კულინარია
საჭრელი დაფის გარეცხვის 10 მეთოდი: სწრაფად და უსაფრთხოდ
სამზარეულოში კარგია მინიმუმ სამი საჭრელი დაფის ქონა – პურისთვის, ხორცისა და ბოსტნეულისთვის. რა თქმა უნდა, დაფები ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გარეცხოთ. ოღონდ სარეცხი საშუალების გამოყენებით ჩვეულებრივი რეცხვა ყოველთვის იდეალური არაა. დაფაზე ნაკაწრები და ნახვრეტები გამორიცხული არაა. დაფის ზედაპირი ფოროვანი ხდება, რის გამოც დროთა განმავლობაში ბაქტერიები გროვდება. გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს საჭრელი დაფების საფუძვლიანად გასაწმენდად და მოსავლელად.
1. ძმარი და მარილი ლიმონით
ხის დაფების გაწმენდის ყველაზე პოპულარული მეთოდი, რომელსაც გამოცდილი დიასახლისები პერიოდულად იყენებენ. თუ დაფა ძველი და ძლიერ დაბინძურებულია, ძმრის ხსნარში (1:1) რამდენიმე წუთით ჩაალბეთ, რომ ბაქტერიები გაანადგუროთ. ძმარი მუქ ლაქებსაც მოგაშორებთ. შემდეგ გამდინარე წყალში გარეცხეთ და გაამშრალეთ. დაფას მარილი მოაყარეთ და ნახევარი ლიმონის წვენით გახეხეთ, წვენის გამოწურვა სცადეთ. ცოტა ხანში მარილი გაიხსნება და დაფაზე ნაცრისფერი ნადები დარჩება. ის გამდინარე წყალში უნდა გარეცხოთ. ახალი ლიმონი კონცენტრირებულ ლიმონის წვენს ჩაანაცვლებს.
2. მათეთრებელი
თუ არ იცოდით, ეს ყველაზე საიმედო მეთოდია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სამზარეულოში საჭრელი დაფები მკაცრად დანიშნულებით დაყოფილი არაა. ონკანში ან ტაშტში ცხელი წყალი აავსეთ და ნახევარი ჭიქა ქლორის შემცველი თხევადი მათეთრებელი საშუალება დაუმატეთ. დაფა ამ ხსნარში ნახევარი საათით გააჩერეთ, შემდეგ ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გარეცხეთ, რომ სუნი და ქიმიური საშუალების ნარჩენები მოაშოროთ. აუცილებელი არაა, დაფის ყოველი გამოყენების შემდეგ მათეთრებელი გამოიყენოთ, მაგრამ კვირაში 2–ჯერ აუცილებელია, რომ მავნე ბაქტერიები ზედაპირზე არ დაგროვდეს.
მათეთრებელი საშუალების გამოყენება რეკომენდებულია პლასტმასის დაფაზე.
3. საკვები სოდა
ხახვის, ნივრის, თევზის და სხვა პროდუქტების დაჭრის შემდეგ სუნის გაქრობაში დაგეხმარებათ. სოდა და წყალი აურიეთ ისე, რომ პასტა მიიღოთ. დაფას წაუსვით და ცოტა ხნით გააჩერეთ. ამის შემდეგ დაფა ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.
4. კარტოფილი
უსიამოვნო სუნის გაქრობის კიდევ ერთი ვარიანტი – გახეხილი უმი კარტოფილი, რომელიც როგორც სოდის შემთხვევაში ზედაპირს უნდა წაუსვათ და 15 წუთით გააჩეროთ.
სუნის გასანეიტრალებლად კარტოფილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გახეხილი ვაშლი.
5. ზუმფარას ქაღალდი
თუ დაფამ გარეგნობა დაკარგა და უხეში გახდა, ზუმფარას ქაღალდი გამოიყენეთ. დაფა ხის ბოჭკოების გასწვრივ უნდა გახეხოთ, შემდეგ სველი ჩვრით გადაწმინდოთ და გაშრობა აცადოთ. თუ დაფაზე ღრმა ნაკაწრებია, უფრო მსხვილი მარცვლოვანი ქაღალდით (80 მაჩვენებლით) დაიწყეთ, შემდეგ 120–ზე გადადით, ბოლოს 220–იანი ქაღალდი გამოიყენეთ. ასეთი დამუშავების შემდეგ საჭრელი დაფა გლუვი და უფრო ღია გახდება.
ხის დაფები წყალში დიდხანს არ დატოვოთ. ასე გამუქდება და ლაქებით დაიფარება.
6. კბილის პასტა
ზუმფარის ქაღალდი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ აბრაზიული კბილის პასტით. პასტა დაფას გააპრიალებს და სუნს გააქრობს. მას შემდეგ, რაც ზედაპირს პასტით დაამუშავებთ, გარეცხეთ და ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ. დაფის გაწმენდა ჩვეულებრივი სამზარეულოს პირსახოცით არ ღირს, რადგან მასზე შეიძლება ბაქტერიები დაგროვდეს. სჯობს ამისთვის ერთჯერადი ქაღალდის პირსახოცი გამოიყენოთ.
7. დიასახლისის საპონი
მუქი ფერის დიასახლისის საპონი – უნივერსალური საშუალებაა, რომელიც სხვადასხვა სახის სიბინძურეს აქრობს. საპონი ააქაფეთ, დაფას თანაბარ ფენად წაუსვით და 5 წუთში გარეცხეთ.
8. ლითონის ჩვარი
ფაქტიურად მოქმედებს, როგორც ზუმფარის ქაღალდი, მაგრამ მხოლოდ ძალიან მიშვებულ შემთხვევაში გამოიყენეთ, რადგან ხის ზედაპირის ზედა ფენას აძრობს. მეთოდი რადიკალურია, ამიტომ ხშირად არ გამოიყენოთ.
9. ვაზელინი ან მინერალური საპონი
გამოიყენება ხის საჭრელი დაფების მოსავლელად. წვრილ ნაკაწრებს აქრობს და ზედაპირზე დამცავ ფენას ქმნის. სუფთა ჩვრით დაფა ორივე მხრიდან გაწმინდეთ, კუთხეების დამუშავება არ დაგავიწყდეთ, რამდენიმე საათით გააჩერეთ, შემდეგ სუფთა ჩვრით გადაწმინდეთ, ზეთის ნარჩენები და დაფის წებოვანი ფენა მოაშორეთ.
10. მცენარეული ზეთი
კიდევ ერთი მეთოდი დაფების მოსავლელად. მცენარეული ზეთი და ძმარი 3:1 პროპორციით აურიეთ და საჭრელი დაფა გაწმინდეთ.