Connect with us

სხვა

44 წლის ვარ, მარტო ვცხოვრობ, ახლახანს გავიგე, რომ ორსულად ვარ. არ ვიცი, რა გავაკეთო

როგორ გავაკეთოთ ცხოვრებაში ყველაზე რთული არჩევანი, როცა გვერდით არავინ გყავთ, ვინც სწორ გადაწყვეტილებას მიგანიშნებთ ან მორალურად მხარს დაგიჭერთ? ღირს თუ არა 40 წლის შემდეგ ბავშვის გაჩენა, რომ მარტოობის გრძნობა მოიშოროთ? სწორედ ეს კითხვები არ ასვენებს ჩვენს დღევანდელ გმირს, მარინას.

რთული არჩევანი

„44 წლის და ორსული ვარ. ბავშვის მამამ ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი თქვა, როგორც კი ახალი ამბავი შევატყობინე. გზაჯვარედინზე აღმოვჩნდი და არ ვიცი, როგორ მოვიქცე სწორად ამ სიტუაციაში.

მიშასთან შეხვედრამდე მეუღლეს დავშორდი. მშვიდად განვქორწინდით, ზედმეტი სკანდალის და წყენის გარეშე. დიდი ხნის წინ გავაცნობიერეთ, რომ სჯობს ცალ–ცალკე ვიცხოვროთ. უბრალოდ ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ვბედავდით. ერთმანეთს ზედმეტად მივეჩვიეთ თუ რა იყო, არ ვიცი. და მაინც, ეს გარდაუვალი იყო.

განქორწინების შემდეგ მძიმე დეპრესია დამეწყო. თავს ასე მარტოსულად არასდროს ვგრძნობდი. მიშასთან ნაცნობობამ გადამარჩინა. თითქოსდა სუფთა ფურცლიდან ცხოვრების დასაწყებად ახალი შანსი მომეცა და ამით უზომოდ ბედნიერი ვიყავი!

ჩვენი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. გაცნობიდან უკვე 2 კვირაში ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. 6 თვეში მისი ოჯახი უკვე რძალს მიწოდებდა. მჯეროდა, რომ როგორც იქნა ვიპოვე ადამიანი, ვისთან ერთადაც დაბერება, დარდის და სიხარულის გაზიარება მსურდა.

სწორედ ამიტომ, როცა დავორსულდი, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ამ ბავშვის ყოლა მინდოდა, თუმცა ამ ასაკში ბავშვის გაჩენა დიდი რისკის ტოლფასია.

შეუძლებელია იმედგაცრუების სიტყვებით გადმოცემა, რაც მაშინ განვიცადე, როცა მიშამ მითხრა, რომ არ სურდა ბავშვი გამეჩინა. გუშინდელივით მახსოვს ჩვენი საუბარი. ტესტის შედეგით გახარებულმა სამსახურიდან მის დაბრუნებას არ დაველოდე, პირდაპირ დავურეკე, რომ სასიხარულო ამბავი მეთქვა. მხოლოდ ის მითხრა, რომ ეს მის გეგმაში არ შედის და ტელეფონი გამითიშა. იმ საღამოს სახლში არ დაბრუნებულა.

მაშინვე ცხადი იყო, რომ ურთიერთობის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. როგორ უნდა ვიცხოვრო ადამიანთან, რომელსაც მამობა, ქმრობა არ სურს? ასე რომ, რამდენიმე დღეში დავშორდით.

ახლა სრულიად დაბნეული ვარ. მარტოობის გრძნობა დაბრუნდა და უფრო დიდი ძალით დამფარა. შესაძლოა, ბავშვს ამ გრძნობის მოშორება შეუძლია, მაგრამ რამდენად სწორია ბავშვთან მიმართებაში? მამის გარეშე გაზრდა დიდი პასუხისმგებლობაა და დარწმუნებული არ ვარ, რომ გავუმკლავდე. და მაინც, ბავშვის დაკარგვა არ მსურს.“

რას ურჩევდით? როგორ ფიქრობთ, ღირს თუ არა ბავშვის დატოვება ყველა რისკის მიუხედავად? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები!