სახლი და დიზაინი
7 მეთოდი, როგორ აქციოთ პატარა საძინებელი კომფორტულ სივრცედ
საძინებელი თქვენი წმინდა ადგილი უნდა იყოს. იდეალურია, როცა საძინებელ ოთახში პირადი ნივთების შესანახად და დასასვენებლად საკმარისი ადგილია. შეზღუდულ სივრცეში კი მყუდრო საძინებლის მოწყობა რთული ამოცანაა. ხშირად უპირატესობას ვანიჭებთ უფრო ფუნქციურ ვარიანტებს, ვიდრე დიზაინს, შედეგად არეული, მოსაწყენი და უშნო საძინებელი გამოდის.
საწოლი შესანახი ყუთებით ან ჩაშენებული თაროებით უკვე ჩვეულებრივია. სინამდვილეში ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს, რომ პატარა საძინებელი არა მხოლოდ ფუნქციურად დატვირთული, არამედ ელეგანტურიც გახდეს. დღეს Alltime გთავაზობთ 7 მეთოდს, როგორ აქციოთ პატარა საძინებელ კომფორტულ სივრცედ.
1. ჭერი გამოიყენეთ
პატარა საძინებელში სივრცე შეზღუდულია. საკითხს შემოქმედებითად მიუდექით და შეხედეთ იმას, რასაც ხშირად უგულებელყოფდით: ჭერი. დაკიდული დეკორატიული ნივთები არა მხოლოდ ქვემოთ სივრცეს ათავისუფლებს, არამედ ყურადღებას იზიდავს. ასე პატარა ოთახში დიდი მოცულობის ილუზიას შექმნით.
საწოლთან ტუმბოების გამოყენების ნაცვლად სანათები ჭერზე დაკიდეთ. ასე ვერტიკალურ ხაზს შექმნით და ქვემოთ სივრცეს გახსნით, შედეგად ოთახი უფრო ნათელი, ნაკლებად არეული და მოდური გახდება.
დასაკიდი სანათები სხვადასხვა ზომის და სტილისაა: მაგალითად, მარტივი მინის ბურთებით ან წვრილი კრისტალები. ასეთი სანათები შესანიშნავი მეთოდია, რომ ჩვეულებრივი საძინებელი უჩვეულოდ აქციოთ. ყურადღება მიაქციეთ დასაკიდ სანათებს ქვებით ან ბზინვარე ელემენტებით. ისინი სიბნელეში ლამაზად ციმციმებენ და ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნიან.
ამავე პრინციპით, ფანჯრების დაფარვა შეგიძლიათ დაიწყოთ ჭერიდან და არა ფანჯრის დონიდან. ფარდების უმეტესობა შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას მიამაგროთ – ეს შესაძლებლობა გამოიყენეთ. სიგრძე და ფარდების ვერტიკალური ხაზები ჭერს აამაღლებს და ოთახს უფრო დიდს გამოაჩენს. ღია ფერები კი ოთახს პიკანტურობას შემატებს.
2. კედელზე მიამაგრეთ
ეს ხრიკი გამოგადგებათ მოცულობითი ავეჯისთვის: კარადის ან საწოლის ნაწილი კედელზე დაამაგრეთ. ასე საძინებელს უფრო გამარტივებულ იერს მიანიჭებთ.
ტუმბო ან პატარა კომოდი შეგიძლიათ კედელს მიამაგროთ და მის ქვეშ ლამაზ კალათებში ფეხსაცმლის შესანახი ადგილი დატოვოთ. არ დაგავიწყდეთ, სპეციალისტს კითხეთ, თუ რომელ სამაგრზე შეიძლება ავეჯის დაკიდება და კედელი თუ გაუძლებს.
გადახედეთ თქვენს საძინებელს და იპოვეთ ადგილი, სადაც ნივთების შესანახი კარადის ნაცვლად გრძელი თაროების გამოყენება შეიძლება. ამ შემთხვევაში კედელზე მიდგმული სტელაჟი უფრო უკეთ გამოიყურება, ვიდრე მასიური კარადა.
3. საწოლი გამოიყენეთ
თუ ნებისმიერი ზომის საძინებლის ინტერიერში მთავარ აქცენტს საწოლზე გააკეთებთ, არ შეცდებით. და მაინც, ეს განსაკუთრებით აქტუალურია პატარა საძინებელ ოთახში, რადგან ოთახს ინდივიდუალობას მატებს და ყურადღებას ამახვილებს დიზაინზე და არა ოთახის პატარა ზომებზე.
საწოლის კედლის მიმართ ბევრი შემოქმედებითი იდეა არსებობს. ფრესკა, საღებავის ფერი და შპალერი შეიძლება ეფექტური იყოს, თუ ეკონომიურ ვარიანტებს ეძებთ. გალერეის კედლის შექმნით საძინებელს განსაკუთრებულ არომატს შემატებთ.
