ყვავილები
როგორ მოვუაროთ პუანსეტიას (შობის ყვავილი), რომ კვლავ აყვავილდეს
პუანსეტია უკვე წლებია საახალწლო ატმოსფეროს შესაქმნელად ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც ნაძვის ხე, გირლანდები, გვირგვინები და სანთლები. ლამაზი მცენარე მარტივი მოვლის პირობების შემთხვევაში მომავალ წელსაც აყვავილდება. უბრალოდ შესანიშნავია!
თუ გსურთ, რომ პუანსეტია მომავალ წელს კვლავ აყვავილდეს, მარტივ ინსტრუქციას მიყევით. აი, როგორ უნდა იზრუნოთ პუანსეტიაზე სეზონზე და არა მხოლოდ.
პუანსეტია: მოვლა სეზონზე
ჯანმრთელი პუანსეტია შეიძინეთ
ეს იმას ნიშნავს, რომ ღეროზე ფოთლები მუქი მწვანე უნდა იყოს. არანაირი სიყვითლე! თანაყვავილები (ღია ფოთლები, რომელიც ყვავილს ჰგავს) თანაბრად შეღებილი, მწვანე ზოლების გარეშე უნდა იყოს. ბუჩქი სიმეტრიულად ფორმირებული უნდა იყოს. არანაირი მავნებლები!
სახლში სწორად ტრანსპორტირება
პუანსეტიას სამშობლო მექსიკაა. მცენარე ორპირ ქარს ვერ იტანს და სიცივეში რამდენიმე წუთითაც ვერ ძლებს. მაღაზიაში გამყიდველს სთხოვეთ, რომ პუანსეტია ქაღალდის რამდენიმე ფენაში გაახვიოს.
სწორად მოვლა
- ქოთანი არა მხოლოდ ორპირ ქარს, არამედ სითბოს პირდაპირ წყაროს (ღუმელი, გათბობის ბატარეა) მოაშორეთ.
- ნიადაგის ზედა ფენის გაშრობისას ზომიერად მორწყეთ. ამასთან მიწის გოროხების გაჩენა არ დაუშვათ.
- ყოველ 2-3 კვირაში წყალში ხსნადი სასუქებით გამოკვებეთ. სპეციალურ ნარევებს ყვავილების მაღაზიებში შეიძენთ.
პუანსეტია: რა გავაკეთოთ ყვავილობის შემდეგ
მარტი – აპრილი. დეკემბერში ნაყიდი ფერადი პუანსეტია ამ პერიოდში ყვავილობას წყვეტს. მას შემდეგ, რაც ფერადი თანაყვავილები დაჭკნება, ხოლო ქვედა ფოთლები დაცვივა, ღერო ფუძიდან 15-17 სმ სიმაღლეზე გადაჭერით. ოთახის მცენარეზე ზრუნვა გამოკვების გარეშე გააგრძელეთ. ზედმეტ მორწყვას მოერიდეთ.
მაისი – ივნისი. ამ პერიოდში გადაჭრილ ღეროებზე უკვე ახალი ფოთლები გაჩნდება. ნიადაგის ზედა ფენა ახლით ჩაანაცვლეთ. თუ ღამით ფანჯარასთან ტემპერატურა 10 გრადუსზე ქვემოთ არ ეცემა, ქოთანი აივანზე ან ვერანდაზე გაიტანეთ. მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ, ჩრდილში მოათავსეთ. აქ, მომავალი საახალწლო ვარსკვლავი შემოდგომამდე საკმარის სინათლეს მიიღებს.
ივნისი – სექტემბერი. პუანსეტია აზოტის სასუქით 2 კვირაში ერთხელ გამოკვებეთ. ივლისის ბოლოს ახალი ღერო 2-3 ფოთლით სამაგრზე დაამაგრეთ.
სექტემბერი. თუ ღამით ტემპერატურა 10 გრადუსზე ქვემოთ ეცემა, დროა ყვავილი შენობაში დააბრუნოთ. ქოთანი მზიან ფანჯარასთან მოათავსეთ, ნიადაგის გაშრობის მიხედვით მორწყეთ. ყოველკვირა გამოკვებეთ.
სექტემბრის ბოლო – ოქტომბრის ბოლო. მცენარე დღეში დაახლოებით 15-17 საათი სრულ სიბნელეში უნდა იყოს. ამისთვის ზუსტად 17:00 საათზე რაიმე მკვრივი გადააფარეთ და დილის 7-8 საათამდე ასე დატოვეთ. ასეთი განათების რეჟიმში პუანსეტია ფერის შეცვლას იწყებს.
ნოემბერი. როცა თანაყვავილები შეფერადებას დაიწყებს, მცენარის დაჩრდილვა შეწყვიტეთ. საჭირო ყვავილობის ეფექტის მიღწევის შემდეგ სასუქის მიწოდება შეწყვიტეთ და იმ ადგილას მოათავსეთ, სადაც ყვავილით ყველაზე მეტად ისიამოვნებთ.
გაწეული შრომის შედეგი სიამაყეს გამოიწვევს. თქვენ მოახერხეთ პუანსეტიას აყვავება? კარგი იქნება, თუ გამოცდილებას კომენტარებში გაგვიზიარებთ.