Connect with us

თავის მოვლა

შამპუნს ბიუჯეტურ საშუალებას ვუმატებ, რომ თმის მდგომარეობა გავაუმჯობესო

ძვირადღირებული პროფესიონალური თმის მოვლის საშუალებები ყოველთვის ეფექტური არაა. Аlltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გააუმჯობესოთ თმის მდგომარეობა ბიუჯეტური საშუალებების გამოყენებით. შამპუნს რამდენიმე წვეთი ეს საშუალება დაუმატეთ და თმა აბრეშუმივით ნაზი გახდება.

ბიუჯეტური დანამატები შამპუნში თმის გასაძლიერებლად

დანამატები ძვირიან და იაფ შამპუნებზე ერთნაირად ეფექტურია, ამიტომ თქვენს შამპუნს თამამად დაუმატეთ და გამოიყენეთ. გიამბობთ, რა შეგიძლიათ დაუმატოთ შამპუნს და რა შედეგის მიღებას შეძლებთ.

ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი აუცილებლად მაღალი ხარისხის, მექანიკურად დაწურული, ანუ Extra Virgin კატეგორიის უნდა იყოს. ზეითუნის ზეთი მდიდარია მონო უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, E ვიტამინით, პოლიფენოლებით და მრავალი სხვა სასარგებლო ნივთიერებით.

შესაფერისია:

ყველა ტიპის თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

გამოყენების წესი:

2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი 250 გრამ შამპუნს დაუმატეთ. ერთი დაბანისთვის საკმარის შამპუნს ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი დაუმატეთ.

ბირკავას ზეთი

ამ ზეთს თმის გასაზრდელად და გასაძლიერებლად ხშირად იყენებენ. მშრალ, მტვრევად, საღებავით ან ქიმიური დახვევით დამწვარ თმას შეეფერება. ბირკავას ზეთი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, A, E, B ჯგუფის ვიტამინებით. ნიკოტინის მჟავა თმას ზრდის, ასკორბინის – ატენიანებს. ინულინი თმას იცავს და ტენის გამოსვლას აფერხებს.

შესაფერისია:

ბირკავას ზეთი ძალიან ცხიმიანია, ამიტომ მშრალ თმას შეეფერება.

გამოყენების წესი:

თუ თმა ძალიან დაზიანებულია, ზეთი შამპუნს ყოველი დაბანისას დაუმატეთ. შეგიძლიათ 1 ს/კ ზეთი 250 გრამ შამპუნს დაუმატოთ.

ეთერზეთები

ეთერზეთები ცხიმიან თმაზე გამოგადგებათ. ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ცხიმიანობას ამცირებს, თავის კანს აჯანსაღებს. გამოგადგებათ შემდეგი მცენარეების ეთერზეთები: ილანგ–ილანგი, ჩაის ხე, როზმარინი, ციტრუსი (ლიმონი, ფორთოხალი და მანდარინი). ბონუსად თმას სასიამოვნო სურნელი ექნება.

შესაფერისია:

მათთვის, ვისი თმაც სწრაფად ცხიმიანდება.

გამოყენების წესი:

მხოლოდ რამდენიმე წვეთი დაგჭირდებათ, რადგან ეთერზეთი ძალიან კონცენტრირებულია. ერთი დაბანისთვის საჭირო რაოდენობის შამპუნს 1–2 წვეთი ეთერზეთი დაუმატეთ. დროდადრო ეთერზეთები შეცვალეთ.

გლიცერინი

გლიცერინს თმის მოვლის პროფესიონალურ საშუალებებში უმატებენ. თმას ფირივით ეხვევა, იცავს და დაზიანებულ თმასაც მოვლილ იერს ანიჭებს. თმის უჯრედებს ავსებს, გლუვს და ბზინვარეს ხდის. თმას კვებავს და ატენიანებს. უამინდობისა და ტენიანობისგან იცავს.

შესაფერისია:

მშრალ თმაზე, ტენიანობისგან ხვეულ თმაზე, გაყოფილ ბოლოებზე.

გამოყენების წესი:

გლიცერინი ხშირად არ გამოიყენოთ. მისი ფირის ქვეშ თმა სუნთქვას ვერ შეძლებს. თუ კონკრეტული საღამოსთვის ლამაზი თმის მიღება გსურთ, შამპუნი გლიცერინით 2–3–ჯერ ზედიზედ გამოიყენეთ. ერთჯერადად 5 გრამი გლიცერინი საკმარისია.

Advertisement