ყვავილები
კიტრის საუკეთესო ჯიშები ნაკვეთზე დასათესად
კიტრის მოსავალზე ბევრი ფაქტორი გავლენას ახდენს. მაგალითად: თესლის ხარისხი, ამინდის პირობები, მორწყვა, გამოკვება, თესლბრუნვა, მეზობლები, კიტრის სახეობა. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რომელი კიტრი შეიძინოთ, თუ მის დარგვას გარეთ, ბოსტანში აპირებთ.
სწორად შესარჩევად უნდა იცოდეთ, თუ რისთვის და როდის გჭირდებათ კიტრი. მაგალითად, ზოგიერთი სახეობა დასამწნილებლად გამოგადგებათ, ზოგი ახალ სალათში დასამატებლად. ზოგი სახეობა მოსავალს ადრე იძლევა, ზოგი გვიან. ამ საკითხების გარკვევის შემდეგ კიტრის სახეობის შერჩევა გაგიმარტივდებათ.
ნაადრევი ჯიშები ადვილად ავადდება, გვიანდელ ჯიშს ნაყოფიერების დიდი პერიოდი აქვს. სალათის კიტრს თხელი ქერქი აქვს და უფრო წვნიანია, მაგრამ მწნილისთვის არ გამოგადგებათ. მწნილის კიტრი ღია გრუტზე თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მსხვილი ნაყოფი არ აქვს. ფუტკრით დამტვერილ კიტრს კარგი არომატი და გემო აქვს, მაგრამ ყვავილობის პერიოდზეა დამოკიდებული. თვითდამტვერვადი სახეობა ამინდზე დამოკიდებული არაა, ამასთან სიმწარე არ დაკრავს, არ ყვითლდება და კარგად ინახება.
- „აპრილის F1” – ნაადრევი ჯიში (40-45 დღე). ღია გრუნტზე ან სათბურში კარგ მოსავალს იძლევა. მსხვილი ნაყოფი აქვს – 200-250 გრამი წონა და 25 სმ–მდე სიგრძე. სიმწარე არ დაკრავს, მომთხოვნი არაა, დაბალ ტემპერატურას ადვილად იტანს.
- „გერმან F1” – ულტრა ნაადრევი ჯიში (35-40 დღე). თვითდამტვერვადი ჰიბრიდი. მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა. ივნისის დასაწყისიდან შუა სექტემბრამდე მოსავალს იძლევა. მწნილისთვის იდეალურია. სიცივის მიმართ მგრძნობიარეა, შეიძლება ჟანგით დაინფიცირდეს.
- „კურაჟი F1” – ნაადრევი, თვითდამტვერვადი ჯიში. 38-ე დღეს პირველი მოსავალი შეგიძლიათ აიღოთ. მწიფე კიტრს ბევრი ხორკლი აქვს. დასაკონსერვებლად გამოგადგებათ. შეუდარებელი გემო აქვს, მაგრამ შეიძლება მწარე გემო დაკრავდეს, თუ სათანადოდ არ მორწყავთ. როგორც თესლის შეფუთვაზე წერია, 1 მ²–ზე 16 კგ კიტრი შეგიძლიათ აიღოთ.
- „ტარაკონოვსკი F1” – ღია ნაკვეთზე, სათბურში ან აივანზე შეგიძლიათ გაზარდოთ. 18-20 სმ სიგრძის ნაყოფი გამოდის. კიტრს მუქი მწვანე ფერი და ღია ზოლები აქვს. იშვიათად ხორკლიანია და თეთრი წვეტები აქვს. გემოს და მოსავლიანობის მიხედვით ლიდერია. სასიამოვნო არომატი აქვს, ხრაშუნა და გემრიელია. ახალ სალათში ან მწნილში შეგიძლიათ გამოიყენოთ.
- „როდნიჩოკ F1” – საშუალო სიმწიფის ჯიში (48-55 დღე). ფუტკრით იმტვერება. დაავადებების მიმართ გამძლეა. მწარე გემო არ აქვს, მწნილისთვის იდეალურია. ძლიერი ფესვების სისტემა აქვს, რომლის ხარჯზე ნებისმიერ პირობაში ადვილად ცოცხლობს.
- „კონკურენტი“ – ხრაშუნა ჯიში. ფუტკრით იმტვერება. ნაყოფის სიგრძე 9-12 სმ, წონა 70-120 გრ. ნაცროვანი სოკოს და ბაქტერიოზის მიმართ გამძლეა. 1 მ² 3-6 კგ კიტრს აიღებთ. წვნიანი კიტრია, მოტკბო გემო აქვს. სალათის და მწნილისთვის გამოგადგებათ.
F1 – კიტრის სახეობების უმეტესობას ეს ნიშანი აქვს, რაც ნიშნავს, რომ ჰიბრიდია, ორი სახეობის შეჯვარებით მიღებული. ორივე კიტრიდან საუკეთესო თვისებები აქვს აღებული, სწრაფად იზრდება, უამინდობას ადვილად იტანს, კარგ მოსავალს იძლევა. ასეთი თესლის შეძენა უფრო ძვირი დაგიჯდებათ, თან მის თესლს კიტრის გასაზრდელად ვერ გამოიყენებთ.