Connect with us

მოდა და სტილი

2021 წლის გაზაფხული–ზაფხულის სეზონის მთავარი ტენდენციები, რომლებიც უკვე 1 თვეში ყველა დაქალს ექნება

წლევანდელი გაზაფხული–ზაფხულის მოდის ჩვენებები ისტორიაში ნამდვილად შევა. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე სეზონი გაიწელა. ზოგიერთმა ბრენდმა ტრადიციებს არ უღალატა და კოლექცია გეგმის მიხედვით წარმოადგინა. სხვებმა ჩვენებისთვის ახალი ფორმატი გამოიყენეს. Alltime.ge 2021 წლის გაზაფხული–ზაფხულის მთავარ ტენდენციებს გთავაზობთ. გარდერობის განახლების დროა! გირჩევთ ამ წლის მოდურ ტენდენციებს გაეცნოთ, რომ მოდურად გამოიყურებოდეთ.

დომინოს ეფექტი

თანამედროვე დიზაინერებმა 2021 წლის კოლექციაში შავ–თეთრი ფერების კონტრასტს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს. არანაირი ჩრდილები, მხოლოდ მინიმალიზმის სტილი და სუფთა ფერები. თუ ასეთი ვარიანტები თქვენთან ახლოსაა შემდეგი ბრენდების კოლექციებს გადახედეთ: Dolce&Gabbana, Loewe, Gabriela Hearst, GUDU.

სააშკარაოდ

მოდაში ბრუნდება ბრალეტი, ე.წ ბიუსჰალტერი რკინების გარეშე. როგორც ჩანს, წინ ცხელი ზაფხული გველოდება. სხეულის ფორმებზე უკვე იზრუნეთ, რადგან წელს სხეულის ლამაზად წარმოჩენა მოდური იქნება. გადახედეთ შემდეგ ბრენდებს: Dior, Versace ან No.21.

რომანტიკული სტილი

დიზაინერებმა ამ წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციაში რომანტიკულ სტილს ადგილი დაუთმეს. დიზაინერები გირჩევენ, რომ ზაფხულში მსუბუქ, გრძელ კაბებს უპირატესობა მიანიჭოთ. ასე რომანტიკულ ლუქს შექმნით და გარეგნობას უწონობას შემატებთ. ასეთ ნიმუშებს იპოვით შემდეგი ბრენდების კოლექციებში:Valentino, Michael Kors Collection, J’Amemme, Alberta Ferretti.

რაც უფრო ფართო, მით უკეთესი

ფართო შარვლები ლამაზ ფეხს მალავს, მაგრამ წარმოუდგენლად ეფექტურად გამოიყურება. წელს მოდის სახლები ფართო შარვლების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ. მაგალითად, ბრენდის The Row–ის იდეა მინიმალისტებს მოეწონებათ. Louis Vuitton აქცენტს მოცულობაზე აკეთებს. დიზაინერი ტომ ფორდი დაბალწელიან შარვლებს გირჩევთ. სამუშაო ლუქის შერჩევას Max Mara–ს კოლექციაში შეძლებთ.

სამეფო ჩაცმულობა

2021 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციები ლოქდაუნის პირობებში შეიქმნა, ამიტომ მათში რეალური პრობლემისგან გაქცევის სურვილი ჩანს. დიზაინერები გვთავაზობენ სამეფო მოსასხამს, არისტოკრატულ სტილს. თითქოსდა, სამეფო წვეულებაზე მიგიწვიეს. ამ ბოლო დროს, ხომ სახლში დიდ დროს ვატარებთ. რატომ არ ვიოცნებოთ? ასეთ სამეფო მოსაცმელებს იპოვით შემდეგი ბრენდების კოლექციებში: Prada, Simone Rocha, Emilia Wickstead.

დისკოს სტილში

2020 წელს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო წვეულება და გართობა იშვიათი მოვლენა გახდა, სწორედ ამიტომ, დიზაინერებმა 2021 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციაში ბრწყინვალე დეტალები შემოიტანეს. თქვენს გარდერობში ბზინების შემოტანა ზედმეტი არ იქნება. თუ ბრწყინვა გსურთ ყურადღება გაამახვილეთ შემდეგი ბრენდების კოლექციებზე: Chanel, Saint Laurent და Celine.

ამოჭრილი სტილი

2021 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციაში დიზაინერებმა ამოჭრილი დეტალებით თამაში გადაწყვიტეს. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ გვერდზე სიმეტრიულად აჭრილი სამოსი, ასევე შეგხვდებათ ქაოსურად დახვრეტილი სამოსი. საინტერესო ვარიანტებს იპოვით შემდეგ ბრენდებში:Prada, Gabriela Hearst.

მოჭერილი წელი

უფორმო ჰუდები მგონი ყველას მობეზრდა. 2021 წლის გაზაფხული–ზაფხულის სეზონზე მოდაში კორსეტები ბრუნდება. ვიქტორიანული სტილი უჩვეულოდ და ლამაზად გამოიყურება. გამოირჩევა შემდეგი ბრენდები: Alexander McQueen, David Koma და Andreas Kronthaler.

ზოლები სტილში

2021 წლის ახალ ტრენდებს შორს დინამიური ზოლებიც აღმოჩნდა. ბრედების ახალ კოლექციებში ზოლებიან სამოსებს ხშირად შეხვდებით. ერთი შეხედვით უბრალო ზოლების საინტერესო ვარიანტებს გვთავაზობენ შემდეგი ბრენდები: Louis Vuitton, Bottega Veneta და Christian Dior.

თანამედროვე მოდა მხოლოდ ტანსაცმელი არაა, არამედ ნამდვილი ხელოვნება. უჩვეულო სტილით ცხოვრებაში შეგიძლიათ რაღაც ახალი შემოიტანოთ. განაახლეთ გარდერობი და გაზაფხულს მოდურად შეხვდით.