Connect with us

თავის მოვლა

შავი წერტილები ცხვირზე: როგორ მოვიშოროთ სახლის პირობებში

მოზარდობის პერიოდი, ჰორმონალური ცვლილებები და მასთან დაკავშირებული გამონაყარი საშინლად მახსენდება. მოგვიანებით აკნე თავისით გაქრა და შვებით ამოვისუნთქე. აი, ბოლო წელია T ზონაზე შავ წერტილებს ვამჩნევ. დაქალის რჩევით კოსმეტოლოგთან სახის გასაწმენდად მივედი. დროებით კარგი შედეგი მქონდა. გასწავლით, როგორ მოიშოროთ შავი წერტილები სახლის პირობებში ერთხელ და სამუდამოდ.

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რა არის შავი წერტილები და როგორ ებრძოლოთ. ესაა ღია კომედონები, იგივე აკნე, მაგრამ ანთებითი პროცესების გარეშე. ხელით არ აწვალოთ, რადგან ინფექცია შეიძლება განვითარდეს და მდგომარეობა გაუარესდეს. თვითნებაზეც არ უნდა დატოვოთ. შავ წერტილებს სახლში მარტივი ინგრედიენტებით უპრობლემოდ მოიშორებთ.

რა შეიძლება იყოს შავი წერტილების გაჩენის მიზეზი

ჩვენს კანს გამოშრობისგან ბუნებრივად დაცვა შეუძლია. ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ცხიმი კანზე ფირს ქმნის და ტენიანობას ინარჩუნებს, კანს გაუწყლოებისგან იცავს. პრობლემის შემთხვევაში ცხიმოვანი ჯირკვლები აქტიურდება და უფრო მეტ ცხიმს აწარმოებს. ამ დროს ცხიმი, კანის მკვდარი უჯრედები და მტვერი ერთად საცობს ქმნის და შავი წერტილები ჩნდება.

შავი წერტილების გაჩენის მიზეზები:

1. კანის არასწორი მოვლა. სახე ყოველდღე უნდა გაიწმინდოთ. ამ მიზნით სპეციალური დასაბანი ქაფი, სკრაბი, ზეთი, ბალმი და სხვა კოსმეტიკა გამოიყენეთ.

2. თავის მოვლის საშუალებების შეუსაბამო შემადგენლობა. მაღაზიაში მთელი ნაკრების შეძენით იმედი არ გქონდეთ, რომ ყველა მოგიხდებათ. სანამ თავის მოვლის საშუალების ყიდვას გადაწყვეტთ, მისი შემადგენლობა და გამოყენების წესები შეისწავლეთ. უმჯობესია, კოსმეტოლგს რჩევისთვის მიმართოთ.

3. გარემოს ზემოქმედება და ულტრაიისფერი სხივები. კანზე ძლიერი ქარი, ყინვა და მცხუნვარე მზე თავის ნიშანს ტოვებს. კანის დამცავი საშუალებები, მაგალითად, მზისგან დამცავი გამოიყენეთ.

4. არასწორი კვება და ჯანმრთელობის პრობლემები. გამონაყარი შეიძლება სერიოზული დაავადებების ნიშანი იყოს. კვება წარმოებულ ცხიმზე გავლენას ახდენს.

5. ჰორმონები. ჰორმონების ცვლილებებს ბევრი მიზეზი იწვევს და ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება აწუხებდეს. მაგალითად, ორსულობა და მენოპაუზის საწყისი პერიოდი ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობაზე გავლენას ახდენს.

შავი წერტილების ნიღაბი

შავი წერტილების ერთხელ და სამუდამოდ მოსაშორებლად შეგიძლიათ სახლში ნიღაბი გაიკეთოთ. ამ ხალხური ნიღბით კანს გაიწმენდთ და მსუბუქ ლიფტინგ ეფექტსაც მიიღებთ.

2 კოვზ ჟელატინს 100 მლ თბილი რძე ან წვენი დაასხით და 10 წუთით გააჩერეთ. ამ დროში ჟელატინი გასივდება. ახლა წყლის ორთქლზე გაადნეთ. გაგრილება ადროვეთ. სახე დაიბანეთ.

ნიღაბი მთელ სახეზე ან მხოლოდ პრობლემურ ადგილებში წაისვით. ბამბის დისკით უფრო მოხერხებულად წაისვამთ. 30 წუთში ნიღაბი მოიშორეთ. ქვემოდან დაიწყეთ და ზემოთ იმოძრავეთ. ნიღბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სახეზე დამატენიანებელი კრემი წაისვით.

აკნეს გამომწვევი ყველა ფაქტორის მოშორების შემდეგ შავი წერტილები სამუდამოდ გაქრება. პრევენციისთვის პერიოდულად ჟელატინის ნიღაბი გაიკეთეთ. ჟელატინი ბევრ კოლაგენს შეიცავს და კანს ელასტიურობას მატებს.

Advertisement