Connect with us

თავის მოვლა

კვერცხი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ და აღსადგენად

გაზვიადების გარეშე თმა ჩვენი სიმდიდრეა. ბევრ ჩვენგანს აწუხებს კითხვა, თუ როგორ შევინარჩუნოთ თმის ჯანმრთელობა. აღმოჩნდა, რომ ამ მიზნით კვერცხი შესანიშნავი საშუალებაა. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რა დადებით გავლენას ახდენს კვერცხი თმაზე, როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ მარტივი, მაგრამ ეფექტური კვერცხის ნიღბები თმისთვის.

ჯანმრთელი, სქელი თმა ხშირად აუხდენელ ოცნებად რჩება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ვერ უმკლავდებით ისეთ პრობლემებს, როგორიცაა თმის ცვენა და მტვრევა. იცით თუ არა, რომ ამ პრობლემების მოგვარება კვერცხს შეუძლია.

კვერცხი არა მხოლოდ თმის ცვენას აფერხებს, არამედ პრევენციისთვის შესანიშნავი პროდუქტია. გარდა ამისა, თმის ზრდას ხელს უწყობს.

კვერცხი ცილებით, მინერალებით და B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარია. თითოეული მათგანი თმის კვებისთვის აუცილებელია. ეს ნივთიერებები, განსაკუთრებით ბიოტინი და B ჯგუფის ვიტამინები თმის ძირებს აძლიერებენ, მის ზრდას სტიმულირებენ და თმას მოცულობას ანიჭებენ.

კვერცხში შემავალი ცილები თმას აძლიერებენ, ცხიმები თმის სტრუქტურას აუმჯობესებენ.

კვერცხი და მისი სარგებელი თმისთვის

1. თმის ზრდას ხელს უწყობს

კვერცხი მდიდარია პროტეინებით და მკვებავი ნივთიერებებით, რომლებიც თმის ზრდას სტიმულირებენ და მის მდგომარეობას აუმჯობესებენ.

2. თმის ცვენას აფერხებს

კვერცხში შემავალი სასარგებლო ნივთიერება სკალპის კვებას აუმჯობესებს და ამით თმის ძირებს აძლიერებს.

3. თმის ელასტიურობას ზრდის

ტენიანობის ნაკლებობა თმას აშრობს და მტვრევადს ხდის. კვერცხის გული შეიცავს ბევრ ლეციტინს, რომელიც თმას სითხით ამდიდრებს და მის ელასტიურობას ზრდის. თმა ნაზი და დამჯერი ხდება.

4. თმის მტვრევადობას აფერხებს

კვერცხის გულში შემავალი ლეციტინი თმის მტვრევადობას და გაყოფილ ბოლოებს წარმატებით ებრძვის, თმის სტრუქტურას აუმჯობესებს და მის ბუნებრივ დაცვას აღადგენს.

5. თმას ბზინვარებას ანიჭებს

კვერცხის ცილაში შემავალი პროტეინები თმას კვებავს და ჯანსაღ ბზინვარებას ანიჭებს.

6. თმის სტრუქტურას აღადგენს

თმა 70% პროტეინისგან შედგება. კვერცხში შემავალი პროტეინი კერატინის მარაგს ავსებს და თმის სტრუქტურას აღადგენს. მის დაზიანებას აფერხებს.

კვერცხის რომელი ნაწილია თმისთვის უფრო ღირებული

ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას თმის ტიპი უნდა გავითვალისწინოთ. ცხიმიან თმაზე უპირატესობა კვერცხის ცილას ენიჭება, ხოლო მშრალ თმაზე კვერცხის გულს.

კვერცხის ცილა თმისთვის

კვერცხის ცილა პროტეინების მდიდარი წყაროა. ასევე შეიცავს B2 და PP ვიტამინს (ნიკოტინის მჟავა), მინერალურ ნივთიერებებს, როგორიცაა მაგნიუმი, კალიუმი და ნატრიუმი. თითოეული თმის ზრდას ხელს უწყობს. კვერცხის ცილა ცხიმის წარმოებას აკონტროლებს და თმას კვებავს. თუმცა თმის მოსავლელად და მისი სტრუქტურის აღსადგენად არც ისე კარგია.

კვერცხის გული თმისთვის

კვერცხის გული შეიცავს პროტეინებს, მაგრამ არა იმდენს, რამდენსაც კვერცხის ცილა. გარდა ამისა, კვერცხის გული B ჯგუფის ვიტამინების და ფოლიუმის მჟავის მდიდარი წყაროა. ის თმის კვებას უზრუნველყოფს. კვერცხის გულში შემავალი ცხიმები თმის სტრუქტურას აუმჯობესებენ.

მთელი კვერცხი თმისთვის

მთელი კვერცხის გამოყენებით კომბინირებულ ეფექტს მიიღებთ. მთელი კვერცხი ნორმალური და კომბინირებული ტიპის თმისთვის იდეალურია.

თმის ნიღაბი კვერცხით

ინგრედიენტები:

  • 1–2 კვერცხი (რაოდენობა თმის სიგრძეზეა დამოკიდებული)
  • ნებისმიერი მცენარეული ზეთი (მაქსიმუმ 1 ს/კ, სჯობს ზეითუნის ზეთი გამოიყენოთ)

პროცედურის ხანგრძლივობა – 15-20 წუთი

მომზადება და გამოყენება:

  1. კვერცხი მცენარეულ ზეთთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
  2. მიღებულ მასა თმაზე წაისვით. ეფექტის გასაძლიერებლად საშხაპე ქუდი დაიხურეთ.
  3. 15-20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ცხელი წყალი არ გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვერცხის სუნი დაგრჩებათ, რომლის მოშორებაც გაგიჭირდებათ.

კვერცხის ნიღაბი კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ გამოიყენეთ.

უმი კვერცხის თმაზე წასმა მიმზიდველად არ გამოიყურება, მაგრამ დარწმუნდებით, რომ ამის გაკეთება ღირს. კვერცხის ნიღაბს დიდი სამკურნალო პოტენციალი აქვს. ის თმას სიჯანსაღეს უბრუნებს და მისი სილამაზის შენარჩუნებას ხელს უწყობს.