Connect with us

საკითხავი

სკოლაში მას სიდაბლის გამო დასცინოდნენ. აი, რა გააკეთა დედამისმა

იარაკა ბეილსმა ბრისბენიდან (ავსტრალია) სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი 9 წლის ვაჟიშვილი მანქანაში სკოლის ბულინგის გამო გულამოთქმით ტირის.

კვარენი დაიბადა აქონდროპლაზიით – სიდაბლის ერთგვარი სახეობა. ვიდეოში ბეილსი განმარტავს, რომ ამის გამო თანაკლასელები მას მუდმივად დასცინიან.

„ახლახანს შვილი სკოლიდან წამოვიყვანე, სადაც ბულინგის მოწმე გავხდი. ამის შემდეგ დირექტორს დავურეკე. მსურს, რომ მშობლებმა, მასწავლებლებმა და ყველა დანარჩენმა იცოდეს, თუ ეს რით სრულდება“ – ამბობს დედა.

მისი თქმით, სკოლის მოსწავლეები „მას თავზე ხელს უსვამდნენ, როგორც ლეკვს“ და მის სიმაღლეზე ხუმრობდნენ.

„ის შეძრწუნებული იყო. ის ძალიან ძლიერია და ცდილობს, არ გამოხატოს, თუ რამდენად ეტკინა, მაგრამ ამის ყურება ჩემთვის მტკივნეულია. გულში თითქოსდა დანით დამჭრეს“ – ამბობს ბეილსი.

დედა ამბობს, რომ კვადენმა თვითმკვლელობა პირველად 6 წლისას სცადა. ვიდეოში ბიჭი დედას ეუბნება: „მომეცი თოკი, მინდა თავი მოვიკლა“.

ბეილსმა კვადენი სკოლიდან წამოიყვანა და გეგმავს, რომ სახლის სწავლებაზე გადაიყვანოს.

ვიდეო ვირუსული სწრაფად გახდა, მან 6 მლნ ნახვა და 140 000 გაზიარება დააგროვა. კომენტატორებმა ოჯახი შეტყობინებებით აავსო, სადაც მხარდაჭერას და მათი სითამამის გამო აღფრთოვანებას გამოხატავენ.

ამ ისტორიას ბევრი ცნობილი ავსტრალიელი გამოეხმაურა. ლატრელ მიტჩელი, ეროვნული რაგბის ლიგის მოთამაშე, კვადენს შეხვდა და ერთ-ერთი მატჩის გახსნაც შესთავაზა. როგორც კვადენი, მიტჩელი ავსტრალიის აბორიგენებს ეკუთვნის.

სამოა-ახალი ზელანდიის მსახიობმა, თეუილა ბლეიქმა მათი ერთობლივი ფოტო ინსტაგრამში გამოაქვეყნა, ხოლო რაგბის მთელმა გუნდმა მისთვის ვიდეო ჩაწერა.

ყველაზე შორს ამერიკელი სტენდაპ-კომიკოსი, ბრედ უილიამსი წავიდა, რომელიც ასევე სიდაბლით დაიბადა. მან GoFundMe-ზე ფულის შეგროვება დაიწყო და დაწერა:

„მსურს, კვადენმა იცოდეს, რომ ჩვენ ბულინგს არ მოვითმენთ და ის შესანიშნავი ადამიანია, რომელიც ბედნიერებას იმსახურებს. მსურს კვადენს და მის დედას ამერიკაში წამოსასვლელი ბილეთები ვუყიდო, კარგ სასტუმროში დავასვენო და დისნეილენდში წავიყვანო“

მხოლოდ ერთ დღეში დაახლოებით 200 ათასი დოლარი შეგროვდა. ის პირობას დებს, რომ დარჩენილ სახსრებს ჩაურიცხავს საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც ბულინგს ებრძვიან.