სახლი და დიზაინი
4 აბი ასპირინი გააქრობს ნადებს თქვენი ჩაიდნიდან
ასპირინი – ჯადოსნური აბია რომელიც თავის ტკივილს და მაღალ ტემპერატურას უმკლავდება, ათხელებს სისხლს და ეფექტურად ებრძვის უამრავ სხვა სიმპტომს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს დისკომფორტს უქმნის. ერთი სიტყვით ეს ხალხში ფართოდ გავრცელებული წამალია, რომელსაც თითქმის ყველა ოჯახის წამლების ყუთში შეხვდებით.
ერთადერთი საშიშროება რაც შეიძლება ასპირინიდან გამომდინარეობდეს არის ის, რომ მისი ხშირი გამოყენება (განსაკუთრებით კი საჭმელის მიღებამდე) შეიძლება კუჭის წყლულის განვითარების მიზეზი გახდეს, რაც გასაკვირი სულაც არაა რადგან ის მჟავას შეიცავს.
ბოლო დროს, დიასახლისებმა მისი ოჯახში გამოყენების სფერო ძალიან გააფართოვეს. ახალი ამბავი ალბათ არც თქვენთვისაა, რომ ასპირინს პომიდვრის და საზამთროს კონსერვირების დროს იყენებენ. ასპირინით ძველ და ფერდაკარგულ ნივთებს სიქათქათესაც დაუბრუნებთ. მე კი შემთხვევით, მისი გამოყენების კიდევ ერთ დანიშნულებას მივაკვლიე – ერთ დღეს სახლში ლიმონმჟავა დამიმთავრდა, მაღაზიაში წასვლაზე ფიქრმა კი სიამოვნება ნამდვილად არ მომანიჭა, ამიტომ ჩაიდანის ნადებისგან გასაწმენდად – ლიმონმჟავის ნაცვლად ასპირინის გამოყენება გადავწყვიტე.
ავიღე ჩემი საყვარელი ჩაიდანი ჩავასხი წყალი და ჩავყარე 4 აბი ასპირინი ანუ როგორც მას უწოდებენ “აცეტილსალიცინის მჟავა”, დავდგი საშუალო სიმძლავრის ცეცხლზე. წყალი ადუღდა და ნადებმა ჩაიდანის კედლებიდან მოცილება დაიწყო, დაველოდე რომ მთლიანად მოშორებულიყო, გადავღვარე წყალი და ჩვეულებრივი ღრუბელით გამოვრეცხე. ჩემს შემთხვევაში 30 წუთი საკმარისი აღმოჩნდა თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ნადების ინტენსივობიდან გამომდინარე უფრო მეტი/ნაკლები დრო დაგჭირდეთ.
ნადების მოსაშორებლად, რა თქმაუნდა ასპირინს უფრო მეტი დრო ჭირდება ვიდრე – ლიმონმჟავას მაგრამ, ფაქტია რომ – ის ნადებს ნამდვილად აცილებს! მე მას რეკომენდაციას ვიწევ, რადგან აბები ჩვენს ოჯახში დიდხანს ინახება, მათ გამოყენების ვადა გასდით და პირდაპირი დანიშნულებით მათი გამოყენება ჯანმრთელობისთვის საშიში ხდება, თუმცა, მათი გამოყენება სხვა საოჯახო მიზნებისთვის ვადის შემოწმების გარეშეც შეგიძლიათ!