Connect with us

თავის მოვლა

არ იჩქაროთ ბოტოქის გაკეთება ცხვირ–ტუჩის ნაოჭის მოსაშორებლად. უკეთესი იდეა გვაქვს

ცხვირ–ტუჩის ნაოჭი არის ხაზი სახეზე, რომელიც ცხვირის ფრთიდან პირის კუთხემდე გაჭიმულია. ის ყველას ბავშვობიდან აქვს და განსაკუთრებით შესამჩნევია, როცა ვიღიმით. ასაკის მატებასთან ერთად ეს ხაზი ღრმავდება და თვალსაჩინო ხდება მაშინაც, როცა სახე მოდუნებულია. ეს ნაოჭები ხშირი ღიმილის მაჩვენებელია, მაგრამ მისი მოშორება მაინც გვსურს.

რა თქმა უნდა, სპეციალისტს შეგიძლიათ მიმართოთ. ახლა იმდენი სხვადასხვა პროცედურა არსებობს, რომ თვალები გაგვირბის. მათი მომსახურების მიღება ყველა არ შეუძლია. იაფი ინექციის შედეგი ხშირად სამწუხაროა. იმედი არ გაიცრუოთ, Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ მარტივ მეთოდებს, როგორ მოიშოროთ ნაოჭები დამოუკიდებლად სახლის პირობებში.

როგორ მოვიშოროთ ცხვირ–ტუჩის ნაოჭები სახლში

სახის ვარჯიში

ფეისბილდინგი რეინჰოლდ ბენცმა, გერმანელმა პლასტიკურმა ქირურგმა გამოიგონა. მარტივი ვარჯიშების დახმარებით სახის მიმიკური კუნთები ძლიერდება და ტონუსი იზრდება. დღეში 10-15 წუთი საკმარისია, რომ ახალგაზრდობა გაიხანგრძლივოთ. ამ ვარჯიშების ნაკრები პირის გარშემო ზონაზეა მიმართული.

1. ტუჩებით მილის ფორმა გააკეთეთ და ისე გაწელეთ, თითქოს ამბობთ „უუუ“–ს. ტუჩები საწყის პოზაში დააბრუნეთ. მოძრაობა 10-15-ჯერ გაიმეორეთ.

2. სარკის წინ დადექით და ხმოვანი ასოები მორიგეობით ჩამოთვალეთ. ყველა კუნთი ჩართეთ და მაქსიმალურად გამოკვეთეთ.

3. პირი ფართოდ გააღეთ, ტუჩებით კბილები დაფარეთ. ტუჩები მოამრგვალეთ და დაჭიმეთ, რამდენიმე წამით დაყოვნდით და მოდუნდით.

4. კბილები ერთმანეთს დააჭირეთ და 10 წამით მაქსიმალურად გაღიმება სცადეთ. კუნთები მოადუნეთ. 20-ჯერ გაიმეორეთ.

5. პირით ჰაერი შეაგროვეთ და ლოყები ძლიერ გაბერეთ. 10 წამით გააჩერეთ, შემდეგ ჰაერი თანდათან გამოუშვით. ახლა ჰაერი ერთი მხარიდან მეორეზე გადაიტანეთ, ლოყები მორიგეობით დაბერეთ. 10-15-ჯერ გაიმეორეთ.

სახის ვარჯიში ყოველდღე შეასრულეთ და მალე შეამჩნევთ, როგორ ქრება ნაოჭები. რაც უფრო ადრე დაიწყებთ, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ. მიზნის მიღწევის შემდეგ ვარჯიშების შესრულება არ შეწყვიტოთ.

ნიღაბი ცხვირ–ტუჩის ნაოჭის წინააღმდეგ

თავის მოვლის ხალხური საშუალებები საკმაოდ ეფექტურია, ამიტომ მის გამოყენებას გირჩევთ. შინაურული ნიღაბი მოამზადეთ, რომელიც მიმიკურ ნაოჭებს შეამცირებს. სამი–სამის შემდეგ სქემით გამოიყენეთ, რომ კანმა დასვენება შეძლოს.

ქვაბში 15 დაფნის ფოთოლი ჩაყარეთ და 30 მლ ცხელი წყალი დაასხით. მიღებული ნახარში გაწურეთ და გაგრილება აცადეთ.

ცალკე თასში 3 კვერცხის ცილა ათქვიფეთ, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და 1 ს/კ დაფნის ნახარში, 10 გრ გამომწვარი შაბი დაუმატეთ. ამ საშუალებით მარლა გაჟღინთეთ და ნაოჭებზე დაიდეთ. პლასტირით დააფიქსირეთ, რომ ნიღაბი არ მოგშორდეთ. 40-50 წუთში მოიშორეთ.

სიცივის ზემოქმედება

ნაოჭებს სტრესული თერაპია რომ მოუწყოთ, დაგჭირდებათ ვაფლის პირსახოცი და 1 ჭიქა ყინულიანი წყალი. ნაჭერი წყალში დაასველეთ და ნაოჭებზე გადაიტარეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ პირსახოცი მუდმივად ცივი იყოს. თითოეული ნაოჭი მინიმუმ 50-ჯერ გაიწმინდეთ.

უფრო მარტივი მეთოდი: ყინული რბილ პირსახოცში გაახვიეთ და ნაოჭებზე გადაიტარეთ. თითოეულ ნაოჭს 15-20 წამი დაუთმეთ. სჯობს დაწოლილმა გააკეთოთ და სახის კუნთები სრულად მოადუნოთ.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ყველა მეთოდი კომპლექსურად გამოიყენეთ. ამასთან კანის ძირითადი მოვლა არ დაგავიწყდეთ. სახეს დიდი ყურადღება დაუთმეთ და დროის მოტყუებას შეძლებთ.

Advertisement