ჯანმრთელობა
ჯანმრთელობის კალენდარი: 12 ცვლილება, რის გამოც 1 წელში „მადლობას“ იტყვით
თვეში მხოლოდ ერთი სასარგებლო ჩვევა და უკვე ერთ წელში ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ.
ყველაზე დიდი მიღწევები მცირე ცვლილებებით და მარტივი ჩვევებით იწყება. თუ ყოველდღე 15 წუთს ახალ სასარგებლო ჩვევას დაუთმობთ, უკვე ერთ წელში ნამდვილად შთამბეჭდავ შედეგს მიაღწევთ. რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა, თითქმის თავისთავად, შეუმჩნევლად მოხდება. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მცირე ექსპერიმენტი ჩაატაროთ და ყოველთვე ცხოვრებაში 1 პატარა ცვლილება შეიტანოთ. სრული პასუხისმგებლობით გპირდებით: 12 თვის შემდეგ გაცილებით ენერგიული და ჯანმრთელი გახდებით!
თვე 1: ყოველ კვირა 15 წუთით ადრე დაწექით
როდის უნდა დაწვეთ, თუ არა ახლა? როდის უნდა დაიწყოთ ძილზე ექსპერიმენტები, თუ არა არდადეგებზე? ყველაზე კარგი რამ, რაც შეგიძლიათ საკუთარ თავს გაუკეთოთ – ძილის მოწესრიგება. სრულყოფილი ღამის დასვენება გულ–სისხლძარღვთა სისტემას არეგულირებს, ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს მხარს უჭერს, სტრესსთან ბრძოლაში, სიბერის და სიმსივნის შეფერხებაშიც კი გეხმარებათ. რთულია მთელი თავისუფალი საათი იპოვოთ და ადრე დაწვეთ, თუმცა თუ ყოველ კვირა 15 წუთს დაამატებთ (მაგალითად, ინტერნეტში თვალიერების ან წიგნის რამდენიმე გვერდის წაკითხვის ხარჯზე), ერთ თვეში ამ საათს შეუმჩნევლად დააგროვებთ. თავს კი გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
თვე 2: მზისგან დამცავი კრემი გამოიყენეთ
დერმატოლოგები გაფრთხილებთ: უმეტესობა ჩვენგანი კანს მზისგან სათანადოდ არ იცავს. არადა ამ საშუალების რეგულარული გამოყენება ულტრაიისფერი სხივებისგან გვიცავს – ყველაზე ეფექტური საშუალება კანის სიმსივნის საპროფილაქტიკოდ. შეარჩიეთ კრემი SPF 30 ან 50 და ყოველდღე გამოიყენეთ, თუნდაც ღრუბლიანი ამინდი იყოს და სანაპიროზე გასვლას არ აპირებდეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ დაცვა თავის კანს, ხელებს და თმასაც სჭირდება.
თვე 3: გული დაიცავით და გააძლიერეთ
გულის დაავადებები კვლავ სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად რჩება. ექიმები არ იღლებიან შეხსენებით: ცხოვრების წესი გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკზე ძლიერ გავლენას ახდენს. ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი სიარულია. დღეში 15-30 წუთი კარდიო დატვირთვა რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. დილის ვარჯიშების მცირე კომპლექსი, ფეხით სიარული საღამოს, სამსახურის შემდეგ (რაც სამუშაო დღის შემდეგ სტრესსაც აქრობს), ლიფტის ნაცვლად კიბის გამოყენება – ყველა ეს ცვლილება გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, წელიწადში ერთხელ მაინც გულზე გამოკვლევა ჩაიტარეთ – უბრალოდ დარწმუნდით, რომ ძველებურად ძლიერია და კარგად მუშაობს.
თვე 4: მხედველობაზე იზრუნეთ
სიბრმავის ან მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვის შიში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებულია, მაგრამ ამასთან უმეტესობა ჩვენგანი თვალის დასაცავად არაფერს აკეთებს. მათ შორის ყველაზე მარტივს – თვალის დაცვა ულტრაიისფერი სხივებისგან. მარტი, პირველი თვეა, როცა მზე ნამდვილად კაშკაშა ხდება და ყველაზე შესაფერისი დროა, რომ ახალი სასარგებლო ჩვევა შეიძინოთ – მზისგან დამცავი სათვალის ტარება. წვრილმანია? ასე არა მხოლოდ თვალებს (არ დაგავიწყდეთ, რომ მელანომა არა მხოლოდ კანზე, არამედ თვალში ვითარდება), არამედ მის ირგვლივ ნაზ კანს დაიცავთ.
თვე 5: მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვით
5 ულუფა ახალი ხილი და ბოსტნეული – ყოველდღიური მინიმუმი, რაც კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ჯანსაღი მუშაობისთვის აუცილებელია. დაიწყეთ იმით, რომ ყოველი საკვების მიღებას ერთი ბოსტნეული ან ხილი დაუმატოთ – რთული არაა, შედეგს კი ძალიან მალე დაინახავთ.
