Connect with us

ჯანმრთელობა

რა იწვევს მკერდის ტკივილს და რამდენად სახიფათოა

მკერდის ტკივილი შეიძლება სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვიოს. ქალების უმეტესობას სარძევე ჯირკვლებში ტკივილი აწუხებთ წინამენსტრუაციული სინდრომის დროს. როგორც წესი, უსიამოვნო შეგრძნება მენსტრუციამდე რამდენიმე დღით ადრე ჩნდება და მისი დასრულების შემდეგ სრულად ქრება.

ამ ტიპის ტკივილი ყველაზე გავრცელებულია და ციკლური ეწოდება. რეპროდუქციული სისტემის მუშაობას არეგულირებს სასქესო ჰორმონები ესტროგენი და პროგესტერონი, ასევე ჰორმონი ჰიპოფიზი. მენსტრუაციული ციკლის დროს უამრავი ცვლილება ხდება, რომლის მიზანია – ჩასახვისთვის ორგანიზმის მომზადება და წარმატებული ორსულობისთვის ოპტიმალური პირობების შექმნა.

ციკლის პირველ ფაზაში (ოვულაციამდე, ანუ კვერცხუჯრედის გამოყოფა საშვილოსნოს მილში) ესტროგენების გავლენა ჭარბობს. ამ ეტაპზე ქალი მკერდში უსიამოვნო შეგრძნებას არ გრძნობს. ოვულაციის შემდეგ ყვითელი სხეული (შინაგანი სეკრეციის დროებითი ჯირკვალი ქალის ორგანიზმში, რომელიც ოვულაციის შემდეგ წარმოიქმნება) პროგესტერონის აქტიურად წარმოებას იწყებს, რაც ხელს უწყობს ალვეოლის ზრდას – სტრუქტურული ელემენტი, რომელიც სარძევე ჯირკვლების წილს წარმოადგენს და მათ შესაძლო ლაქტაციისთვის ამზადებს.

ამ ჰორმონის ზემოქმედებით ქსოვილებში სითხის შეკავება ხდება. შედეგად, სარძევე ჯირკვლები იზრდება, მკვრივდება, შეშუპებული ხდება, რასაც ხშირად ტკივილი ახლავს. თუ ტკივილი ციკლურად ვლინდება, ეს იმაზე საუბრობს, რომ ორგანიზმში ყველაფერი წესრიგშია და ნერვიულობა არ ღირს. ზოგიერთ ქალს ასეთი დისკომფორტი საერთოდ არ აწუხებს და ესეც ნორმაა.

წინამენსტრუაციული სინდრომის დროს მკერდის ტკივილის შესამსუბუქებლად რამდენიმე მარტივი წესი უნდა დაიცვათ.

დიეტა დაიცავით

მენსტრუაციული ციკლის დროს ექიმები გირჩევენ, მარილიანი და ცხარე საკვები რაციონიდან ამოიღოთ. ის წყალი–მარილის ბალანსის დარღვევას იწვევს და მენსტრუაციული სინდრომის სიმპტომებს ამძაფრებს. ასევე ცხოველური და ჰიდროგენიზებული მცენარეული ცხიმების, რაფინირებული ნახშირწყლების და სწრაფი კვების პროდუქტების მიღება შეზღუდეთ. ძლიერი ყავა და ჩაი ნაკლებად დალიეთ. აქცენტი ახალ ხილ–ბოსტნეულზე, რძის პროდუქტებზე (თუ რძის ცილის აუტანლობა არ გაქვთ) გააკეთეთ, რაციონში B6 ვიტამინით და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები ჩართეთ: კაკალი და თესლი, მთელი მარცვლეული, ხორბლის ქატო, ზღვის პროდუქტები.

რეჟიმი

ასევე ექიმები გირჩევენ, რომ ძილის და დასვენების რეჟიმი მკაცრად დაიცვათ. სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატარეთ, ისეირნეთ და ფიზიკური აქტივობა არ დაგავიწყდეთ.

მოსახერხებელი თეთრეული

მკერდში დისკომფორტის დროს მოსახერხებელი ქვედა საცვლები თქვენი „მხსნელი“ იქნება. ნატურალური ქსოვილის ბიუსჰალტერი ან ტოპი აირჩიეთ, რომელიც არ მოგიჭერთ, მაგრამ მკერდს კარგად დააკავებს. ზედმეტად გაყინვას ან გადახურებას მოერიდეთ – ეს არა მხოლოდ ციკლის, არამედ ნებისმიერ სხვა დღეს აქტუალურია.

  • თუმცა მკერდის ტკივილი შეიძლება სხვა მიზეზებმაც გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში გინეკოლოგს ან მამოლოგს მიმართეთ. უფრო დეტალური გამოკვლევა ჩაიტარეთ. გირჩევთ ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ, თუ:
  • მკერდი არა ციკლურად გტკივათ და მენსტრუაციის დაწყებისას არ ქრება;
  • ძუძუს თავებიდან გამონადენი გაქვთ;
  • მკერდში სიმკვრივეს გრძნობთ;
  • მკერდი ან ძუძუს თავი დეფორმირებულია, ჩანს კანის გარეგნული ცვლილება, ასევე გაძლიერებულია სისხლძარღვების სურათი;
  • მკერდში ტკივილის გარდა სხვა უჩვეულო სიმპტომებიც გაქვთ, რაც წინამენსტრუაციული სინდრომისთვის უჩვეულოა (მაგალითად, მუცლის ქვემოთ ტკივილი, მენსტრუაციული ციკლის დარღვევა და ა.შ.
  • თუ მკერდის ტკივილი ძალიან მწვავეა და ნორმალურ ცხოვრებაში ხელს გიშლით.