ყვავილები
6 მიზეზი, რატომ არ ყვავილობს ია
ია (სენპოლია) – ბევრისთვის საყვარელი ოთახის ყვავილია. მცენარე სახლის ფანჯრის რაფებს ხშირად ამშვენებს. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან იას სხვადასხვა ფორმის, ფერის და სასიამოვნო სურნელის ყვავილები აქვს. ოთახის მცენარე მინიმუმ ადგილს იკავებს და თიხის ქოთანში საყვარლად გამოიყურება. სწორედ ამიტომ, საწყენია, როცა მცენარე ყვავილობაზე კატეგორიულად უარს ამბობს. Alltime.ge–ს რედაქცია ეცდება გაარკვიოს, თუ რატომ არ ყვავილობს ია.
ყვავილი მარტივი არაა. ასე ყურადღებას ითხოვს. როგორც ნებისმიერი ლამაზმანი, იაც საკმაოდ პრეტენზიულია. მხოლოდ დროული მორწყვით მის კეთილგანწყობას ვერ მოიპოვებთ. 6 მთავარი მიზეზი არსებობს, რის გამოც მცენარე ახალ კვირტებს არ უშვებს.
რატომ ამბობს ია ყვავილობაზე უარს
არასწორი დარგვა
თუ მცენარე თქვენს სახლში გამოჩენის შემდეგ არასდროს აყვავილებულა, შესაძლოა, არასწორად დარგეთ. პირველ რიგში, ქოთანს დააკვირდით. ძალიან დიდი არ უნდა იყოს. ია მთელ ძალას ფესვების სისტემის განვითარებას მოახმარს, რომ მთელი ტერიტორია დაიპყროს.
თუ ქოთანში უკვე გაერკვიეთ, ახლა მიწას მიხედეთ. მგრძნობიარე მცენარე დაბალი ხარისხის მიწას ვერ აიტანს. მიწის მაღალი მჟავიანობა ყვავილის ცუდი განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს. მკვრივი მიწა ფესვებს ჟანგბადთან წვდომაში ხელს უშლის. დროა, შესაფერისი მიწით ჩაანაცვლოთ.
ცუდი განათება
იას ხშირად ფანჯრის რაფაზე დგამენ. აქ, თავის დღიურ ნორმას (დღეში 10-12 საათი) სინათლეს იღებს. როცა ფანჯარა ჟალუზით დახურულია ან პატარა ყვავილი მსხვილი მცენარეებით მუდმივად დაჩრდილულია, პრობლემები იწყება. სენპოლიასთვის მზის პირდაპირი სხივებიც საზიანოა. ასე ფოთლები იწვება, ხოლო ხანგრძლივი ზემოქმედებით მცენარეც შეიძლება დაიღუპოს.
არასწორი მორწყვა
დამწყები მეყვავილეები ჩვევის გამო იას ზემოდან რწყავენ, როგორც სხვა მცენარეებს. ამ გავრცელებული შეცდომის გამო მცენარე ლპება. ასეთ პირობებში ყვავილობაზე ლაპარაკი ზედმეტია. მიწის დასატენიანებლად ჭურჭელში თბილი, დაყენებული წყალი ჩაასხით და მასში ქოთანი მოათავსეთ. ქოთნის ნახვრეტიდან მიწა აუცილებელი რაოდენობის სითხეს შეიწოვს. ონკანის ცივი და ხისტი წყალი არ გამოიყენოთ. პროცედურა კვირაში ერთხელ ჩაატარეთ.
არასწორი ტემპერატურა ან ტენიანობა
სენპოლია ორპირ ქარს და ტემპერატურის ცვლილებებს მოარიდეთ. სტაბილურობა უყვარს. 18-24 გრადუსზე თავს კომფორტულად იგრძნობს. ზაფხულში ქუჩაში ან ღია აივანზე არ გაიტანოთ.
ია მშრალ ჰაერს ცუდად იტანს. სწორედ ამიტომ, რეგულარულად დაატენიანეთ, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. მცენარე პულვერიზატორით არ დანამოთ. წყალი ფოთლებს და ყვავილებს არ უნდა შეეხოს. წყლით სავსე ჭურჭელი ქოთნის გვერდით დადეთ. სითხე აორთქლდება და ჰაერს ტენიანობით გაავსებს.
ჭარბი ან დეფიციტური გამოკვება
იას გამოკვება სჭირდება, მაგრამ ზომიერად. კომპლექსური სასუქი გამოიყენეთ. 10 დღეში ერთხელ მორწყვასთან ერთად მიაწოდეთ. სიმშვიდის ფაზაში სასუქზე უარი თქვით. სენპოლიას დრო სჭირდება, რომ დაისვენოს და ყვავილობის სეზონამდე ძალები მოიკრიფოს. გირჩევთ, სასუქის რეკომენდებული კონცენტრაცია ცოტა შეამციროთ.
ავადმყოფობა და მავნებლები
თუ ფოთლებზე ან ღეროებზე თეთრი ნადები, ლაქები ან ლპობა შენიშნეთ, სასწრაფოდ მისი მკურნალობა დაიწყეთ. მაღაზიებში სპეციალური საშუალებები იყიდება. იგივე მავნებლებსაც ეხება. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ყვავილი, არამედ ქოთანიც დაამუშავეთ.
სწორი მოვლის პირობებში ია 8-9 თვე ყვავილობს. ცოტა შრომა მოგიწევთ, მაგრამ თქვენი ძალისხმევა ანაზღაურდება. კითხვა, რატომ არ ყვავილობს ია, აღარ შეგაწუხებთ.