ყვავილები
რატომ ვსახლდები კლუმბში აპრილის თვეში
აპრილში ფლორისტების ამოცანები შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ: ნაკვეთზე მუშაობა და სახლში ან სათბურში ნერგებზე ზრუნვა. რომელი ყვავილები დავრგოთ აპრილში, რომელი გამოვკვებოთ და რა ვუყოთ ნერგებს? ამ ყველაფერს Alltime-ის სტატიიდან გაიგებთ.
რომელი ყვავილები დავრგოთ აპრილში
ნაკვეთზე მუშაობა
1. როგორც ბოსტანში, ასევე ბაღში მუშაობა ნაგვის და მცენარეული ნარჩენების შეგროვებით იწყება.
2. ამის შემდეგ მრავალწლიან მცენარეებზე უნდა იზრუნოთ. როგორც კი მზე დათბება, მცენარეებს პარკები მოაშორეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დალპება. ლაპნიკი (წიწვოვანი ხეების ტოტები) შეგიძლიათ დატოვოთ. მისი დახმარებით ყვავილებს კაშკაშა მზეზე დამწვრობისგან და ღამით გაყინვისგან დაიცავთ.
გათავისუფლებული კატაბარდა საყრდენებზე დაამაგრეთ. ზამბახის და ფურისულას შიშველ ფესვებს ფხვიერი მიწა მოაყარეთ. ძველი ასტილბა, დეზურა და ფლოქსი აპრილში ამოთხარეთ, რომ ბუჩქების დაყოფით გაამრავლოთ.
3. აპრილში, სასურველია, გაზაფხულის მთავარი ყვავილები გამოკვებოთ – ნაადრევი ტიტები და ნარგიზები.
ზრდის დასაწყისში აზოტი განსაკუთრებულად სჭირდებათ. როგორც კი, თოვლი გადნება და მიწა ოდნავ გამოშრება, მშრალი სასუქი მოაყარეთ (ამონიუმის ნიტრატი, სუპერფოსფატი, კალიუმის მარილი 2:2:1 პროპორციით): 50 გრ ერთ კვდარტულ მეტრზე, შემდეგ მორწყეთ.
როცა ტიტები 7-10 სმ სიმაღლეს მიაღწევს, ამონიუმის ნიტრატით და სუპერფოსფატით გამოკვებეთ. ერთ კვადრატულ მეტრზე 30-40 გრ ამონიუმის ნიტრატი და 20-30 გრ სუპერფოსფატი დაგჭირდებათ, რომლებიც 10 ლ წყალში უნდა გააზავოთ.
ვარდების მოვლა
4. ცალკე შევჩერდებით ვარდების მოვლაზე. გამოცდილი მებაღეები ირწმუნებიან, რომ აჩქარება და მთელი საფარის ერთი ხელის მოსმით მოშორება არ ღირს. ვარდები თანდათან გახსენით. თავიდან ერთი ფენა მოაშორეთ, რომ მცენარემ ნელ–ნელა ადაპტირება შეძლოს.
თუ თავიდანვე მხოლოდ ერთი ფენით იყო დაფარული, მაშინ ჯერ მცირე ნახვრეტები გააკეთეთ ვენტილაციისა და ჭარბი ტენიანობის გამოსაშრობად. ასეთი საფარის ქვეშ ვარდი აპრილის ბოლომდე მშვიდად გაძლებს.
5. აპრილის ბოლოს შეგიძლიათ ბოლქვიანი მცენარეები დარგოთ: გლადიოლუსი და შროშანები. დარგვამდე ბოლქვები ფურცლებისგან აუცილებლად გაასუფთავეთ. ასევე ზრდის მასტიმულირებელი საშუალებით დაამუშავეთ. მცენარე მხოლოდ მაშინ დარგეთ, როცა ტემპერატურა 10 გრადუსამდე გაიზრდება და მიწის ზედა ფენები დათბება.
6. გაზაფხულის მეორე თვე კარგი დროა, რომ კლუმბების გაფორმებაზე დაფიქრდეთ. აუცილებელია: ადგილის შერჩევა, მომავალი კონსტრუქციის ფორმის განსაზღვრა, ადგილის მონიშვნა, ქვების ლამაზად დალაგება, ადგილის მიწით ამოვსება და მცენარეების დასარგავად მომზადება.
7. თოვლის დნობის შემდეგ გამოზამთრებული გაზონი მცენარეული ნარჩენებით დაფარულია და ლამაზად არ გამოიყურება. პირველ რიგში, მიწის ფენაში ჰაერის ცვლა აღადგინეთ. ამისთვის ორი პროცედურა ტარდება: ვერტიკულაცია (გაზონის ზედაპირის დაჩხვლეტა ფიწალით) და სკარიფიკაცია (ფოცხით გაფხვიერება). დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკის ზომები, სასუქის მიწოდება და გაზონის მულჩირება მშრალი ქვიშით კარგი იქნება.
ნერგებზე ზრუნვა სახლში
8. აპრილი ბოლო თვეა, როცა ზრდის მოკლე პერიოდის მქონე ყვავილების დათესვა შეგიძლიათ. ამის წყალობით, ადრე და დიდხანს ყვავილობას შეძლებენ.
ამ ჯგუფს მიეკუთვნება ერთწლიანი ასტრა და გეორგინა, ხავერდა, ჯიჯლაყა, გულყვითელა, კოსმეა, დედოფლის ყვავილი, რუდბეკია და სხვა.
9. აპრილში შეგიძლიათ მოასწროთ მარტის ყვავილების დათესვაც: ალისუმი, სამფერა ია, პეტუნია და დეზურა. ისინი ცოტა გვიან ყვავილობენ, სამაგიეროდ ზემოთ ნაადრევად არ ამოიწვერებიან.
10. ახალი სეზონის დაწყებისას ოთახის მცენარეებსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. უმეტესობა მათგანი აპრილის მზის თბილი სხივების ქვეშ მშვიდი ფაზიდან გამოდიან და ზრდისთვის ემზადებიან.
მწვანე ცხოველმა სწრაფი ზრდით და მეგობრული ყვავილობით მადლობა რომ გადაგიხადოთ, უფრო ფართო ქოთანში გადარგეთ. ასეთი პროცედურა ახალგაზრდა მცენარეს განსაკუთრებით სჭირდება. ზრდასრულ ოთახის მცენარეებს, რომლებმაც თავის ზღვარს უკვე მიაღწიეს და აღარ იზრდებიან, ყოველწლიური გადარგვა არ სჭირდებათ. საკმარისია, ზედა გამოფიტული მიწის ფენა გამოუცვალოთ.
აი, რამდენი საქმე გელოდებათ აპრილში! ბედნიერ სეზონს და მწვანე მეგობრების კაშკაშა ყვავილობას გისურვებთ!