Connect with us

საკითხავი

საიდან ჩნდება ხილის ბუზები და როგორ მოვიშოროთ

სამზარეულოში ბოსტნეულის ან ხილის გაფუჭება საკმარისია, რომ ისინი აქვე გაჩდნენ. გუშინ ერთიც არ ჩანდა, დღეს მთელი არმიაა. ნაყოფის ბუზები ისე სწრაფად ჩნდება, რომ თითქოსდა მხოლოდ ჰაერით მატერიალიზდებიან. როგორც ვიცით, ეს რთულად შესაძლებელია. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ საიდან ჩნდება დროზოფილები და რაც მთავარია, როგორ მოიშოროთ უადგილო მეზობლები.

რა არის ნაყოფის ბუზი

ის, რასაც ჩვენ ნაყოფის ბუზად ვთვლით, ბუზების ოჯახის პატარა სახეობას დროზოფილს (Drosophilidae) წარმოადგენს. ხშირად ჩვენს სამზარეულოში ჩვეულებრივი ხილის ბუზი (Drosophila melanogaster) ჩნდება, მაგრამ აზიური ხილის ბუზიც (Drosophila Suzukii) გვხვდება. მართალია, ჩვეულებრივ, უფრო სამხრეთით ბინადრობს.

ეს მწერი ძალიან პატარაა – სიგრძეში 2-4 მმ. ფერით ერთმანეთისგან განსხვავდებიან და შეიძლება მოყვითალო–ყავისფერი ან შავი იყოს. მამრები მდედრებზე უფრო პატარები არიან და უფრო მუქი ზურგით გამოირჩევიან. ამ მწერს აგურისფერი წითელი თვალებით და მუცელზე შავი რგოლები აქვს.

დროზოფილები მთელ მსოფლიოში გვხვდება, მაგრამ ყველაზე მეტად ტროპიკულ რაიონებშია გავრცელებული. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 50 დღეა (კვერცხიდან გამოსვლიდან სიკვდილამდე). ხილის ბუზს ბუსუსებიანი სხეული და წებოვანი ფეხები აქვს. ადამიანისთვის სახიფათო ბაქტერიების გავრცელება შეუძლია.

საინტერესოა, რომ დროზოფილს მხოლოდ 4 ქრომოსომა აქვს, მაგრამ მისი გენები ადამიანის გენებს ჰგავს.  გენეტიკური დაავადებების შემთხვევების 75% შეიძლება ხილის ბუზებშიც შეგვხდეს და ეს გამოკვლელულია. დროზოფილს იყენებენ პარკისონის და ალცჰაიმერის დაავადებების, სიბერის პრობლემების, ონკოლოგიური დაავადებების, სუსტი იმუნიტეტის, ალკოჰოლის და ნარკოტიკის ჭარბი მომხარების შესასწავლად. ხილის ბუზის ლაბორატორიაში გამოყვანა მოსახერხებელია, ამიტომ რამდენიმე თაობაზე დაკვირვება რამდენიმე კვირაში შეიძლება.

როგორ ხვდება ნაყოფის ბუზი ჩვენს სახლში

მცირე ზომის მიუხედავად დროზოფილი მწიფე ხილის და ბოსტნეულის სუნს ძალიან შორ მანძილზე გრძნობს. ფერმენტირებული ხილი ნაყოფის ბუზებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ და მთელი მათი ორგანიზმი მწიფე ხილის და ბოსტნეულის სუნის ძებნაზე მომართულია. ეს სუნი ადამიანმა შეიძლება ვერც იგრძნოს. იცოდეთ, რომ თუ სუფრაზე ხილით სავსე თეფში დევს, რამდენიმე ხილის ბუზი უკვე თქვენს სახლს ეძებს, რომ შიგნით შემოვიდეს.

პატარა მწერებს კოღოს საწინააღმდეგო ბადის ხვრელშიც გამოძვრომა შეუძლიათ. მდედრები კვერცხებს მაქსიმალურად მწიფე ან ფერმენტირებულ ხილზე დებენ. გამრავლების პროცესი დაწყებულია, მაგრამ სანამ ამას გაიგებთ, თქვენი სახლი უკვე ხილის ბუზების კოლონად გადაიქცევა.

ზოგჯერ ხილის ბუზები სახლში ბაზრობაზე ნაყიდი ხილ–ბოსტნეულიდან ხვდება. დიდი ალბათობით, იმ ბანანში ან ატამში, რომელიც სასურსათო მაღაზიაში შეიძინეთ, დროზოფილების ახალი თაობა უხილავი კვერცხების სახით ბინადრობს. თუ პომიდორს მოკრეფამდე ოდნავ დამწიფების უფლებას მისცეთ, მოსავალთან ერთად ბუზების კვერცხებს შეაგროვებთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა გაუცივებელი ხილი და ბოსტნეული, იქნება ეს ნაყიდი თუ საკუთარ ბაღში მოკრეფილი, დროზოფილს იზიდავს.

რატომ იზრდება ხილის ბუზების რაოდენობა ჩვენ თვალწინ?

ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბუზებმა სუფრაზე ყველა მეგობარი მოიპატიჟეს, რადგან რამდენიმე ცალი ბუზი მალე თითქმის კოშმარი ხდება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ მოკლე სასიცოცხლო ციკლი აქვთ. ასე კვერცხის სტადიიდან მოზრდილ ეტაპზე მხოლოდ 8 დღეში გადადიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ ძალიან მწიფე ატამს ან პომიდორს მხოლოდ ერთ კვირაში ბუზების შეკრება შეუძლია.

ხილის ბუზები ცნობილია გამძლეობით და შენობიდან მათი სრულად განდევნა შეუძლებელია. ზრდასრული მდედრი დროზოფილი საუკეთესო შემთხვევაში 1 თვე ცხოვრობს, ამ დროში კი 500 კვერცხს დებს, ასეთი მდედრი კი შენობაში ერთი არაა. ლარვები ზუსტად 4 დღე იზრდებიან, ამ დროში მწიფე ხილის ან ბოსტნეულის მიკროორგანიზმებით იკვებებიან, ასევე შაქრით, რომელიც ნაყოფში მდებარეობს.

ყველაზე უსიამოვნოა ის, რომ მწერებს გასამრავლებლად ხილი ან ბოსტნეული სულაც არ სჭირდებათ. ალბათ შეამჩნიეთ, რომ დროზოფილები იატაკის ჩვრიდან ფრინდებიან? ეს შემთხვევითი არაა, რადგან ნაყოფის ბუზები კანალიზაციის მილში ან ძველ შვაბრსა თუ ღრუბელზე მშვიდად მრავლდებიან. აი, ამიტომ ყველა ხილი და ბოსტნეული რომ მოიშოროთ, ხილის ბუზებს ასე ადვილად მაინც ვერ გააქრობთ.

როგორ მოვიშოროთ ნაყოფის ბუზები სამუდამოდ

პირველ რიგში, მწერების საკვების ყველა შესაძლო წყარო მოიშორეთ. თქვენი სახლი მათ გასამრავლებლად არახელსაყრელ გარემოდ აქციეთ. ანუ:

  • ყველა გაჩერებული ხილ–ბოსტნეული მოიშორეთ;
  • სანაგვე ყუთი გაასუფთავეთ;
  • ძველი ღრუბელი და ჩვარი გამოცვალეთ;
  • ნიჟარის მილი სპეციალური საშუალებით გარეცხეთ (შეგიძლიათ პრობლემურ მილში მდუღარე წყალი ჩაასხათ);
  • თავად ნიჟარა და ჭურჭელი კარგად გარეცხეთ;

ადამიანების უმეტესობა კარტოფილს, ხახვს და სხვა ძირნაყოფს კონტეინერში, კარადაში ინახავს. თუ ნაყოფის ბუზები სამზარეულოს არ შორდებიან, კონტეინერები შეამოწმეთ, რომელიმე პროდუქტი ხომ არ დალპა? ამის შემდეგ უკვე არსებული მწერების განადგურებაზე გადადით. მაგალითად, შენობაში მწერების საწინააღმდეგო საშუალება (დიქსლოფოსი და სხვა) გაუშვით, მაგრამ ეს ყველაზე ეკოლოგიური მეთოდი არაა. გირჩევთ, სპეციალური ხაფანგები გააკეთოთ.

ძმრიანი ხაფანგი ნაყოფის ბუზებისთვის

ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდი უფროსი დროზოფილების დასაჭერად – ძმრიანი ხაფანგი. ხილის ბუზები დიდი ინტელექტით არ გამოირჩევიან და მათი მოტყუება ადვილია. მათი არსებობის მთავარი მიზანი – გაფუჭებული და დამწიფებული პროდუქტის პოვნა. მიზნის პოვნისას უსაფრთხოებაზე ნაკლებად ზრუნავენ. ვაშლის ძმარს მწიფე ხილის არომატი აქვს, რომელიც დროზოფილების ყურადღებას იზიდავს.

ხაფანგის გასაკეთებლად დაგჭირდებათ:

  • ჭიქა ან ფინჯანი
  • პარკი, საკმაოდ დიდი, რომ მინა მასში ჩადოთ;
  • რეზინა
  • მაკრატელი
  • ვაშლის ძმარი

ჭიქაში ცოტა ვაშლის ძმარი ჩაასხით. მაკრატლით პარკს კუთხეები მოაჭერით. ნახვრეტი საკმაოდ დიდი უნდა იყოს, რომ მასში ბუზები გაძვრეს, მაგრამ არც ისეთი ფართო, რომ ადვილად გაქცევა შეძლონ.

პარკი ჭიქაზე წამოაცვით და ნახვრეტები ცენტრში მოათავსეთ. რეზინის დახმარებით პარკი ჭიქას დაამაგრეთ. ალტერნატივის სახით შეგიძლიათ ქაღალდის კონუსი გამოიყენოთ.

უფრო ეფექტური ხაფანგის გასაკეთებლად, ძმარს რამდენიმე წვეთი თხევადი საპონი ან ჭურჭლის სარეცხი საშუალება დაუმატეთ, ასე ბუზებს გაქცევის ნაკლები შანსი ექნებათ, სანამ ძმარში ჩაიძირებიან.

