Connect with us

ყვავილები

ზამთარში დაშვებული შეცდომა, რომლის შემდეგ ორქიდეას ვერ გადაარჩენთ

დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ იზრუნოთ ორქიდეაზე სახლის პირობებში ისე, რომ პრეტენზიული ლამაზმანი ზამთარში არ დაჭკნეს, არამედ დიდებულად აყვავილდეს. როგორი მშვენიერია, როცა გარეთ თოვლი და ყინვაა, ხოლო სახლში, ფანჯრის რაფაზე ნამდვილი აყვავებული ბაღი გაქვთ.

საკუთარ ოთახში ასეთ სილამაზეს უარს არავინ იტყვის. ორქიდეა ძალიან მომთხოვნია, განსაკუთრებით ცივ ამინდში, ამიტომ სახლში მისი გაზრდა რთულია. სუსტი და ნაზი ყვავილები გაზაფხულამდე ჭკნობას ასწრებს. როგორ დავიცვათ ნაზი ორქიდეა?

როგორ ვიზრუნოთ ორქიდეაზე სახლის პირობებში

ორქიდეა ნამდვილად ჭირვეულია, ამიტომ უბრალოდ სახლში მოტანა და მისით ტკბობა არ გამოგივათ. სწორი მოვლის და სათანადო ყურადღების გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს.

ორქიდეას შესაგუებლად და კარგი განწყობისთვის მრავალი ფაქტორი სჭირდება. მორწყვა, განათება, მიწის შემადგენლობა, ტემპერატურა, ჰაერის მოძრაობა, ტენიანობა – ყველაფერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გამოკვებაც არ უნდა დაგავიწყდეთ. თუ ამ ყველაფრის გასათვალისწინებლად მზად არ ხართ, სჯობს არჩევანი ნაკლებად პრეტენზიულ მცენარეზე გააკეთოთ.

საინტერესოა, რომ ველურ ბუნებაში ორქიდეა ძალიან გამძლეა. ყველა კონტინენტზე გვხდება, ანტარქტიდის გარდა. ავსტრალიაში ორქიდეების ადგილობრივი სახეობები მიწისქვეშაც თავს კარგად გრძნობს.

როცა საქმე ოთახის ორქიდეას ეხება, დამდგარმა ჰაერმა, ორპირმა ქარმა და ზედმეტმა სიმშრალემ შეიძლება დაღუპოს. უხარისხო ონკანის წყლით ორქიდეების მორწყვა რეკომენდებული არაა. იდეალურია, თუ სარწყავად წვიმის წყალს გამოიყენებთ. თან სასურველია წვიმის წყალი ქალაქგარეთ შეაგროვოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ორქიდეას ფესვები ფოტოსინთეზში მონაწილეობენ. სწორედ ამიტომ, მისი ქოთანი გამჭვირვალე უნდა იყოს, ასევე ჰაერის გასატარებლად ხვრელები უნდა ჰქონდეს, ფესვებმა სუნთქვა უნდა შეძლოს.

შენობაში ჰაერიც შესაბამისი უნდა იყოს. ბინაში ყოფნა ზამთარში განსაკუთრებით აუტანელი ხდება. გათბობის და დახურული ფანჯრების გამო ჰაერი საკმაოდ მშრალი ხდება. შედეგად, მცენარე ჰაერიდან საჭირო ტენიანობას ვერ იღებს.

მშრალ ჰაერს ებრძოლეთ. მაგალითად, დანამეთ ან ქოთნის გვერდით წყლით სავსე კონტეინერი დადეთ. ასევე ხშირად მორწყეთ. გახსოვდეთ, რომ მშრალი ჰაერი მცენარეზე მავნებლების გაჩენას იწვევს.

როგორ მოვრწყათ ორქიდეა

ორქიდეა სჯობს ჩაყვინთვის მეთოდით მორწყათ. ამისთვის ქოთანს ქვემოთ ნახვრეტი უნდა ჰქონდეს. მოსარწყავად ქოთანი  2/3 წყალში 15-20 წუთით ჩადეთ. ამრიგად, ორქიდეა წყალს სვამს.

რამდენად ხშირად უნდა მოვრწყათ ორქიდეა? ყვავილი იმდენად პრეტენზიულია, რომ ამის შესახებ თავად შეგატყობინებთ. თუ ხედავთ, რომ მცენარის ჰაეროვანი ფესვები გაფერმკრთალდა და ოდნავ დანაოჭდა – დროა, მორწყათ.

ორქიდეა ორპირი ქარისგან დაიცავით. განსაკუთრებით სახიფათოა ზამთარში, როცა მფლობელი შენობას ანიავებს. ოდნავ გაღებული ფანჯარაც საკმარისია, რომ ფანჯრის რაფაზე თავმომწონე ორქიდეა გაიყინოს. ამ შეცდომას ზამთარში ბევრი მფლობელი უშვებს, რომლის შემდეგ ყვავილის გადარჩენა შეუძლებელია. გირჩევთ, ოთახის განიავებამდე ორქიდეა წინასწარ სხვა ოთახში გაიტანოთ.

რამდენიმე სიტყვა განათების შესახებ. შემოდგომასა და ზამთარში დღის სინათლე მოკლეა, ამიტომ ორქიდეას შეიძლება განათება დააკლდეს. ეს შესამჩნევია სინათლისკენ წაგრძელებული ფოთლების წვერით, ასევე პატარა და მკრთალი ყვავილებით.

ახალგაზრდა და მოზარდ ყვავილებს უფრო მეტი სინათლე სჭირდება, ვიდრე ზრდასრულ ყვავილებს. სინათლის მოყვარე ორქიდეას ზოგჯერ სპეციალური ნათურები სჭირდება, რომლებიც სინათლის დეფიციტს აღმოფხვრიან.

ბოლოს აღვნიშნავთ, რომ ორქიდეა საოცარი, მაგრამ ძალიან მომთხოვნი ოთახის ყვავილია. მოთხოვნები არა მხოლოდ ოთახის პირობებზე, არამედ ყვავილის სახეობაზეც დამოკიდებულია. თუ ყურადღებიანი და მზრუნველი მეპატრონე იქნებით, ორქიდეა დიდებული ყვავილობით მადლობას გადაგიხდით.