Connect with us

სახლი და დიზაინი

ჩვარს კონდიციონერს ვასხამ და მტვერი მზეზე აღარ ფრიალებს

ყოველდღე ბინაში როგორღაც საძულველი მტვერი ჩნდება. ის ფანჯრის რაფაზე, ავეჯსა და იატაკზე ჩნდება. თუ სახლში ცხოველიც ცხოვრობს, ამ ყველაფერს ბეწვიც ემატება. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოიშოროთ მტვერი და როგორ გაახანგრძლივოთ სისუფთავის ეფექტი რამდენიმე დღე. ასევე გიამბობთ საოცარ ჩვარზე, რომლის გამოყენების შემდეგ ზედაპირზე მტვერი კიდევ დიდხანს არ ჩნდება.

როგორ მოვიშოროთ მტვერი ბინაში

სველი წმენდა ზემოდან ქვემოთ

თუ სახლის დალაგებას ქვემოდან იწყებთ, მტვერი პროცესში ზემოთ ავა. ხოლო როცა ავეჯს სველი ჩვრით გადაწმენთ, იატაკის თავიდან მოწმენდა მოგიწევთ. ჩაკეტილი წრე რომ გაარღვიოთ, წესად გქონდეთ მტვრის ზემოდან გადაწმენდა: ჭაღიდან კომოდამდე, შემდეგ უკვე იატაკის წმენდა.

ავეჯი

რბილი ავეჯი ბინაში მტვრის ყველაზე დიდი წყაროა. დივნები და სავარძლები რაც შეიძლება ხშირად მტვერსასრუტით გაწმინდეთ. სჯობს ორთქლმწმენდი აპარატი გამოიყენოთ. ასე ბინაში სუნთქვა გაგიადვილდებათ და მტვრის ტკიპებსაც მოიშორებთ. გადასაფარებლები და ბალიშები არ დაგავიწყდეთ. და კიდევ, საყვარელ, ფუმფულა ცხოველებს დივანზე ასვლის უფლებას ნუ აძლევთ. მკაცრად ჟღერს, მაგრამ შინაურ ცხოველებს ქუჩიდან ბევრი ჭუჭყი და მტვერი მოაქვთ. ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქვეშ დალაგება რთულია, არადა აქ ბევრი მტვერი გროვდება. კვირაში ერთხელ დივნების და სამზარეულოს გარნიტურის ქვეშ იატაკი სველი მეთოდით გადაწმინდეთ.

ფარდები და ჟალუზები

რამდენად ხშირად რეცხავთ ფარდებს და ჟალუზებს? როცა ცხელა, ფანჯრებს ფართოდ ვაღებთ. ქუჩიდან კი მტვერი პირდაპირ ფანჯარაში მოფრინავს. ფარდები და ჟალუზები ელვის სისწრაფით მტვრის დამგროვებელი ობიექტები ხდება, ამიტომ სისუფთავეზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ. სხვათა შორის, ჟალუზები რომ არ ჩამოხსნათ და ისე გაწმინდოთ, ბამბის წინდა გამოიყენეთ. სველი წინდა ხელზე ჩამოიცვით და რკინის ფირფიტები გადაწმინდეთ. ესეც ასე, სპეციალური მოწყობილობა არ გჭირდებათ. გამწოვები, კონდიციონერის ფილტრები თვეში ერთხელ უნდა გაწმინდოთ. კონდიციონერში მტვრის გარდა ობიც წარმოიქმნება, რომელიც შენობაში ჰაერს წამლავს.

პატარა დეკორი

რბილი სათამაშოები და პატარა ნივთები ბინიდან მოიშორეთ ან რომელიმე ყუთში შეინახეთ. ისინი ბევრ მტვერს აგროვებენ. რაც უფრო ნაკლები პატარა ნივთი იდება ზედაპირზე, მით უფრო ნაკლები მტვრის შეგროვება და მოშორება მოგიწევთ.

დამატენიანებელი

შენობაში არასაკმარისი ტენიანობა მტვრის დაგროვებას ხელს უწყობს. ცოტა ხნით მტვრის თავიდან ასაცილებლად ჰაერის დამატენიანებელი ჩართეთ. დალაგებას შეგიძლიათ არომათერაპია შეუთავსოთ, თუ დამატენიანებელს წვეთ ეთერზეთს დაუმატებთ. სხვათა შორის, ეთერზეთები სახლში უსიამოვნო სუნებს აქრობენ.

საოცარი ჩვარი

ბინაში მტვერი დიდი ხნით რომ მოიშოროთ და სასიამოვნო არომატით გაამდიდროთ, სველი წმენდის მეთოდი გამოიყენეთ. მტვრის გადასაწმენდ ჩვარს თეთრეულის სავლები კონდიციონერი დაუმატეთ. კონდიციონერი ავეჯის ზედაპირზე უხილავ ფირს ქმნის და მტვრის ნაწილაკებს იშორებს, თან სასიამოვნო სუნს აფრქვევს და ზოლებს არ ტოვებს.

დასალაგებლად დაგჭირდებათ მშრალი და თეთრეულის კონდიციონერის ხსნარში დასველებული ჩვრები. ღრმა ჭურჭელში 600 მლ წყალი და 1,5 თავსახური კონდიციონერი აურიეთ. ამ ხსნარში ჩვარი დაასველეთ და ავეჯი გადაწმინდეთ. ამის შემდეგ მშრალი, სუფთა ჩვრით გაამშრალეთ.

სახლის დასალაგებლად მიკროფიბრის ჩვრების გამოყენება ძალიან მიყვარს. კონდიციონერთან ერთად სასწაულმოქმედი ჩვარი ხდება, რომელიც მტვერს და თითის ანაბეჭდებს მოგაშორებთ. თქვენ რომელი ეფექტური საშუალებით ებრძვით მტვერს?