ჯანმრთელობა
10 სიმპტომი, რომლის უგულებელყოფაც ქალებისთვის არ შეიძლება
ჩვენ გვესმის, რომ მუცლის ან მკერდის მწვავე ტკივილის დროს ექიმთან უნდა გავიქცეთ, მაგრამ როგორ არ გამოგვეპაროს ორგანიზმის დაზიანების უფრო ჩუმი ნიშნები?
ზოგიერთი სიმპტომის უგულებელყოფა რთულია – ჩვენ ნერვიულობას ვიწყებთ, თუ მკერდის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა ან სისხლდენა გვაწუხებს. თუმცა სხეული ყოველთვის აშკარა სიგნალებს არ გვაძლევს.
ქალის ცხოვრება საზრუნავით სავსეა და ხშირად საკუთარ თავისთვის დრო არ რჩება. ეს ქალის გენდერული სოციალიზაციით მძიმდება და ტკივილის და დაღლილობის უგულებელყოფას იწვევს. სუფთა იატაკი ჩვენს ჯანმრთელობად არ ღირს!
გთავაზობთ 10 სიმპტომს, რომელიც შეიძლება ორგანიზმში სერიოზულ დარღვევაზე საუბრობდეს. ექიმს მიმართეთ, თუ ერთი ან რამდენიმე ნიშანი გაწუხებთ.
1. შეშუპება ან მკერდის ფერის ცვლილება
ბევრ ქალს მენსტრუაციის წინ ან ორსულობის დროს მკერდი უსივდებათ, ხშირად ამაში უცნაური არაფერია. თუ მკერდი ციკლის ფაზის მიუხედავად სივდება ან ლოკალური შეშუპება გაქვთ, ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ.
შეშუპება ან ფერის ცვლილება (იისფერი ან წითელი ლაქების გაჩენა) შეიძლება სარძევე ჯირკვლის ანთებითი სიმსივნის ნიშანი იყოს.
ეს დაავადება საკმაოდ იშვიათია, მაგრამ სწრაფად პროგრესირებს. მსგავსი სიმპტომები შეიძლება სარძევე ჯირკვლის ინფექციური დაავადების დროს გქონდეთ. მამოლოგთან ჩაეწერეთ, თუ ფერის ან ფორმის, ასევე კანის ცვლილებას შეამჩნევთ.
2. მუცლის შებერილობა
შებერილი მუცელი ხშირი მენსტრუაციული სიმპტომია. გარკვეულ პროდუქტზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რეაქციამ შეიძლება 1-2 დღე სიმძიმის შეგრძნება გამოიწვიოს. თუ მუცლის შებერილობა 1 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, ეს შეიძლება საკვერცხეების სიმსივნის ნაადრევი ნიშანი იყოს.
საკვერცხეების სიმსივნის სხვა სიმპტომები:
- სწრაფი დანაყრება და „დანაყრების“ შეგრძნება
- მენჯის ტკივილი
- ხშირი შარდვა
- ენერგიის ნაკლებობა
- ვაგინალური სისხლდენა (მენოპაუზის შემდეგ)
- ანომალური ვაგინალური სისხლდენა ან გამონადენი პრემენოპაუზის დროს
ყველა ამ ნიშნის გამორჩენა ადვილად შეიძლება, ამიტომ საკვერცხეების სიმსივნე ხშირად გვიან სტადიაზე ვლინდება. გინეკოლოგს გაესაუბრეთ, თუ უჩვეულო ან ხანგრძლივი დროით მუცლის შებერილობა გაქვს.
3. შავი განავალი ან სისხლი განავალში
განავლის ფერი რაციონის ან მიღებული მედიკამენტის მიხედვით იცვლება. რკინის ან აქტივირებული ნახშირის დანამატმა შეიძლება განავალი შავი გახადოს, ჭარხლის მიღებამ კი ყავისფერი.
თუ მსგავსი არაფერი არ მიგიღიათ, განავალი კი შავი, მუქი ღვინისფერი ან წითელი ფერია, ეს შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლდენის ნიშანი იყოს.
რაც უფრო მუქი ფერისაა განავალი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლდენის უფრო მეტი წყარო მდებარეობს.
სისხლდენა შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი დაავადებებით:
- ბუასილი
- წყლული
- დივერტიკულიტი
- ნაწლავების ანთებითი დაავადება
- ონკოლოგია
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებები
შინაგანი სისხლდენა შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს – ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ!
4. უჩვეულო ქოშინი
კიბეზე ასვლის ან ავტობუსთან სირბილის დროს ქოშინის შეგრძნება ნორმალურია, მაგრამ მსუბუქი აქტივობის შემდეგ ქოშინი შეიძლება ფილტვების ან გულის სერიოზული პრობლემის ნაადრევი ნიშანი იყოს, ამიტომ არ უგულებელყოთ.
ქოშინის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი გულის იშემიური დაავადებაა.
გულის იშემიური დაავადება გულის კუნთებში სისხლის ნაკლებობაა, რაც არტერიების ნაწილობრივი ან სრული დაბლოკვით არის გამოწვეული. როგორც ნაწილობრივი, ასევე სრული დაბლოკვა გულის შეტევის მიზეზი შეიძლება გახდეს.
სამედიცინო დახმარებას დაუყონებლივ მიმართეთ, თუ ქოშინს თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:
- ტკივილი ან დისკომფორტი მკერდში
- გულისრევა
- თავბრუსხვევა
5. მუდმივი დაღლილობა
ჩვენ, ყველა ზოგჯერ ზედმეტი მუშაობით ან გამოუძინებლობით ვიღლებით. თუ ეს გრძნობა არ ქრება, დროა თერაპევტს მიმართოთ. მუდმივი დაღლილობა შეიძლება დაავადების ნიშანი იყოს.
