Connect with us

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის კალენდარი: 12 მცირე ცვლილება, რის გამოც 1 წლის შემდეგ საკუთარ თავს მადლობას ეტყვით

თვეში მხოლოდ ერთი სასარგებლო ჩვევა და ერთ წელში თქვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ.

ყველაზე დიდი მიღწევები მცირე ცვლილებებით და მარტივი ჩვევებით იწყება. თუ ყოველდღე 15 წუთს ახალ სასარგებლო ჩვევას დაუთმობთ – უკვე 1 წელში ნამდვილად შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწევთ. რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა, ეს შეუმჩნევლად, თავისთავად მოხდება. დღეს გთავაზობთ პატარა ექსპერიმენტს, რომლის მიხედვით თქვენს ცხოვრებაში ყოველთვე 1 პატარა ცვლილება უნდა შეიტანოთ. სრული პასუხისმგებლობით გპირდებით: 12 თვეში უფრო მეტი ენერგია გექნებათ და უფრო ჯანმრთელი იქნებით!

თვე 1: ყოველ კვირა დასაძინებლად 15 წუთით ადრე დაწექით

როდის უნდა დაიძინოთ, თუ არა ახლა? და როდის დავიწყოთ ძილის ექსპერიმენტი, თუ არა ახლა? ჯანმრთელობისთვის ყველაზე კარგი და მთავარი რაც შეიძლება გავაკეთოთ ძილია. ღამით სრულყოფილი დასვენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას არეგულირებს, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, სტრესთან ბრძოლას ხელს უწყობს და სიმსივნისგან გვიცავს. რთულია, მთელი თავისუფალი საათის პოვნა, რომ ადრე დაწვეთ, მაგრამ თუ ყოველ კვირა 15 წუთით ადრე დაწვებით (მაგალითად, საღამოს ინტერნეტის სქროლვის ან წიგნის რამდენიმე გვერდის ხარჯზე), ერთ თვეში ერთ საათს შეუმჩნევლად დააგროვებთ. თავს კი ბევრად უკეთ იგრძნობთ.

თვე 2: მზისგან დამცავი კრემი გამოიყენეთ

დერმატოლოგები გვაფრთხილებენ: უმეტესობა ჩვენგანი კანს მზისგან არასრულყოფილად იცავს. არადა ულტრაიისფერი სხივების საწინააღმდეგო საშუალების რეგულარული გამოყენება კანის სიმსივნის ყველაზე ეფექტური პროფილაქტიკაა. მინიმუმ 30 (უმჯობესია 50) დაცვის ინდექსის მქონე კრემი შეარჩიეთ და ყოველდღე გამოიყენეთ მაშინაც კი, თუ გარეთ მოღრუბლური ამინდია და სანაპიროზე გასვლას არ აპირებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ დაცვა თავის კანს, ხელს და თმასაც სჭირდება.

თვე 3: გული დაიცავით და გააძლიერეთ

გულის დაავადება სიკვდილის მიზეზებს შორის კვლავ ლიდერობს. ექიმები მუდმივად გვახსენებენ: ცხოვრების წესი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკზე დიდ გავლენას ახდენს. პროფილაქტიკის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია ფეხით სეირნობა. დღეში 15-30 წუთი კარდიოვარჯიში საკმარისია, რომ რისკი მნიშვნელოვნად შეამციროთ. დილით ვარჯიშების მცირე კომპლექსი, საღამოს სამსახურის შემდეგ ფეხით სეირნობა (ასე სტრესსაც მოიშორებთ), ლიფტის ნაცვლად კიბის გამოყენება – ყველა ეს პატარა ცვლილება გულის ჯანმრთელობას ხელს შეუწყობს. რა თქმა უნდა, წელიწადში ერთხელ გულის გამოკვლევა ჩაიტარეთ, რომ მის ძველებურ სიძლიერესა და კარგ მუშაობაში დარწმუნდეთ.

თვე 4: მხედველობაზე იზრუნეთ

სიბრმავის ან მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვის შიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიშია, მაგრამ უმეტესობა ჩვენგანი თვალის დასაცავად არაფერს აკეთებს. მათ შორის ყველაზე მარტივს – თვალის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვას. მარტი, პირველი თვეა, როცა მზე ნამდვილად კაშკაშა ხდება და შესაფერისია თვეა, რომ ახალი სასარგებლო ჩვევა გამოვიმუშაოთ – მზისგან დამცავი სათვალის ტარება. წვრილმანია? არადა ეს წვრილმანი თქვენს თვალს (არ დაგავიწყდეთ, რომ მელანომა არა მხოლოდ კანზე, არამედ თვალში ვითარდება) და თვალის ირგვლივ ნაზ კანს დაიცავს.

თვე 5: ბევრი ბოსტნეული და ხილი მიირთვით

5 პორცია ახალი ბოსტნეული და ხილი ყოველდღიური მინიმუმია, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანსაღი მუშაობისთვის აუცილებელია. დაიწყეთ იმით, რომ ყოველი ჭამის დროს რაციონს 1 ბოსტნეული ან ხილი დაუმატოთ – მარტივია, მაგრამ შედეგს ძალიან სწრაფად შეამჩნევთ.

