Connect with us

თავის მოვლა

10 ნატურალური დამატენიანებელი საშუალება სახის კანისთვის

ადამიანის ორგანიზმი სითხის გარეშე სწორად ვერ მუშაობს, სწორედ ამიტომ კანს კარგად დატენიანება სჭირდება. ამ მიზნით შეგიძლიათ მაღაზიაში ნაყიდი ან შინაურული კოსმეტიკა გამოიყენოთ.

თანამედროვე სამყაროში, სადაც ცხოვრების ტემპი აჩქარებულია, ხოლო წყლის ხარისხი და ეკოლოგია საუკეთესოს სურვილს გვიტოვებს, სულ უფრო მეტი ადამიანი ნატურალურ კოსმეტიკაზე გადადის, რადგან ბრენდულ და სალონურ პროცედურებში იმედი გაუცრუვდათ. Alltime.ge-ს რედაქცია წლების მიერ გამოცდილ და ეფექტურ რამდენიმე შინაურულ დამატენიანებელს გთავაზობთ.

ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი სახის კანის მოსავლელად საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. ძირითადად, ლინოლეუმის მჟავის შემცველობით, რომელიც ბარიერს ქმნის და სითხეს აკავებს. მასში ბევრი E ვიტამინიც გვხდება, რომელიც კოლაგენზე უარყოფითად მოქმედ თავისუფალ რადიკალებს ანადგურებს. გამოყენების წესი: სახეზე 30 წუთით გაიჩერეთ, წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა ყოველდღე შეგიძლიათ გამოიყენოთ.

კაკაოს ზეთი

კაკაოს ანტიოქსიდანტები ულტრაიისფერ სხივებს ანეიტრალებს, კანს გამოშრობისა და აქერცვლისგან იცავს, მიკრობზარებს ავსებს. გირჩევთ, ჯერ ხელით შეათბოთ და შემდეგ სახეზე წაისვათ. ასე ეფექტი გაძლიერდება. გამოყენების წესი: სუფთა და მშრალ სახეზე კაკაოს ზეთი მასაჟურად შეიზილეთ. მთელი ღამე გაიჩერეთ, დილით წყლით ჩამოიბანეთ. შედეგს 2 კვირაში დაინახავთ, თუ ყოველდღე გამოიყენებთ.

ქოქოსის ზეთი

აუცილებელი ნივთი თქვენს კოსმეტიკაში! მისი ცხიმოვანი მჟავები კანში სითხეს აკავებს და ელასტიურს ხდის. კანი მკვებავი ნივთიერებებით გაივსება. ყველა ტიპის კანს უხდება. გამოყენების წესი: ზეთი მიკროტალღურ ღუმელში ოდნავ შეათბეთ. ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ.

შის კარაქი

შის კარაქი თავის მაღალ ფასს ამართლებს. შის კარაქი ცხიმოვანი მჟავებით, E და A ვიტამინებით, ასევე სხვა მიკროელემენტებით მდიდარია. აფრიკელი ქალების მოვლის რუტინაში შის კარაქი აუცილებლად ფიგურირებს. მას დერმატიტის, მზის დამწვრობის და ეგზემის სამკურნალოდაც იყენებენ. გამოყენების წესი: ხელით შეათბეთ და კანზე წაისვით. თუ მშრალი კანი გაქვთ, შეგიძლიათ ყოველდღე გამოიყენოთ. თუ ცხიმიანი, კვირაში ერთხელ, როგორც ნიღაბი.

თაფლი

თაფლი არა მხოლოდ სურდოს და გაციების დროს, არამედ კანის მოსავლელადაც გამოგადგებათ. დამატენიანებელი ნიღბის მოსამზადებლად რძე და თაფლი (1:1) აურიეთ. სახეზე წაისვით, 10 წუთში წყლით ჩამოიბანეთ. თუ მშრალი კანი გაქვთ, ნახევარი საათი შეგიძლიათ გაიჩეროთ. პროცედურა კვირაში რამდენჯერმე გაიმეორეთ. ასე კანი კარგად დატენიანდება და გამოცოცხლდება.

ბანანი

მწიფე ბანანი შინაურულ კოსმეტოლოგიაში შეუცვლელია. ბანანში შემავალი ვიტამინები და ანტიოქსიდანტები კანის ასაკობრივ ცვლილებებს ებრძვის. გამოყენების წესი: ბანანის პიურე კანზე წაისვით და 30 წუთში ჩამოიბანეთ. ბანანის ნიღაბს კოვზი თაფლი შეგიძლიათ დაუმატოთ.

ნაღები

ნაღები არა მხოლოდ ყავის და სოუსის, არამედ შინაურული დამატენიანებელი საშუალების მოსამზადებლად გამოგადგებათ. ნებისმიერი ტიპის კანს უხდება. გამოყენების წესი: ნაღები სუფთა და მშრალ კანზე წაისვით და ნახევარ საათში წყლით ჩამოიბანეთ. აუცილებლად შინაურული ნაღები, დანამატების და კონსერვანტების გარეშე, გამოიყენეთ.

ავოკადო

ბევრმა იცის, რომ ავოკადო ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და რაციონში სულ უფრო ხშირად რთავენ. ავოკადო სახის კანსაც უხდება. მისი ვიტამინები თავისუფალ რადიკალებს ებრძვის და დამცავ თვისებებს აძლიერებს. გამოყენების წესი: ავოკადოს ქერქი და კურკა მოაშორეთ, რბილობი დაჭყლიტეთ და სუფრა კანზე წაისვით. 15 წუთში წყლით ჩამოიბანეთ. ყოველდღე ან კვირაში ერთხელ კანის ტიპიდან გამომდინარე შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ალოე ვერა

ალოე ვერა შინაურულ კოსმეტოლოგიაში დიდი ხანია გამოიყენება და მისი სარგებლის შესახებ თითქმის ყველამ იცის. გამოყენების წესი: ფოთოლი შუაზე გაჭერით, გელი კანზე 10 წუთით წაისვით. პროცედურა კვირაში რამდენჯერმე გაიმეორეთ. ალოე და ქოქოსის ზეთი ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამისთვის, კარგად ათქვიფეთ და ნარევი მაცივარში კარგად დახურულ ქილაში შეინახეთ.

გლიცერინი

ეფექტური და წლების მიერ გამოცდილი გლიცერინი კანს ტენიანობის შენარჩუნებაში ეხმარება. გამოყენების წესი: გლიცერინი და ვარდის წყალი (1:1) აურიეთ და სუფთა კანზე წაისვით. პროცედურა ძილის წინ ჩაიტარეთ. ყოველდღე შეგიძლიათ გამოიყენოთ.

კანის მდგომარეობაზე ბევრი ფაქტორი გავლენას ახდენს, მათ შორისაა მავნე ჩვევები, არასწორი კვება, სტრესი, ვარჯიში. კანს მოუსმინეთ და მიხვდებით, თუ როგორი მოვლა სჭირდება.