Connect with us

ყვავილები

რაში ჩავალბოთ ბულგარული წიწაკის თესლი, რომ ელვის სისწრაფით გაღვივდეს

ნებისმიერი სახეობის (ტკბილი, ცხარე) ბულგარულ წიწაკას განვითარებისა და კარგი მოსავლის მისაღებად შესაფერისი ტემპერატურა სჭირდება. Alltime.ge–ს რედაქცია მარტივი და ეფექტური ხრიკის გამოყენებას გირჩევთ. თესლის ჩალბობას ვგულისხმობთ. აღსანიშნავია, რომ თესლის ჩალბობა და გაღვივება სხვადასხვა რამაა. გაღვივებას მეტი დრო სჭირდება. ჩალბობის პროცესი უფრო მარტივია. საუკეთესო შედეგის მისაღებად დეტალები უნდა იცოდეთ. ასე მაქსიმუმ სარგებელს მიიღებთ.

მომზადება

პირველი ეტაპი თესლის დატესტვას გულისხმობს. ასე ზუსტად გეცოდინებათ, ღირს თუ არა თესლის დარგვა და თუ მოგცემთ მოსავალს. უბრალო ჭიქა აიღეთ და თბილი, თითქმის ოთახის ტემპერატურის წყალი ჩაასხით. 1 ჩ/კ მარილი დაუმატეთ და აურიეთ. მიღებულ ხსნარში თესლი ჩაყარეთ და აურიეთ. 1 წუთის შემდეგ ჭიქას დახედეთ. თესლი, რომელიც ჭიქის ფსკერზეა, შეგიძლიათ დასათესად გამოიყენოთ. თესლი, რომელიც წყალზე ცურავს, გადაყარეთ, რადგან უვარგისია.

მეორე ეტაპია დეზინფექცია. დაგჭირდებათ მარგანცოვკა ან 3%–იანი წყალბადის ზეჟანგი. ჭიქაში წყალი ჩაასხით, ცოტა მარგანცოვკა დაუმატეთ. ღია ვარდისფერ ხსნარში თესლი 20 წუთით გააჩერეთ და შემდეგ გამდინარე წყალში გარეცხეთ.

ახლა უკვე თესლი ჩასალბობად მზადაა. გთავაზობთ რამდენიმე ხსნარს, რომელიც თესლის ჩასალბობად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ხსნარები:

1. ნახევარ ლიტრ წყალს ბაკალ ემ (1 ჩაის კოვზი) საშუალება  აურიეთ. 30 წუთით თესლი ჩაალბეთ. ბაკალ ემი მარცვალში ფიზიოლოგიურ პროცესებს ააქტიურებს, იმუნიტეტს ზრდის, პათოგენების ზემოქმედებას ამცირებს.

2. 100 მლ წყალი და 1 წვეთი ცირკონი აურიეთ. თესლი 4 საათით ჩაალბეთ. ცირკონი თესლის განვითარების შანსებს ზრდის, მომწიფებას აჩქარებს, მძიმე ლითონების დაგროვებას აფერხებს. მცენარეს ტემპერატურის, სინათლის ან ტენიანობის ცვლილებებისგან იცავს.

3. 100 მლ წყალი და 2 წვეთი ეპინი აურიეთ. თესლი 6 საათით ჩაალბეთ. ეპინი თესლის განვითარებას აჩქარებს, მოსავლიანობას და იმუნიტეტს ზრდის.

4. 1:1 თანაფარდობით წყალი და ალოეს წვენი (სასურველია, სახლის მცენარე იყოს) აურიეთ. თესლი 24 საათით ჩაალბეთ. ალოეს წვენი მცენარეზე დადებითად მოქმედებს და განვითარებას ხელს უწყობს.

ჩალბობა

გაითვალისწინეთ, რომ თესლი სველ გარემოში უნდა იყოს, მაგრამ სითხეში არ ცურავდეს. სწორედ ამიტომ, მიღებულ ხსნარში ბამბის დისკი კარგად დაასველეთ, რამდენიმე თესლი დისკზე მოათავსეთ. ახლა პარკში ან კონტეინერში ჩადეთ, რომ ხსნარი არ აორთქლდეს. ვადის გასვლის შემდეგ ამოიღეთ.

ასეთი პროფილაქტიკური ზომების შემდეგ წიწაკას ავადმყოფობა ვერ დაამარცხებს, კარგად განვითარდება და კარგი მოსავლით გაგახარებთ. წარმატებებს გისურვებთ!

Advertisement