თვე 6: გრიპის ვაქცინა გაიკეთეთ

ასეთი ვაქცინისთვის საუკეთესო დროა ოქტომბერი. არ დაგავიწყდეთ, რომ მინიმუმ 2 კვირაა საჭირო იმისთვის, რომ იმუნიტეტი სრულად ჩამოყალიბდეს. სჯობს ვაქცინა რაც შეიძლება ადრე გაიკეთოთ, რომ გრიპის სეზონს სრულად შეიარაღებული შეხვდეთ.

თვე 7: ნაკლები შაქარი მიიღეთ

თუ ყავის ან ჩაის შაქრით დალევას ხართ მიჩვეული, იმით დაიწყეთ, რომ დღეში 1 ფინჯანს 50%-ით ნაკლები შაქარი დაუმატოთ ან უბრალოდ თაფლით ჩაანაცვლეთ. კიდევ ერთი მარტივი მეთოდი – ერთი დღიური დესერტი ერთი პორცია ჩირით ჩაანაცვლეთ. ოღონდ ისეთი ჩირი აირჩიეთ, რომელსაც შაქრის სიროფი დამატებული არ აქვს. ეს წვრილმანი დიდ ძალისხმევასს არ მოითხოვს, მაგრამ შედეგი შთამბეჭდავი იქნება.

თვე 8: პატარა ზომის ჭურჭლიდან შეჭამეთ

ხშირად 15-20%-ით უფრო მეტს ვჭამთ, ვიდრე საჭიროა იმის გამო, რომ ძალიან სწრაფად ვჭამთ და დანაყრების სიგნალს ვატარებთ. ლოგიკური რჩევის გარდა, რომ ნელა ჭამოთ და ჭამის დროს სხვა რამეზე არ გადაერთოთ, კიდევ ერთი ხრიკი არსებობს. პატარა ზომის ჭურჭელი შეიძინეთ: მასზე მცირე პორციაც ვიზუალურად უფრო საკმარისი მოგეჩვენებათ და ზუსტად იმდენს შეჭამთ, რამდენიც დასანაყრებლად ნამდვილად გჭირდებათ.

თვე 9: ექიმთან გამოკვლევები ჩაიტარეთ

რამდენიმე დღე დახარჯეთ და თქვენი ჯანმრთელობა შეამოწმეთ. სისხლის და შარდის სრული ანალიზი ჩააბარეთ, მნიშვნელოვანი ორგანოების (გული, ფარისებრი ჯირკვალი, მუცლის ღრუ და მენჯის ღრუ) ექოსკოპია გადაიღეთ, გინეკოლოთან და მამოლოგთან, ასევე სტომატოლოგთან და ოფთალმოლოგთან პროფილაქტიკური შემოწმება გაიარეთ.

თვე 10: ნახშირწყლების რაოდენობა შეამცირეთ

არა ნებისმიერის, არამედ მხოლოდ „ცარიელის“. ნახშირწყლები ორგანიზმს სჭირდება და საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოთ, მაგრამ ის ბოსტნეულის, მთელი მარცვლეულის პროდუქტების და მარცვლეულიდან უნდა მიიღოთ. თეთრი ბრინჯი ყავისფერით, ჩვეული გარნირი პარკოსანი პროდუქტებით ჩაანაცვლეთ, საუზმეზე შვრია ხშირად მიირთვით – ასე ჯანმრთელობაზეც იზრუნებთ და სხეულის ფორმებსაც გააუმჯობესებთ.

თვე 11: მედიტაციას დღეში მინიმუმ 5 წუთი დაუთმეთ

სტრესი ჩვენი მუდმივი თანამგზავრი და შეუცვლელი მტერია, რომელიც ჩუმად ჩვენს ჯანმრთელობას აზიანებს. მედიტაცია ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდია ყოველდღიურ სტრესთან საბრძოლველად, მისი შედეგების შესამცირებლად ან საერთოდ გასაუქმებლად. გარდა ამისა, კვლევის თანახმად, მედიტაცია ბედნიერების დონეს ზრდის – ეს კი წლის ყველაზე სევდიან თვეში აუცილებელია.

თვე 12: 1 ჭიქა ღვინოზე უფრო ნაკლები დალიეთ

კარანტინი – სტრესი + მარტოობა + ჭარბი დრო, რომელიც რაღაცით უნდა შევავსოთ. ეს კი საკმაოდ სახიფათო კომბინაციაა. ზოგჯერ ეს ყველაფერი უვნებლად გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში თითოეული პორცია ალკოჰოლი სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს ზრდის, ამასთან ნივთიერებათა ცვლას არღვევს და ძილზე ცუდ გავლენას ახდენს. ალკოჰოლზე სრულად უარის თქმას არ გირჩევთ, უბრალოდ ერთი პორციით შეამცირეთ. ორგანიზმი ამისთვის „მადლობას“ გეტყვით!