ძმრის ხაფანგი იმ ადგილას მოათავსეთ, სადაც ხილის ბუზები ხშირად გაწუხებთ (ნაგვის ყუთთან, მაგიდაზე, საკვებთან ან ორგანულ ნარჩენებთან ახლოს, წყალთან). თუ სახლში ძალიან ბევრი დროზოფილია, რამდენიმე ძმრიანი ხაფანგი გააკეთეთ და სხვადასხვა ადგილებში დააწყვეთ.

ძმრის მოტკბო ხილის სურნელი ბუზებს მიიზიდავს. ისინი ნახვრეტში გაძვრებიან, ჭიქაში შევლენ და ხაფანგში გაებმებიან. რამდენიმე დღეში ხაფანგი უნდა გამოცვალოთ.  უბრალოდ ძმარში მოცურავე მკვდარი ბუზები გადაასხით. აუცილებლობის შემდეგ ახალი ხაფანგი გააკეთეთ. რამდენიმე ძმრიანი ხაფანგი და სახლის წესების დაცვა ხილის ბუზებს თავიდან აგაცილებთ.

ქაღალდის ხაფანგი

თუ „ძმრის მეთოდი“ არაჰუმანური გეჩვენებათ, ალტერნატიული მეთოდიც არსებობს, რომლის გამოყენებით ბუზები ცოცხლები დარჩებიან და შეგიძლიათ შემდეგ ქუჩაში გაუშვათ.

დაგჭირდებათ:

  • ქაღალდის ფურცელი
  • ქილა ან ფინჯანი
  • სკოჩი
  • ხილი, როგორც სატყუარა

ქაღალდით მჭიდრო კონუსი გააკეთეთ, წვერზე 2-3 მმ ზომის ნახვრეტით. კონუსი საკმაოდ ფართოა, ძლიერ დახვევა საჭირო არაა. მიღებული კონუსი სკოჩით დაამაგრეთ. ფართო ძირი მოჭერით ისე, რომ ზუსტად 10-15 სმ სიმაღლე ჰქონდეს.

ახლა ხილის პატარა ნაჭერი (ბანანი ან ატამი) ქილის ან ფინჯნის ძირში მოათავსეთ. ზემოდან ქაღალდის კონუსი დააფარეთ. ქაღალდის კონუსის ზედა ნაწილი ქილის ზედა ნაწილიდან ცოტა წამოწეული უნდა იყოს, წვერი კი ხილის ზემოთ ან ქილის ძირში. კონუსი ქილას სკოჩით მიამაგრეთ.

ხაფანგის დაგებამდე დარწმუნდით, რომ ოთახში ხილის ბუზის მიმზიდველი სხვა წყარო არაა. ხილით სავსე კერძი შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ. ხაფანგი მაგიდაზე, სანაგვე ყუთთან ახლოს დადეთ ან იქ, სადაც დროზოფილს ხედავთ.

ნაყოფის ბუზები სუნს გაყვებიან და შიგნით მოხვედრისას გამოსვლას ვეღარ შეძლებენ. რამდენიმე საათში მასში ბევრ ბუზს აღმოაჩენთ. შეგიძლიათ ქუჩაში გადაყაროთ, ქაღალდის კონუსი ამოიღეთ და მწერები გაათავისუფლეთ.

ყურადღება! ხაფანგის ერთ ღამეზე მეტხანს გაჩერება არ დაუშვათ. დროზოფილი ხაფანგში დიდხანს რომ გააჩეროთ, აქ დადებული კვერცხებიდან ახალი ბუზები გამოიჩეკებიან.

რამდენიმე საათში ყველა ბუზის დაჭერას ვერ შეძლებთ, ამიტომ ხაფანგის რამდენჯერმე დაყენება მოგიწევთ. ახალი ხაფანგისთვის ხილი შეცვალეთ, შემდეგ ქაღალდის კონუსი ადგილს დაუბრუნეთ.

თუ თქვენი ხაფანგი დროზოფილებს არ იზიდავს, დარწმუნდით, რომ კვების სხვა წყარო არ აქვთ (საჭმლის ნარჩენები, ნაგავი, ჭუჭყიანი ჭურჭელი და სხვა). სატყუარად შეგიძლიათ სხვა ხილი გამოიყენოთ.

თუ ნაყოფის ბუზი ხაფანგიდან ადვილად გამოძვრა – კონუსის ქვედა ნაწილში ხვრელი ზედმეტი დიდი აღმოჩნდა. ხაფანგში მოხვედრილი გაათავისუფლეთ, შემდეგ უფრო პატარა ხვრელის ქაღალდის კონუსი გააკეთეთ. მეორე პრობლემა იმაში მდგომარეობს, ქაღალდის კონუსი ნაოჭდება და ქილიდან ადვილად არ ამოდის. ამ შემთხვევაში ახალი კონუსი გააკეთეთ და ფრთხილად მოათავსეთ, რომ ქაღალდი არ დაჭმუჭნოთ.