Connect with us

საკითხავი

5 მეთოდი მეორადი ტანსაცმლის უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად

ბოლო წლებია მეორადების მაღაზია აღარ არის ადგილი, სადაც ტანსაცმელს მხოლოდ დაბალშემოსავლიანი ადამიანები ყიდულობენ. ასეთ მაღაზიებში ბევრი ბრენდული ნივთი დაბალ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ. სწორედ ამიტომ, მოდის მიმდევრებიც მსგავს ადგილებში გასეირნებაზე უარს არ ამბობენ. ერთადერთი პრობლემა ქიმიის ძლიერი არომატია. უსიამოვნო სუნს ჩვეულებრივი რეცხვით ვერ მოიშორებთ.

სახლის პირობებში ნივთები ცივ წყალში რამდენჯერმე შეგიძლიათ ჩაალბოთ, შემდეგ გარეცხოთ და აივანზე გააშროთ. ეს ნამდვილი მფლანგველობაა. როგორ გავუმკლავდეთ უსიამოვნო სუნს ერთი გარეცხვით? Alltime.ge–ს რედაქცია რამდენიმე მეთოდს გიზიარებთ.

როგორ მოვაშოროთ ქიმიის სუნი ტანსაცმელს სწრაფად და ეფექტურად

ნიშადურის სპირტი

თუ არა მხოლოდ უსიამოვნო სუნის, არამედ ქსოვილზე ჩამჯდარი ქიმიკატების მოშორება გსურთ, ნივთები ნიშადურის სპირტში ჩაალბეთ. 5 ლ წყალზე 2 ს/კ პრეპარატი დაგჭირდებათ.

ბამბის და სელის ტანსაცმელი ხსნარში 1–2 საათით გააჩერეთ. ამ დროში მსუბუქ სუნს მოიშორებთ. უფრო სქელი და მასიური ნივთებისთვის (ჯინსი, სვიტერი) სითხის კონცენტრაცია და ჩალბობის დრო უნდა გაზარდოთ. 5 ლ წყალს 5 ს/კ ნიშადურის სპირტი დაუმატეთ და ტანსაცმელი ხსნარში 5 საათით ჩაალბეთ. ქურთუკი, პალტო 6-7 საათით გააჩერეთ.

ამის შემდეგ ნივთები გაწურეთ და კარგად გააშრეთ. შემდეგ ნებისმიერი მოსახერხებელი მეთოდით (ფხვნილით ან გელით) გარეცხეთ. კონდიციონერს ცოტა ეთერზეთი დაუმატეთ, თუ ალერგიული არ ხართ.

ძმარი მარილთან ან სოდასთან ერთად

კიდევ უფრო ადვილია, თუ ნივთების ჩასალბობად წყალს ძმარს და მარილს ან სოდას დაუმატებთ. ხალხური საშუალება სხვადასხვა უცხო სუნს შესანიშნავად უმკლავდება. რამდენიმე კოვზი თითოეული პროდუქტი თბილ წყალში გახსენით და ტანსაცმელი სითხეში 4 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ უბრალოდ გარეცხეთ.

სორბენტები

რა ვუყოთ ნივთებს, რომლებიც წყალთან ასე ახლო და ხანგრძლივ ურთიერთობას ვერ იტანენ? ამ შემთხვევაში ხრიკი არსებობს. ტანსაცმელი პარკში ჩადეთ, ჩაის პაკეტები, მარილის ქისა ან აქტივირებული ნახშირი დაუმატეთ, დახურეთ და ნახევარი დღე გააჩერეთ. სორბენტები მთელ სუნს შთანთქავენ. სხვათა შორის, მეთოდი გამოგადგებათ, თუ მეორადი ტანსაცმლის გარეცხვას ვერ ახერხებთ.

კიდევ ერთი ძლიერი არომატი

როგორც ამბობენ, სოლს სოლით აგდებენ. უსიამოვნო სუნის ჩაკვლა უფრო სასიამოვნო სუნით სცადეთ. აუცილებლად, ძლიერი სუნი უნდა იყოს. როგორც წინა შემთხვევაში, ტანსაცმელი პარკში ჩადეთ და რაიმე არომატიზატორი დაუმატეთ. ბამბის დისკს სუნამო ან ეთერზეთი აპკურეთ. ყავის მარცვლებიც გამოგადგებათ.

ორთქლით დამუშავება

სუსტი სუნი სწრაფად გაქრება, თუ ტანსაცმელს დაორთქლავთ. ახლა უთოების უმეტესობას ორთქლის ფუნქცია აქვს. სპეციალური ორთქლის უთოებიც არსებობს. მთავარია, რომ სასუნთქი სისტემა ნიღბით ან რესპირატორით დაიცვათ. მენდეთ, ცხელი ორთქლით გაძლიერებული მძაფრი სუნის ჩასუნთქვას არ ისურვებთ.

სამწუხაროდ, არომატი შეიძლება იმდენად გამჯდარი იყოს, რომ ერთი პროცედურით ვერ მოიშოროთ. ამ შემთხვევაში პროცედურა გამოიყენეთ ან ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების კომბინაცია სცადეთ. ნებისმიერ შემთხვევაში სუნი ნაკლებად შესაგრძნები და გამაღიზიანებელი გახდება.

Advertisement