ყვავილები
5 მცენარე, რომლებიც საძინებელ და საბავშვო ოთახებში არ უნდა გააჩეროთ
„გასულ კვირას კიბესთან გავედი და დავინახე, რომ მეზობელი მონსტერას ქოთანს გარეთ მიათრევდა. იმდენად ლამაზი იყო, რომ დახმარება მომიწია. როცა ქოთანი უკვე ეზოში დავდგით, დავინტერესდი, თუ რა დააშავა საწყალმა ყვავილმა. აღმოჩნდა, რომ მეზობელმა ყველა იმ მცენარის მოშორება გადაწყვიტა, რომელიც ძილში ხელს უშლის.
მეზობელმა მონსტერა და რამდენიმე სხვა მოვლილი ყვავილი პირდაპირ კიბის მოაჯირებზე ჩამოკიდა. თითქოსდა, აქ არ გაიყინება და ზიანს არავის მიაყენებს. ადრე ეს მწვანე მეგობრები მის საძინებელ ოთახს ამშვენებდნენ. აღმოჩნდა, რომ ყველა ოთახის მცენარე ადამიანის დასვენებაზე სასარგებლო გავლენას არ ახდენს.”
Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი ოთახის მცენარეები არ უნდა გააჩეროთ საძინებელ და საბავშვო ოთახებში.
მონსტერა
ალბათ, ყვავილების მოყვარულთა ყოველ მეორე ბინაში ბინადრობს. უპრეტენზიო მცენარე მსხვილი ლამაზი ფოთლებით და ეგზოტიკური ლიანებით აღფრთოვანებას იწვევს. და მაინც, ითვლება, რომ მონსტერა სჯობს საცხოვრებელ შენობაში არ გაზარდოთ. არა მხოლოდ ნეგატიურ აურას ქმნის, არამედ ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია.
ოთახის შროშანი
კიდევ ერთი უპრეტენზიო ლამაზმანი, რომელსაც ბევრი ადამიანი ბავშვობიდან იცნობს. შროშანის არომატს თავბრუს დახვევა, ასევე თავის ტკივილის გამოწვევა შეუძლია. შროშანი ღამით ჟანგბადს აქტიურად შთანთქავს, რის გამოც საძინებელ ოთახში მისი გაზრდა რეკომენდებული არაა.
ნემსიწვერა
ერთი მხრივ, ნემსიწვერა ნერვულ სისტემას ამშვიდებს, ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს და მწერებს აფრთხობს. თითქოსდა ყვავილი საცხოვრებელი ოთახისთვის არის განკუთვნილი. მაგრამ ასე არაა! ყვავილის არომატი ყვავილობის დროს თავის ტკივილს იწვევს. თავად მცენარე ცხოველებისთვის სახიფათოა, ამიტომ სჯობს სამზარეულოში შეინახოთ.
ოლეანდრი ჩვეულებრივი
კიდევ ერთი ლამაზი ყვავილი, რომელზეც ბევრი გიჟდება. მცენარე შხამიანია, მისი არომატი წვენზე არა ნაკლებ სახიფათოა. ყვავილობის პერიოდში სჯობს კარგად განიავებულ შენობაში გაიტანოთ. მოვლის და გადარგვის დროს ხელთათმანები აუცილებლად გამოიყენეთ.
ადენიუმი
ადენიუმის ტანი ბაობაბს ჰგავს, ყვავილები ღია და ეგზოტიკურია. როგორც წინა მცენარე, სუნებზე მგრძნობიარე ადამიანებისთვის (მაგალითად, ასთმიანებისთვის) სახიფათოა. მცენარის ფოთლები, ასევე ყვავილები და ფესვები შხამიანია. მისი წვენი სისხლში მოხვედრისას ინტოქსიკაციას იწვევს. გასაკვირი არაა, რომ აფრიკის ტომებში მას, როგორც შხამს, ისრისპირების მოსაწამლად იყენებდნენ.
გული არ დაგწყდეთ! სინამდვილეში, ძალიან ბევრი ლამაზი და უსაფრთხო მცენარე არსებობს, რომელთა დადგმას საძინებელში ექიმებიც გირჩევთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ სახლში ბავშვები და შინაური ცხოველები ცხოვრობენ. გახსოვდეთ, რომ ოთახის მცენარე ოჯახის ყველა წევრს უნდა შეეფერებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეტ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს!