Connect with us

ჯანმრთელობა

6 მიზეზი, თუ რატომ უნდა თქვათ უარი ყავის დალევაზე

დავა იმის შესახებ, სასარგებლოა თუ არა ყავა, უკვე ასობით წელია, არ წყდება. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასმელი არაერთხელ აკრძალეს. მექაში, როგორც რადიკალური აზროვნების მასტიმულირებელი, იტალიაში – როგორც “სატანის შთამომავალი”, პრუსიაში, როგორც “წყლიანი ჭვარტლი, რომელიც დაავადებას იწვევს”.

შვეიცარიის მეფე გუსტავ III-მ, დარწმუნებულმა იმაში, რომ ყავა შხამია, ჩაატარა მახვილგონივრული ექსპერიმენტი: ორ ტყუპ დამნაშავეს სასიკვდილო განაჩენი გაუუქმა იმ პირობით, რომ ერთ-ერთი მათგანი ყოველდღიურად დალევდა 3 ფინჯან ჩაის, ხოლო მეორე – ყავას.

საბოლოო ჯამში, მეფე ამ ტყუპების დაღუპვამდე გარდაიცვალა. ის, ვინც ჩაის სვამდა, პირველი გარდაიცვალა, 83 წლის ასაკში, ხოლო მისი ტყუპისცალი – რამდენიმე წლის შემდეგ. XVIII საუკუნეში ყავის მიღება განახლდა. რას ამბობს ამის შესახებ მეცნიერება?

2011-13 წლებში, ჰარვარდის უნივერსიტეტში, ჩატარდა მასშტაბური კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ ნატურალური ყავის ზომიერი(1-2 ფინჯანი დღეში) მოხმარება არ ვნებს არც ჰიპერტონიკებს, არც ჯანმრთელ ადამიანს. გარდა ამისა, იგი ამცირებს კიბოს გაჩენის, ინფარქტის, დიაბეტისა და ალცჰაიმერის დაავადების რისკებს.

აი მათ კი, ვინც ყავას ლიტრობით სვამს, უნდა იცოდნენ, რომ დღეში 300 მლ მაფხიზლებელი სასმელი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ ვისთვის და რატომ არ შეიძლება კოფეინის მაღალი დოზის მიღება.

რატომ არ შეიძლება ყავის დალევა

1. ჰიპერტონია

ადრე კითხვაზე, შეიძლება თუ არა ყავა ჰიპერტონიის დროს, ექიმები ერთმნიშვნელოვან უარყოფით პასუხს სცემდნენ, თუმცა, უამრავი ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ყველაფერი გენეტიკურ წინასწარგანწყობილებაზე, დოზირებასა და სასმლის მოხმარების მეთოდზეა დამოკიდებული.

არსებობს გენების ჯგუფი, რომელიც პასუხს აგებს ორგანიზმში კოფეინის დაშლის სიჩქარეზე. რაც უფრო ნელა მიმდინარეობს ეს პროცესი, მით უფრო უსაფრთხოა ყავის დალევა, რამდენადაც იგი ნელა აითვისება და არ იწვევს მყისიერ რეაქციას ნერვული ან გულ-სისხლძარღვთა სისტემების მხრიდან.

იმის გასაგებად, თუ როგორ იღებს თქვენი ორგანიზმი კოფეინს და რამდენ ხანს გრძელდება მისი მოქმედება, ჩაატარეთ მარტივი შემოწმება. გაიზომეთ წნევა მშვიდ მდგომარეობაში, შემდეგ კი მიირთვით 1 ფინჯანი ყავა. 5 წუთში ისევ გაისინჯეთ წნევა.

თუ პირველი ნიშნული 3-5 პუნქტით მაინც გაიზრდება, უმჯობესია, ნაკლებად მაგარი ყავა მიირთვათ. გაისინჯეთ წნევა კიდევ 10/15/20 წუთის შემდეგ, იმის დასადგენად, თუ რამდენ ხანს გრძელდება ეფექტი. თუ 20 წუთში წნევა არ დაიწევს, თქვენთვის ყავა არ შეიძლება.