მოულოდნელი გადაწყვეტილებაა საწოლის დადგმა ფანჯარასთან ან საწოლის უკან ფანჯრის იმიტაცია. კედელზე შეგიძლიათ დეკორატიული ჟალუზები, ნაჭედი რკინის ორნამენტები ან ორიგინალურ ფერში შეღებილი ხე დაამაგროთ. უბრალოდ დარწმუნდით, რომ პანელი ბალიშებს ხელს არ შეუშლის. თქვენი გემოვნებით მოათავსეთ.
4. დასაკეცი ავეჯი შეიძინეთ
საძინებელ ოთახში ყველაზე დიდ ადგილს საწოლი იკავებს. შეზღუდული სივრცის ოპტიმიზაციისთვის დასაკეცი ავეჯი შეიძინეთ. მაგალითად, შეგიძლიათ იპოვოთ დასაკეცი ტუალეტის მაგიდა ან ნოუთბუქის მაგიდა, რომელიც კედელზე მაგრდება. დაკიდული ორგანაიზერი პატარა ნივთების შესანახად სივრცეს მნიშვნელოვნად გააფართოებს.
საძინებელში კლასიკური დასაკეცი ავეჯი, რა თქმა უნდა, ასაწევი საწოლია. ეს შესანიშნავი ვარიანტია, რომ ადგილი მოიგოთ ერთოთახიან ბინაში ან სტუმრების ოთახში, სადაც ხშირად სივრცე კაბინეტთან კომბინირებულია. ასაწევი საწოლის ვარიანტი შეგიძლიათ განიხილოთ, თუ უბრალოდ ძალიან პატარა საძინებელი გაქვთ და დიდ ოთახში წოლას მიჩვეული ხართ. თანამედროვე ასაწევი საწოლი ხშირად კარადაში ან სტელაჟში ჩაშენებულია. შეგიძლიათ გარედან დეკორატიული ელემენტები დაუმატოთ. დაკეცილი მაგიდის ან სკამის უკანა მხარეს დეკორები ოთახს საინტერესო ელემენტს შემატებს.
5. კარს ახლებურად შეხედეთ
მნიშვნელობა არ აქვს, სად მიყავხართ კარს: იქნება ეს ოთახში შემოსასვლელი თუ კარადის ნაწილი – ის ყოველთვის იღება და იხურება. გირჩევთ, ტრადიციული კარები მოდური დასაკეცი ან გასაწევი კარებით ჩაანაცვლოთ. ასეთი კარები ნაკლებ ადგილს იკავებს, რადგან გასაღებად ირგვლივ ადგილი არ სჭირდება.
მეორე მეთოდი კარის ფუნქციის გასაუმჯობესებლად – სინათლის ფილტრებით ან ამრეკლავი მასალით დატვირთეთ. დაბურული მინის კარი ოთახს ნაკლებად ჩაკეტილს გახდის. ანალოგიურად, კარადის სარკიანი კარი ოთახს ვიზუალურად გააფართოებს.
6. სარკეები შემატეთ
სარკე საუკეთესო მეგობარია პატარა საძინებელში. საშუალო და დიდი ზომის სარკეები იქ დადეთ, სადაც გსურთ – მკაცრი წესი არ არსებობს. შეგიძლიათ ერთი სარკე საწოლის ზურგზე დაამაგროთ ან საწოლის თავის მისადებ ფიცარზე, ასევე შეგიძლიათ კარადის კარზე ან შემოსავლელ კარზე დაამაგროთ. სარკე ოთახს უფრო დიდს გახდის და თან ნებისმიერ ბუნებრივ სინათლეს აირეკლავს.
7. სითამამე გამოიჩინეთ
ნათელი დეტალი ყურადღებას იზიდავს და გაიძულებთ, რომ ოთახის ზომები ვერ შენიშნოთ. თუმცა ფერებით თამაშის არ შეგეშინდეთ. ღია ფერის კედელი, ბალახის მსგავსი შპალერი, ბრჭყვიალა ბალიშები, ფერების და ტექსტურების კომბინაცია – ეს ყველაფერი მომგებიანად გამოიყურება.
თუ კომბინაციაში შეცდომების დაშვების გეშინიათ, აუცილებელი არაა დიზაინერს მიმართოთ, უბრალოდ ნებისმიერ ნაცნობს დაუკავშირდით, ვისაც ნახაზების გაკეთება ან ფოტოგრაფია უყვარს. როგორც წესი, ასეთი ხალხი უჩვეულო და ამავე დროს ლამაზ კომბინაციებს ქმნის.