თავის საქმეს მცირე საფასურად შეასრულებს.
კარგი სპეციალისტი სახელმწიფო ორგანოში დიდხანს არ ჩერდება, საკუთარ ფირმას ხსნის ან ინდმეწარმედ რეგისტრირდება. ასეთი სანტექნიკოსები განცხადებებს სადარბაზოებთან აკრავენ, მომსახურებაზე შეთავაზებას ინტერნეტში აქვეყნებენ. მათი მომსახურების ფასი განსხვავდება და მაღალი ფასი ყოველთვის ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოს არ გვპირდება.
სპეციალიზირებული კომპანიის სანტექნიკოსები ყველაზე ძვირადღირებული კატეგორიაა. ისინი თავიან საქმეს ვადაში ასრულებენ, ფრთხილად მოქმედებენ, მფლობელს თავაზიანად მიმართავენ და გაწეულ მომსახურებაზე გარანტიას იძლევიან.
სანტექნიკოსის გამოცდილება
ინტერნეტში ხელოსნების პროფილებით ვებგვერდები შეგიძლიათ იპოვოთ. რაც უფრო გამოცდილია, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ადამიანი ამ პროფესიაში კომპეტენტურია. ხელოსანს ჰკითხეთ, სად მუშაობდა ადრე და რამდენია მისი საერთო გამოცდილება. გამოცდილი სანტექნიკოსი ყველაფერს სათანადოდ გააკეთებს და მარტივად აგიხსნით, როგორ არის ყველაფერი მოწყობილი.
ზრდილობა და პუნქტუალობა
დეტალები, რომლებიც არა მხოლოდ ნდობის მოპოვებას ხელს უწყობს, არამედ ღიმილს – თავაზიანობა და პუნქტუალობა. თუ სანტექნიკოსი გაფრთხილებთ, რომ შეაგვიანდება, გამოდის, საკუთარ და სხვის დროს აფასებს. თუ საქმე სარემონტო სამუშაოებს ეხება, კარგი სპეციალისტი ყველა სურვილს ყურადღებით მოისმენს და გეტყვით, როგორ შეიძლება სასურველი შედეგის მიღება. როცა სანტექნიკოსი სახლის მდგომარეობაზე კითხვებს გისვამთ, ზუსტ ზომებს იღებს და მოთხოვნებს აზუსტებს, ეს კარგი ნიშანია.
მომსახურება
ნამდვილი სპეციალისტი საკუთარ მოსაზრებას თავს არ მოგახვევთ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში სირთულეებსა და წინააღმდეგობებზე მიგითითებთ. კარგი სანტექნიკოსი ხელს არ მოკიდებს საქმეს, რომელზეც წარმოდგენა არ აქვს. გამოცდილ და ფართო პროფილის ხელოსანს შეუძლია: კანალიზაციის გაწმენდა, სარეცხი მანქანის შეერთება ან გაწმენდა, სანტექნიკის, გათბობის სისტემის მონტაჟი.
ყურადღება მიაქციეთ, რომ პროფესიონალმაც შეიძლება ყველა წვრილმანი არ იცოდეს, მაგრამ თუ სამუშაო გამოცდილება აქვს, სიტუაციაში სწრაფად გარკვევას შეძლებს. ყოველდღე ახალი ტექნიკა გამოდის, ამიტომ სპეციალისტს მხოლოდ ინფორმაციის დაზუსტება სჭირდება, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გააკეთოს.
გარანტია და სერვისის ღირებულება
სანტექნიკოსმა სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე 14 დღიდან 12 თვემდე საგარანტიო ქვითარი უნდა წარმოადგინოს. კარგი ხელოსანი ფასს არ დაასახელებს, სანამ სამუშაოს მოცულობას არ შეაფასებს. ფრთხილად იყავით, თუ ხელოსანი სხვადასხვა ტიპის სამუშაოსთვის ერთსა და იმავე ფასს ასახელებს. პროფესიონალ და კერძო სანტექნიკოსს საქმის ნახვამდე მიახლოებითი ღირებულების დასახელება შეუძლია.
შეფასებები
ხელოსანს შეიძლება დიდი გამოცდილება ჰქონდეს, მაგრამ ინტერნეტში მასზე ნეგატიურ შეფასებებს წერდნენ. ზოგჯერ საძიებო სისტემაში სახელის და გვარის ჩაწერა საკმარისია, რომ მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ. შეფასებები, კომენტარები და რეკომენდაციები შეგიძლიათ საიტებზე, ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში იპოვოთ. მხოლოდ შეფასებებზე დაყრდნობა არ ღირს, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ.
ხელსაწყოები
პროფესიონალი ხელოსანი ყოველთვის ყველა აუცილებელ ხელსაწყოს ჩემოდნით ატარებს. ჩემოდანში ჩაიხედეთ და მიხვდებით, როგორი სანტექნიკოსია თქვენს წინაშე. თუ ყველა ხელსაწყო ჩემოდანში ლამაზად ჩალაგებულია, სამუშაოსაც სუფთად შეასრულებს და სახლში ჭუჭყს არ დატოვებს. მოთხოვნადი სანტექნიკოსი ხშირად საკუთარი მანქანით დადის, რადგან მძიმე ტექნიკა გადააქვს და ასე ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში სწრაფად მოხვედრა შეუძლია.
რედაქციის რჩევა
ყველა კარგ სპეციალისტს პორტფოლიო აქვს. სანტექნიკოსს შეუძლია ადრე შესრულებული სამუშაოს ფოტოები სოციალური ქსელში ან ტელეფონში გაჩვენოთ. ზოგიერთი სპეციალისტი საკუთარ ვებგვერდს აკეთებს, სადაც გაწეულ მომსახურებას და ფოტოებს აქვეყნებს. მაშინაც კი, თუ სანტექნიკაში ვერ ერკვევით, ხელოსანზე კითხვების დასმა არ მოგერიდოთ. კარგ სპეციალისტს კითხვებზე პასუხის გაცემა არ გაუჭირდება. თუ თავად ვერ ერკვევა, ნერვიულობას და თავხედობას დაიწყებს. გყავთ გამოცდილი სანტექნიკოსი?