Connect with us

ჯანმრთელობა

წყლის დღიური ნორმა: რატომ არის სახიფათო ბევრი სითხის დალევა

პირველი, რასაც წონის დასაკლებ სტატიებში გვირჩევენ, – ბევრი წყალი. ხშირად გაიგონებთ, რომ დღეში მინიმუმ 2 ლ წყალი უნდა დალიოთ. ამ პოპულარულ მოსაზრებას კიდევ 8 ჭიქის წესს უწოდებენ. თითქოსდა თუ წყლით სავსე ბოთლს გვერდით დაიდებთ და მუდმივად ბევრ სითხეს დალევთ, ავადმყოფობა და ზედმეტი კილოგრამები გაქრება. ამის გაკეთება არ შეიძლება მანამ, სანამ არ გაიგებთ, რამდენია წყლის დღიური ნორმა თქვენთვის.

Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, წყლის დღიური ნორმა გამოთვალოთ და სწორად დალიოთ, რომ ორგანიზმი გააჯანსაღოთ და ზედმეტი კილოგრამებიც მოიშოროთ.

ბოლო კვლევებმა პოპულარული რჩევა მითად აქცია. ეს მითი არა მხოლოდ სარგებელს არ მოგიტანთ, არამედ ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებს. აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები.

როგორ გამოვთვალოთ წყლის დღიური ნორმა

უდავოდ, წყალი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მასზე დამოკიდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობა, გარეგნობა და განწყობა. ოღონდ ყველას საკუთარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები აქვს. სწორედ ამიტომ, ყველას ერთ კატეგორიაში ვერ მოვათავსებთ და დღეში კონკრეტული რაოდენობის წყალს ვერ დავუწესებთ. უფრო მეტიც, ამის გაკეთება საჭირო არაა.

ყველას განსხვავებული წონა, ნივთიერებათა ცვლა და ასაკი აქვს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ამინდის პირობები. თუ ყოველდღე 2 ლ წყალს სვამთ, შეამჩნევთ, რომ ამის გაკეთება გიჭირთ. რა მოხდება, თუ ნორმას გადააჭარბებთ? საერთოდ არსებობს?

სერკან ცილდიზი, ნეფროლოგი თურქეთიდან, თავის პაციენტებს აფრთხილებს: არ დალიოთ ძალიან ბევრი წყალი. გაგიკვირდებათ, მაგრამ მედიცინაში არსებობს წყლით მოწამვლის ცნება. დიახ, ჩვეულებრივი, სუფთა წყლით.

ამას ჰიპონატრემიას უწოდებენ. როცა ადამიანი ძალიან ბევრ წყალს სვამს, ორგანიზმში მარილის რაოდენობა მკვეთრად მცირდება. მარილი ბევრ მეტაბოლურ პროცესში მონაწილეობს და რაც ყველაზე ირონიულია, წყლის ათვისებას ხელს უწყობს. მარილის დეფიციტის დროს წყალი ორგანიზმში ხვდება, მაგრამ მასში დიდხანს არ ჩერდება. ჩაკეტილი წრე გამოდის.

ამ დროს აღინიშნება გულისრევა, გონების დაბინდვა, თვალებში ჩხვლეტა, თავის ტკივილი. ყველაზე მძიმე შემთხვევაში კომა. გამოდის, წყალიც კი საფრთხის შემცველია, თუ ზომიერებას არ დაიცავთ. რა არის ზომა? საიდან გაჩნდა მითი, რომ დღეში 2 ლ წყალი აუცილებელია?

1974 წელს ფრედერიკ სტარმა და მარგარეტ მაკ–ვილიამსმა დაწერეს წიგნი „კვება კარგი ჯანმრთელობისთვის“. სწორედ მასში პირველად არის ნახსენები მტკიცებულება, რომ ზრდასრულ ადამიანს დღეში 6-8 ჭიქა წყალი სჭირდება.

ოღონდ ავტორები სუფთა სითხეს არ გულისხმობდნენ. 2 ლ სითხეში იგულისხმება ყავა, ჩაი, წვნიანი, ხილი და სხვა პროდუქტი. საშუალო სტატისტიკური ადამიანის რაციონში ზემოდან 2-3 ჭიქა წყალი კარგია! წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ყოველდღე 8 ჭიქა წყალს დალევთ.

თუმცა ეს სპორტსმენებს არ ეხებათ. მათ, ვინც აქტიურად ვარჯიშობს, ბევრი წყლის დალევა ნამდვილად სჭირდება. თუმცა ზომიერება აქაც უნდა დაიცვათ.

ყველაზე სწორი და მოქმედი მეთოდი თქვენი დღიური ნორმის დასადგენად: წყურვილზე ორიენტაცია. პირის სიმშრალე ან არამოტივირებული შიმშილის გრძნობაც წყურვილზე მიგანიშნებთ. ასეთი რამ ნამდვილად არ გამოგრჩებათ. არასდროს დალიოთ იმაზე მეტი წყალი, ვიდრე ორგანიზმი ითხოვს.