Connect with us

ყვავილები

რატომ რგავენ გამოცდილი მებაღეები ხავერდას ბოსტნის კვლებში

ხავერდა ლანდშაფტურ დიზაინში ფართოდ ცნობილია. უპრეტენზიო მოვლისა და გრძელვადიანი ყვავილობის გამო ბევრი მებაღის გული უკვე დიდი ხანია მოიგო. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ და როგორ უნდა დარგოთ ხავერდა სწორედ ბოსტანში.

ხავერდა საკმაოდ დიდხანს ყვავილობს, ამის გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია. რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელი ნატურალური ინსექტიციდია (მწერების საწინააღმდეგო საშუალება), რის გამოც მასთან მეზობლობა ბევრი კულტურისთვის ხელსაყრელია.

სად დავრგოთ ხავერდა

ხავერდას სურნელი ხახვის და სტაფილოს ბუზს ეფექტურად აფრთხობს. გამოცდილი მებაღეები მოსავლის დასაცავად გირჩევენ, ხახვის ან სტაფილოს კვლებს შორის ხავერდა დარგოთ.

ხავერდა კომბოსტოს პეპლებს და თეთრულასაც თავიდან მოგაშორებთ. მოსავალი მუხლუხოებისგან რომ დაიცვათ, ხავერდას ყვავილები კომბოსტოს რიგებს შორის დარგეთ.

ბოსტნის კვლებში ხავერდას დარგვით ხოჭოებსაც შეებრძოლებით. კომბოსტოს, ბოლოკის, თალგამის და დაიკონის კულტურები ხელუხლებელი დარჩება.

რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელი კარტოფილს კოლორადოს ხოჭოსგან დაიცავს. ამ შემთხვევაში შერეული დარგვა გამოგადგებათ.

ამ ყვავილის დახმარებით ბაღის მარწყვს ცხვირგრძელასგან დაიცავთ. მავნებლის მოსაშორებლად ადრე გაზაფხულზე მარწყვის ბუჩქებს შორის ხავერდას რგავენ.

ხურტკმელის და მოცხარის ბუჩქების გარშემო დარგული ხავერდა მცენარეებს ალისებრი პეპლებისგან დაიცავს.

ხავერდას სარგებელი მიწისთვის

ყველა შესაძლო მავნებელთან ბრძოლის გარდა, ხავერდა ცნობილია, როგორც ეფექტური მწვანე სასუქი. მცენარე თავისი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით ცნობილია. მას ნემატოდების საწინააღმდეგოდ, ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად იყენებენ. ხავერდას ფოჩები შეგიძლიათ კომპოსტს დაუმატოთ. ის კომპოსტს მკვებავი ნივთიერებებით ამდიდრებს და პათოგენებს ანადგურებს.

ამრიგად, უპრეტენზიო კაშკაშა მცენარე არა მხოლოდ ნაკვეთს დაამშვენებს, არამედ ძლიერი და ჯანმრთელი მოსავლის მისაღებად ყველა საჭირო პირობას შექმნის.