მუდმივი დაღლილობის გრძნობის ხშირი მიზეზებია:
- დეპრესია
- თირკმლის უკმარისობა
- ანემია
- სიმსივნე
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
- ღვიძლის უკმარისობა
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
- აპნოე
- დიაბეტი
6. წონის უმიზეზოდ დაკარგვა
ჩვენ რაციონის შეცვლით და ვარჯიშის დაწყებით ვიკლებთ, მაგრამ წონის უმიზეზოდ კლებამ უნდა შეგაშფოთოთ! ვიკიპედიით თვითდიაგნოზის დასმა არ ღირს, ექიმს მიმართეთ.
წონის უმიზეზო დაკარგვის შესაძლო მიზეზებია:
- სიმსივნე
- შიდსი
- ცელიაკია
- დიაბეტი
- გულის დაავადება
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადება
7. სახესა და მკერდზე თმის ზრდა
სახეზე თმის ზრდა არა მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემაა. თმის ზრდა მკერდზე ან სახეზე ჩვეულებრივ ანდროგენების (მამაკაცის ჰორმონების) დონის ზრდით არის გამოწვეული. ეს შეიძლება საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის სიმპტომი იყოს.
საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი ყველაზე მეტად გავრცელებული ჰორმონალური დარღვევაა რეპროდუქციული ასაკის ქალებში.
საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის სხვა ხშირი სიმპტომები:
- აკნე ზრდასრულ ქალებში
- სიმსუქნე
- არარეგულარული მენსტრუაცია
- მაღალი არტერიული წნევა
8. კუჭის ქრონიკული პრობლემები
ზოგჯერ კუჭის აშლილობაში სახიფათო არაფერია, მაგრამ თუ ქრონიკულად ხდება, ეს შეიძლება გაღიზიანებული ნაწლავების სინდრომის ნიშანი იყოს.
გაღიზიანებული ნაწლავების სინდრომის სიმპტომები:
- ტკივილი და სპაზმები მუცელში
- დიარეა
- ყაბზობა
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე კაცებში. მისი სიმპტომები შეიძლება კუჭის აშლილობაში ან უხარისხო საკვებით გამოწვეულ დისკომფორტში აგვერიოს.
თუ განწყობა ნორმალურ ცხოვრებაში ხელს გიშლით, ექიმს დიაგნოზის დასასმელად მიმართეთ.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი გარკვეული მედიკამენტებით იკურნება, მაგრამ წარმატების მთავარი ფაქტორი – კვების რაციონი და ცხოვრების წესი.
კუჭ-ნაწლავის პრობლემები შეიძლება სხვა სერიოზული პრობლემის ნიშანი იყოს. უყურადღებოდ არ დატოვოთ.
9. ვაგინალური სისხლდენა მენოპაუზის შემდეგ
მენოპაუზა მაშინ დგება, როცა ორგანიზმი ოვულაციას და მენსტრუაციულ ციკლს წყვეტს. თვიურებს შორის პერიოდი ხანგრძლივდება, შემდეგ საერთოდ წყდება. 1 წელი მენსტრუაციის არ ქონის შემდეგ პროცესი შეიძლება დასრულებულად მივიჩნიოთ.
მენოპაუზის შემდეგ ზოგიერთ ქალს ცხელება და საშოს საცხის დეფიციტი აწუხებს – ეს ნორმალურია.
აი, ვაგინალური სისხლდენა მენოპაუზის შემდეგ – სახიფათო ნიშანია და დაუყონებლივ ექიმთან ვიზიტს მოითხოვს.
ეს შეიძლება სერიოზული პრობლემების ნიშანი იყოს, მათ შორის:
- საშვილოსნოს მიომა
- ენდომეტრიოზი
- ონკოლოგია
10. ინსულტის სიმპტომები
ინსულტის ან გარდამავალი იშემიური შეტევის სიმპტომების შესახებ ყველა ზრდასრულმა უნდა იცოდეს. მას ზოგჯერ „მიკროინსულტსაც“ უწოდებენ. ინსულტისგან განსხვავებით იშემიური შეტევა თავის ტვინის შეუქცევად დაზიანებას არ იწვევს. თუმცა, მისი გადატანის შემდეგ 1/3-ს ინსულტი ემართება.
რა არის ინსულტი?
ინსულტი – ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რის გამოც ტვინის უჯრედები ჟანგბადის გარეშე რჩება და კვდება. დარღვევა შეიძლება სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვიოს, ყველაზე ხშირია სისხლძარღვების დახშობა, მაგალითად, სქელი სისხლით ან სისხლძარღვების კედლებზე ცხიმოვანი მჟავების დაგროვებით – იშემიური ინსულტი (80% შემთხვევაში გვხვდება).
გარდამავალი იშემიური შეტევის ან ინსულტის სიმპტომები:
- სისუსტე, ხშირად მხოლოდ ერთი მხრიდან
- კუნთების სისუსტე, ხშირად მხოლოდ ერთი მხრიდან
- თავის ტკივილი
- თავბრუსხვევა
- მხედველობის დაკარგვა ერთ ან ორივე თვალში
- მეტყველების პრობლემები
თუ ეს ან რამდენიმე სიმპტომი გაქვთ, დახმარებისთვის ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ. ექიმები რაც უფრო ადრე დაიწყებენ მკურნალობას, ხანგრძლივი გვერდითი ეფექტების რისკი უფრო ნაკლები იქნება.