თავის მოვლა
როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები და მოდუნებული კანი: ბაბუაწვერა დაგეხმარებათ
ბაბუაწვერას ექსტრაქტი და წვენი გამოიყენება კოსმეტიკური მიზნით: კანის გამოსაკვებად, დასატენიანებლად, კანის ზედაპირის გასაახალგაზრდავებლად. ბაბუაწვერა განსაკუთრებით ეფექტურია პიგმენტური ლაქების გასაქრობად და კანის ფერის გასათანარებლად.
ბაბუაწვერას რძიან წვენს პიგმენტური ლაქების და ხალების გასაქრობად იყენებენ. ამ მიზნით ახალ მოკრეფილი ბაბუაწვერას წვენი დაგჭირდებათ. ძირმაგრის, ეგზემას და გამონაყარის სამკურნალოდ ფესვების ცხელი ნაყენი გამოიყენება (შიგნით დასალევად).
ბაბუაწვერა აკნეს და ჭორფლის საწინააღმდეგოდ
ჭორფლის გასაღიავებლად ბაბუაწვერას ახალი ყვავილები და ფოთლები გაწურეთ. 1:1 პროპორციით წყალში გახსენით და მიღებული ნარევით სახე დილა-საღამოს გაიწმინდეთ, 15 წუთში ჩამოიბანეთ. როცა წვენი გაშრება, სახე შრატით ან მჟავე რძით გაიწმინდეთ.
მცენარის ყველა ნაწილს რძიანი წვენი აქვს. მათ პიგმენტურ ლაქებს, ჭორფლებზე, ხალებს, მშრალ კოჭრებზე, გველის და ფუტკრის ნაკბენზე იდებენ.
ჭორფლებისა და პიგმენტური ლაქების დროს 2 ს/კ ბაბუაწვერას დაქუცმაცებული ყვავილები 0,5 ლ წყალში 30 წუთით ხარშეთ, შემდეგ გააგრილეთ და გადაწურეთ. ბოთლში ჩაასხით. ლოსიონით სახე დილა-საღამოს გაიწმინდეთ.
პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ნიღაბი
ახალგაზრდა ბაბუაწვერას ფოთლები (6 ცალი) წვრილად დატეხეთ, ხის ჯოხით დანაყეთ და 2 ჩ/კ უცხიმო ხაჭო აურიეთ. სახეზე ჭოფლების, შავი წერტილების და პიგმენტური ლაქების დროს წაისვით. ნიღბის წასმის წინ დაზიანებული კანი ფოთლების წვენით გაიწმინდეთ. მშრალი კანის შემთხვევაში ფოთლები ხაჭოს, ხოლო ცხიმიანი კანისთვის – ქათმის კვერცხის ცილას აურიეთ. ნიღაბი კანს არბილებს, კვებავს და ატენიანებს.
შავი წერტილების ლოსიონი
3-4 მცენარე მთლიანად, თავისი ღეროთი, ფესვებით, ფოთლებით და ყვავილებით უნდა ამოიღოთ. კარგად გარეცხეთ და ქაღალდზე გააშრეთ, შემდეგ დაჭერით და მინის ქილაში მოათავსეთ. არაყი პროპორციით 1:2 (1 ჭიქა დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას 2 ჭიქა არაყი) დაასხით. ქილას თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და 10 დღით ბნელ ადგილას შეინახეთ.
შემდეგ გადაწურეთ, წყალში (მინერალური ან უბრალოდ ადუღებული) 1:2 პროპორციით გახსენით.
კანის გასათეთრებლად
2 ს/კ ბაბუაწვერას ყვავილებს 0,5 ლ წყალი დაასხით და ნახევარი საათით დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. გადაწურეთ და მიღებული ნახარშით სახე დილა-საღამოს გაიწმინდეთ.
ჭორფლების და პიგმენტური ლაქებისთვის
ბაბუაწვერას და ოხრახუშის წვენები თანაბარი პროპორციით აიღეთ და აურიეთ. ასე ჭორფლების და პიგმენტური ლაქების გამაღიავებელ ეფექტურ საშუალებას მიიღებთ. ლოსიონით ჭორფლები და პიგმენტური ლაქები დღეში 3-ჯერ გაიწმინდეთ, სანამ არ გათეთრდება.
მშრალი კანისთვის
1 ს/კ ბაბუაწვერას ფესვები 1 ჭიქა წყალში 10 წუთით ხარშეთ, შემდეგ გააგრილეთ და გადაწურეთ. 1 ჩ/კ ნაყენი ¼ ჭიქა არაყს და ¼ ჭიქა მდუღარე წყალს აურიეთ. ლოსიონით სახის დილა-საღამოს გაწმენდა რეკომენდებულია.