თვე 6: გრიპის ვაქცინა გაიკეთეთ
ასეთი ვაქცინის გასაკეთებლად საუკეთესო დრო ოქტომბერია. არ დაგავიწყდეთ, რომ მინიმუმ 2 კვირაა საჭირო, რომ იმუნიტეტი სრულად ჩამოყალიბდეს. სჯობს ვაქცინა რაც შეიძლება ადრე გაიკეთოთ, რომ გრიპის სეზონს შეიარაღებული შეხვდეთ.
თვე 7: ნაკლები შაქარი შეჭამეთ
თუ ყავას ან ჩაის შაქრით სვამთ, დაიწყეთ იმით, რომ დღეში ერთ ფინჯანში 50%–ით ნაკლები შაქარი ჩაყარეთ ან თაფლით ჩაანაცვლეთ. კიდევ ერთი მარტივი მეთოდი: 1 დღის დესერტი ერთი ულუფა ჩირით ჩაანაცვლეთ (აირჩიეთ ის, რომელიც შაქრის სიროფის გარეშეა მომზადებული). ეს ყველაფერი წვრილმანია და დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს – შედეგი კი შთამბეჭდავია.
თვე 8: პატარა ზომის თეფშიდან შეჭამეთ
ხშირად 15-20%–ით მეტს ვჭამთ, ვიდრე გვჭირდება იმის გამო, რომ ძალიან სწრაფად ვჭამთ და დანაყრების სიგნალს ვერ ვიგებთ. ლოგიკური რჩევის გარდა, რომ ნელა ჭამოთ და სხვა რამეზე არ გადაერთოთ, კიდევ ერთი ხრიკი არსებობს. პატარა ზომის ჭურჭელი გამოიყენეთ: ასე ულუფები ვიზუალურად დიდი გამოჩნდება და შეჭამთ ზუსტად იმდენს, რამდენიც გჭირდება. ამასთან შიმშილი არ შეგაწუხებთ.
თვე 9: გამოკვლევები ჩაიტარეთ
რამდენიმე დღე დახარჯეთ და ჯანმრთელობა შეამოწმეთ. სისხლის და შარდის ანალიზები გაიკეთეთ, მნიშვნელოვან ორგანოებზე ექოსკოპია გადაიღეთ (გული, ფარისებრი ჯირკვლები, მუცლის ღრუს და მენჯის ორგანოები), გინეკოლოგთან და მამოლოგთან, ასევე სტომატოლოგთან და ოფთალმოლოგთან გამოკვლევები გაიარეთ.
თვე 10: ნახშირწყლების რაოდენობა შეამცირეთ
არა ნებისმიერი, არამედ „ცარიელი“. ნახშირწყლები ორგანიზმს სჭირდება და მათი მიღება მნიშვნელოვანია, ოღონდ ბოსტნეულიდან, მთელი მარცვლეულის პროდუქტებიდან და მარცვლეულიდან. თეთრი ბრინჯი ყავისფერით ჩაანაცვლეთ, ჩვეული გარნირი პარკოსანი პროდუქტებით ჩაანაცვლეთ, შვრია ხშირად მიირთვით – ასე არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე იზრუნებთ, არამედ ფორმებსაც გააუმჯობესებთ.
თვე 11: დღეში 5 წუთი მედიტაციას დაუთმეთ
სტრესი ჩვენი მუდმივი თანამგზავრი და უცვლელი მტერია, რომელიც ჩუმად ჯანმრთელობას აზიანებს. მედიტაცია ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდია, რომლის დახმარებით ყოველდღიურ სტრესს გაუმკლავდებით, მის შედეგებს შეამცირებთ ან საერთოდ მოიშორებთ. გარდა ამისა, კვლევამ დაამტკიცა, რომ მედიტაცია ბედნიერების დონეს ზრდის – ეს კი წლის ყველაზე სევდიან თვეს აუცილებელია.
თვე 12: დღეში 1 ჭიქა ღვინით ნაკლები დალიეთ
კარანტინი – სტრესი + მარტოობა + ჭარბი დრო, რომელიც რაღაცით უნდა შეავსოთ. საკმაოდ სახიფათო კომბინაციაა. ზოგჯერ ეს ყველაფერი უვნებელი გვგონია, მაგრამ სინამდვილეში თითოეული პორცია ალკოჰოლი სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკს ზრდის, ასევე ნივთიერებათა ცვლას არღვევს და ძილზე ცუდ გავლენას ახდენს. ალკოჰოლზე სრულად უარის თქმას არ გთავაზობთ, უბრალოდ ერთი ჭიქით შეამცირეთ. ორგანიზმი „მადლობას“ ნამდვილად გეტყვით!