Connect with us

სახლი და დიზაინი

როგორ გავწმინდოთ ლეიბი სახლის პირობებში, სპეციალური ქიმიური საშუალებების გარეშე

თუ ადამიანს საკმარისად ძინავს, თავს კარგად გრძნობს და მეტად შრომისუნარიანია. სწორედ ამიტომ, კარგი და გამძლე ლეიბი ცხოვრების ხარისხზე ძლიერ გავლენას ახდენს. როცა იდეალური ვარიანტი უკვე შეარჩიეთ და იყიდეთ, მის სისუფთავეზე უნდა იზრუნოთ. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ ლეიბი სახლის პირობებში.

საძინებელ ოთახში სისუფთავის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლეიბის კარგი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, არამედ თქვენი ჯანმრთელობისთვის. ძველი, ჭუჭყიანი ლეიბი ალერგიული ხალხისთვის განსაკუთრებით საზიანოა.

ლეიბების წმენდა სახლის პირობებში

სანამ ლეიბის მთელ ზედაპირზე ნებისმიერ შინაურულ საშუალებას გამოიყენებთ, პატარა ნაწილზე გამოცადეთ.

ხელით რეცხვა

თუ თქვენი ლეიბისთვის რეცხვა ნებადართულია, გირჩევთ წმენდის ეს მეთოდი სცადოთ.

  1. ლეიბი აბაზანაში ჩადეთ, წყალს სარეცხი საშუალება დაუმატეთ და ამაში ლეიბი ჩაალბეთ. 20 წუთით გააჩერეთ.
  2. ჭუჭყიანი წყალი გადაღვარეთ და აბაზანა საპნიანი წყლით გაავსეთ.
  3. ხელებით კარგად დატკეპნეთ, შემდეგ სუფთა წყალი რამდენჯერმე გაავლეთ, სანამ წყალი გამჭვირვალე არ გახდება.

ძმარი

ძმარი სხვადასხვა წარმოშობის ლაქების მოსაშორებლად შესანიშნავი საშუალებაა.

  1. სპრეი ბოთლში 0,5 ლ თბილი წყალი და 0,5 ჩ/კ ძმარი ჩაასხით.
  2. მიღებული ხსნარით ლეიბი მთელ ზედაპირზე დანამეთ. უხეში ღრუბლით ან ჯაგრისით გაწმინდეთ.
  3. ზუსტად 1 საათით გააჩერეთ, რომ ერთი მხარე გაშრეს. შემდეგ იგივე პროცედურა ლეიბის მეორე მხარეს შეასრულეთ.

სოდა და წყალბადის ზეჟანგი

  1. დაჭუჭყიანებულ ადგილზე საკვები სოდა მოაყარეთ.
  2. სპრეი ბოთლში 200 მლ წყალი და 100 მლ წყალბადის ზეჟანგი ჩაასხით.
  3. კარგად შეანჟღრიეთ და ლეიბი დანამეთ. ზედაპირზე 1–2 საათით გააჩერეთ.
  4. საშუალების ნარჩენები ჩვრით ან ქაღალდის პირსახოცით მოაშორეთ, თავად ლეიბი კარგად გააშრეთ.

ლიმონის მჟავა

მისი დახმარებით არა ცალკეულ ჭუჭყს გაუმკლავდებით, არამედ მთელ ლეიბს გაათეთრებთ.

  1. 1 ლ წყალი 1 ჩ/კ ლიმონის მჟავას აურიეთ.
  2. მიღებული ხსნარი ლეიბის მთელ ზედაპირს წაუსვით. განსაკუთრებული ყურადღება ნაკერებს და ჩაღრმავებებს მიაქციეთ.
  3. ჯაგრისით ან ღრუბლით კარგად გაწმინდეთ, შემდეგ გააშრეთ.

როგორ გავაშროთ ლეიბი

მზიან და მცხუნვარე ამინდში სჯობს ქუჩაში გაიტანოთ. წინასწარ ზედმეტი სითხე პირსახოცის ან სველი წმენდის მტვერსასრუტით მოაშორეთ. ლეიბის ქვეშ პარკის დაფენა არ დაგავიწყდეთ.

თუ ქუჩაში ლეიბის გაშრობას ვერ ახერხებთ, შენობაში ჰაერის ცირკულაცია მოაწესრიგეთ. ლეიბი გვერდულად დადეთ და ოდნავ კედელს მიადეთ, რომ ორივე მხრიდან დაუბეროს. ოთახში შეგიძლიათ ვენტილატორი ჩართოთ, რომ ჰაერის მოძრაობა გააძლიეროთ.

ლეიბიდან ტენიანობის მოსაშორებლად შეგიძლიათ კატის ყუთის შემავსებლები გამოიყენოთ. ლეიბის ზედაპირს მოაყარეთ, პირსახოცი დააფარეთ და ზემოდან დააწექით. 2 საათით გააჩერეთ, შემდეგ მტვერსასრუტით გადაწმინდეთ.

როგორც ხედავთ, ლეიბის გაწმენდას ქიმწმენდის გარეშეც შეძლებთ. ამისთვის სპეციალური სარეცხი საშუალებების შეძენაც არაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, უმეტესობა მათგანი სახლში გაქვთ.