2. ფეხმძიმობა

ყავა ფეხმძიმობის დროს დასაშვებია, ოღონდ არა ყველასთვის. იგი რეკომენდებულიც კია დაბალი წნევის მატარებლებისთვის, თუმცა არა უზმოზე და სასურველია სასმელში რძის ჩამატება.

ფეხმძიმე ქალის კვების რეჟიმი პირდაპირ ახდენს გავლენას მომავალ ბავშვზე. ყავა, ისევე, როგორც ჩაი, იწვევს ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას. ფეხმძიმობის დროს ხომ ქალი ისედაც კარგავს კალციუმს, არადა ეს ნივთიერება აუცილებელია ბავშვის ძვლების სწორად ჩამოყალიბებისთვის.

ნორვეგიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფეხმძიმობის დროს დიდი რაოდენობით ყავის მიღება იწვევს ბავშვის წონასთან დაკავშირებულ პრობლემებს. რიგ შემთხვევებში, ექიმები ურჩევენ ფეხმძიმეებს არამხოლოდ ყავის, არამედ კოფეინისშემცველი სხვა პროდუქტების შემცირებასაც რაციონში: კაკაო, დესერტები, შოკოლადი, ჩაი.

3. კუჭთან დაკავშირებული პრობლემები

ყავის დალევა არ შეიძლება უზმოზე, რადგან იგი ასტიმულირებს მარილმჟავას გამოყოფას მაშინ, როცა კუჭში ჯერ კიდევ არაა საკვები. მარილმჟავა საჭიროზე უფრო ხშირად გამომუშავდება, რის შედეგადაც ჩნდება საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები.

4. ქოლესტერინის მომატებული დონე

ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ თვითონ ყავაში არ შედის ქოლესტერინი. არც ცხიმიანი და კალორიული სასმელია. თუმცა, ეს სასმელი მაინც მოქმედებს ქოლესტერინის დონეზე. ამის მიზეზია კაფესტოლის შემცველობა. ამ ნივთიერებას შეუძლია სისხლში ქოლესტერინის დონის მნიშვნელოვნად გაზრდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ხსნად ყავაში კაფესტოლი საერთოდ არაა. მას შეიცავს ზეთები, რომლებსაც ყავა ხარშვის დროს გამოყოფს. მათ გასანეიტრალებლად საკმარისია, სასმელი ქაღალდის ფილტრში დაწრიტოთ.

5. უძილობა

საინტერესოა, რომ ყავა ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს, ყველაფერი ინდივიდუალურია. ზოგიერთი ადამიანი, ერთი ფინჯანი მაგარი სასმლის შემდეგ, მთელი ღამე წრიალებს, ვერ იძინებს. სხვები კი ყოველგვარი გავლენის გარეშე იძინებენ. მესამენი, ძილის წინ მიირთმევენ ყავას და ისე იძინებენ, თითქოს საძილე წამალი დალიეს.

ცოტამ თუ იცის, რომ ორგანიზმში მიღებული კოფეინის ნახევარი 6 საათში, ხოლო სრული რაოდენობა მხოლოდ 24 საათში აითვისება და გამოიდევნება. ამიტომ, თუ კოფეინის მიმართ მგრძნობიარე ხართ, უარი თქვით ყავაზე შუა დღის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გელით უძილობა.

6. კბილებთან დაკავშირებული პრობლემები

ყავის მავნე გამოვლინებებს შორის ყველაზე არსებითია მომატებული შარდდენა, რომლის შედეგადაც ორგანიზმიდან ირეცხება კალციუმი და სხვა მინერალები(უფრო ნაკლები რაოდენობით). ეს ყველაფერი აისახება ძვლოვანი ქსოვილის, კბილების, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე. ამიტომ მათ, ვინც ყავას ყოველდღიურად სვამს, რეკომენდებულია რაციონში განსაკუთრებული პროდუქტების ჩართვა, რომლებიც კალციუმს შეიცავს.

თქვენ რამდენ ფინჯან ყავას მიირთმევთ დღეში? შეცვლით მის რაოდენობას ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ?