Connect with us

თავის მოვლა

აბუსალათინის ზეთი პიგმენტური ლაქების, შავი წერტილების და კანის სხვა პრობლემების მოსაშორებლად

აბუსალათინის ზეთი სახის კანი პრობლემების აღმოსაფხვრელად ხშირად გამოიყენება. ის შავი წერტილებს, აკნეს, პიგმენტურ ლაქებს, ნაწიბურებს და სიბერის ნიშნებს მოგაშორებთ.

ეს ზეთი მცენარეული წარმოშობისაა, მის შემადგენლობაში უამრავი სასარგებლო კომპონენტი შედის – ვიტამინები, ცილები, ანტიოქსიდანტები. საშუალებას ანთების საწინააღმდეგო, დამატენიანებელი, გამათანაბრებელი, გამაღიავებელი და აღმდგენი მოქმედება გააჩნია.

როგორ გამოვიყენოთ აბუსალათინის ზეთი სწორად

ამ საშუალების გამოყენების წინ შემდეგი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ, რომ კანის დაზიანება თავიდან აიცილოთ:

  • წინასწარ კანზე ტესტირება ჩაიტარეთ – ცოტა ზეთი მაჯაზე წაისვით. თუ რამდენიმე წუთში კანი შეწითლდება, ქავილი ან სხვა პრობლემა გაჩნდება, ამ საშუალების გამოყენებაზე სჯობს უარი თქვათ;
  • ზეთის სუფთა სახით გამოყენება არ ღირს, განსაკუთრებით მგრძნობიარე კანზე. ის საბაზო ზეთში (ზეითუნი, ქოქოსის, ნუში) ან კოსმეტიკურ საშუალებაში უნდა გააზავოთ. რამდენიმე წვეთის საბაზო ზეთში ან სხვა საშუალებაში გაზავება საკმარისი იქნება;
  • სახეზე სჯობს ოდნავ შემთბარი ზეთი წაისვით. ასე მკვებავი ნივთიერებების უკეთ შეწოვა მოხდება;
  • ცხიმიანი კანისთვის ეს ზეთი კვირაში ერთხელ გამოიყენეთ, კანის სხვა ტიპისთვის – 10 დღეში ერთხელ, შემდეგ კი პილინგი გაიკეთეთ;
  • გაღიზიანებულ კანზე საშუალების გამოყენება არ ღირს;
  • ყველაზე უფრო ხარისხიანი ცივი დაწურვის ზეთია;
  • ზეთი ჰერმენტულად დახურულ ჭურჭელში ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ.

მოიშორეთ შავი წერტილები აბუსალათინის ზეთით

შავი წერტილების მოსაშორებლად საკმარისია, აბუსალათინის ზეთით სახის მასაჟი გაიკეთოთ. პროცედურისთვის მხოლოდ აბუსალათინის ზეთი და ნებისმიერი საბაზო ზეთი დაგჭირდებათ. გაწმენდა შეგიძლიათ ნებისმეირი ტიპის კანზე ჩაიტაროთ. მასაჟის დახმარებით კანის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ეს მარტივი რეცეპტი გამოიყენეთ და შედეგი გაგაოცებთ!

  1. თუ კომბინირებული კანი გაქვთ, ზეთები თანაბარი პროპორციით აურიეთ, მშრალი კანის შემთხვევაში 2:1 პროპორციით, ხოლო ცხიმიანი კანისთვის 1:2 პროპორციით.
  2. ნარევი სახეზე თანაბრად გადაინაწილეთ და თითის ბალიშებით მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ.
  3. თბილ წყალში ბამბის პირსახოცი დაასველეთ და კანზე რამდენიმე წუთით დაიდეთ, სითბო ფორების გახსნას ხელს შეუწყობს.
  4. სახე კიდევ რამდენიმე წუთით დაიმასაჟეთ.
  5. ზეთის ნარჩენები პირსახოცით მოიშორეთ.
  6. სასურველია, რომ პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ ჩაიტაროთ.

აბუსალათინის ზეთი აკნეს საწინააღმდეგოდ

სამკურნალო ნიღბის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი
  • 1 ჩ/კ გულყვითელას ხსნარი
  • კვერცხის ცილა
  • 1 დაქუცმაცებული აბი ასპირინი

კანი წინასწარ კარგად გაიწმინდეთ, დაიორთქლეთ, ნარევის რამდენიმე ფენა წაისვით და 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მნიშვნელოვანია! ნებისმიერი ნიღბის ინგრედიენტები ფაიფურის ან მინის ჭურჭელში აურიეთ. ლითონის ჭურჭელი არ გამოიყენოთ.

პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად

ლაქების გაღიავებას შემდეგი ნიღბების დახმარებით შეძლებთ:

  • 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი დაქუცმაცებულ კიტრს, ვაშლს ან ციტრუსს აურიეთ. ნარევს 1 ს/კ თაფლი ან კეფირი დაუმატეთ. სახეზე წაისვით და რამდენიმე წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  • 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი და 1 ს/კ თაფლი აურიეთ, 1 ჩ/კ ვაზელინი, 5 წვეთი იოდი და 10 წვეთი „აევიტი“ დაუმატეთ. ნარევი სახეზე ყოველდღე წაისვით. ნარევი ჰერმენტულად დახურულ ჭურჭელში მაცივარში შეინახეთ, მაგრამ მაქსიმუმ 5 დღით.

ნაწიბურების მოსაშორებლად

ნაწიბურების გასათანაბრებლად საკმარისია, რომ პრობლემურ ადგილას თბილ აბუსალათინის ზეთში დასველებული პირსახოცი დაიდოთ. ასეთი საფენი რამდენიმე საათით გაიჩერეთ. ეფექტის გასაუმჯობესებლად პროცედურა ყოველდღე, რამდენიმე თვის განმავლობაში ჩაიტარეთ.

კანის სიბერის თავიდან ასაცილებლად

თუ სახეზე ნაოჭები გაგიჩნდათ, პრობლემის მოშორებას ორი მეთოდით შეძლებთ:

  • აბუსალათინის და საბაზო ზეთი თანაბარი პროპორციით აურიეთ, წყლის ორთქლზე ოდნავ შეათბეთ და სუფთა სახის კანზე მსუბუქი მოძრაობით წაისვით, ნახევარი საათის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ;
  • თითო ჩაის კოვზი ზეთი, თაფლი და შვრიის ფანტელები აურიეთ, ნარევს ცოტა რძე დაუმატეთ და შეათბეთ, შემდეგ კანზე უხვად წაისვით და ნახევარ საათში ჩამოიბანეთ. ეს მეთოდი კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ გამოიყენეთ.

თუ სახეზე უკვე ღრმა ნაოჭები გაქვთ, შემდეგი მეთოდი დაგეხმარებათ: ზეთი წყლის ორთქლზე შეათბეთ, პირსახოცი ზეთში დაასველეთ და სახეზე რამდენიმე საათით დაიდეთ. პროცედურა კვირაში ერთხელ, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში ჩაიტარეთ. აბუსალათინის ზეთი კანის ბევრ პრობლემას მოგაშორებთ, მთავარია მისი სწორად გამოყენება ისწავლოთ.