საკითხავი
ტატუს მხატვარი ძუძუს კიბოს შემდეგ ქალებს ძუძუს თავებს უფასოდ უბრუნებს
ბევრ ქალს მასტექტომიის შემდეგ ძველებური მკერდის დაბრუნება სურთ – ასე უფრო თავდაჯერებული ხდებიან. მოცულობის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ ძუძუს თავების გარშემო წრის, არეოლას დაბრუნება უფრო რთულია. ოსტატი რუსეთიდან ქალებს არეოლის უფასოდ აღდგენაში ეხმარება.
ძუძუს კიბოს შემდეგ გამოჯანმრთელება არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ აღდგენასაც გულისხმობს. ზოგიერთი ქალი მკერდის მოჭრის შემდეგ ყველაფერს ისე ტოვებს, როგორც არის. მიზეზები სხვადასხვაა: ცუდი პროგნოზი ან ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოში კვლავ დაბრუნების სურვილის არ ქონა. შესაძლოა, უბრალოდ გარეგნობის მიმართ დამოკიდებულება შეეცვალათ. ეს ნორმალური რეაქციაა.
შესაძლებელია სხვა ვარიანტიც. „ძველებური“ მკერდის დაბრუნების სურვილიც ნორმალურია. მიზეზი შეიძლება პროთეზის ტარებით გამოწვეული დისკომფორტი, მომატებული ყურადღების თავიდან აცილების სურვილი ან ზურგის ტკივილი და ასიმეტრიის გამო დგომის ცვლილება იყოს. მიზეზი შეიძლება, საკუთარი თავის სექსუალურად აღქმის სურვილი იყოს – ესეც გამართლებული მიზეზია.
შემთხვევის მიხედვით მკერდის აღდგენის სხვადასხვა მეთოდი არსებობს და ყოველთვის იმპლანტს არ მოითხოვს. სამწუხაროდ, ასეთი ოპერაციები არეოლის ან ძუძუს თავის აღდგენას არ მოიცავს. ამის გარეშე კი შეუძლებელია ვთქვათ, რომ მკერდი „ჩვეულებრივად“ გამოიყურება.
ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ალინა შეპეტოვა, კოსმეტოლოგი და ტატუს მხატვარი ვლადიმირიდან. გოგონა სილამაზის სფეროში უკვე 8 წელია მუშაობს, აქედან 5 წელი პერმანენტული მაკიაჟით არის დაკავებული. ცოტა ხნის წინ სამედიცინოზე ჩააბარა და საქველმოქმედო საქმიანობის დაწყება გადაწყვიტა. დაიწყო იმით, რაც შეეძლო – ტატუირებით.
„ზოგი ძაღლებს ეხმარება, ზოგი ბავშვებს, ზოგი ფონდებს, მე ასე ვეხმარები“
ალინა არეოლებს აღადგენს. ასეთი ნამუშევარი მხატვრულ გემოვნებას, კარგ მხედველობას და ზუსტ ხელს მოითხოვს. არეოლას კანზე მიკროტატუაჟის აპარატით „ხატავს“, სწორედ იმ აპარატით, რომლითაც ტუჩებსა და წარბებზე პერმანენტულ მაკიაჟს აკეთებს. მიკროჩაჭრებით ძუძუს თავების მოცულობას ქმნის. შედეგს ბუნებისგან შექმნილი ძუძუს თავებისგან ვერ გაარჩევთ.
გოგონა აღიარებს, რომ საქველმოქმედო საქმიანობამ მისი მუშაობა უფრო გაამრავალფეროვნა. ყველაზე ხშირად ტუჩის და წარბის პერმანენტული მაკიაჟისთვის მოდიოდნენ, ბოლო დრომდე არეოლებთან მუშაობისთვის ცალკე ექაუნთი გახსნილი არც ჰქონდა. მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე ინტერვიუ აიღეს, ალინამ ნამუშევრების ჩვენება გადაწყვიტა.
სრულიად მოულოდნელად, მისი პირველი კლიენტი მამაკაცი გახდა. ის სპორტსმენი იყო, რომელსაც ლიპოსაქცია სურდა, რომ რელიეფური კუნთები უკეთ გამოჩენილიყო. თუმცა ქირურგმა შეცდომა დაუშვა, არასწორად გაჭრა და პაციენტმა ძუძუს თავი დაკარგა. ტატუს მხატვარი მას დაეხმარა. ამის შემდეგ ალინამ ძუძუს თავები აღუდგინა რამდენიმე ქალს, რომლებმაც მასტექტომია გადაიტანეს: ეს პროცედურა მათთვის უფასოა.