Connect with us

თავის მოვლა

ტრიქოლოგმა მიამბო, როგორ დავიბანო თავი იშვიათად, თუ თმა სწრაფად ცხიმიანდება

თმის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა (განსაკუთრებით ქალებში) ჭარბი ცხიმიანობაა. ყველაფერი იმიტომ, რომ ორგანიზმს სებუმის, კანის ცხიმის გამოყოფა ახასიათებს. მისი დანიშნულება ბანალურია – კანის დატენიანება და პათოგენებისგან დაცვა. ცხიმის წარმოება არასწორი მოვლის, არასწორი კოსმეტიკური საშუალების გამოყენების და სხვა ფაქტორებით არის გამოწვეული. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რატომ ცხიმიანდება თმა სწრაფად და რომელი მეთოდებით ვებრძოლოთ.

უსამართლობაა, რომ ზოგიერთი ადამიანი თავს კვირაში ერთხელ იბანს, სხვებს კი ცხიმიანი თმის დაბანა ყოველ მეორე დღეს უწევს. ამ უსიამოვნებაზე გავლენა ცოტათი მაინც რომ მოახდინოთ, შესაძლო მიზეზები გაარკვიეთ და გაიგეთ, როგორ იმოქმედოთ თითოეულ შემთხვევაში. ტრიქოლოგები 7 ძირითად მიზეზს ასახელებენ.

თმის ჭარბი ცხიმიანობის ძირითადი შიდა მიზეზები

1. სკალპის ტიპი

ყველაზე ცუდი სცენარით დავიწყოთ. თუ მემკვიდრეობით აქტიური ცხიმოვანი ჯირკვლები გერგოთ, სამწუხაროდ, ვერაფერს გახდებით – უბრალოდ თავი დაჭუჭყიანების მიხედვით დაიბანეთ. ბუნებით მშრალი თმის მფლობელი თავს უფრო იშვიათად იბანს – ეს ფაქტია. ყველა შესაძლო სარეკლამო საშუალებას არ ენდოთ, რომელიც სკალპის „მორჯულებას“ გპირდებათ. თუ სებორეული დერმატიტისკენ (ქერტლი) მიდრეკილება გაქვთ, შეუფერებელი მოვლით გამწვავებას მიიღებთ. ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის აქტივობის განსასაზღვრად კოსმეტოლოგ–ტრიქოლოგს უნდა მიმართოთ. სწორ კოსმეტიკას მხოლოდ პროფესიონალი შეგირჩევთ.

2. ცხიმიანი სახის კანი

თმას ხელით ნაკლებად შეეხეთ. ზედმეტ მოძრაობას გადაეჩვიეთ. თმა შუბლიდან და ლოყიდან კანის ცხიმს აქტიურად აგროვებს. თავის აქსესუარები და თავისუფალი ვარცხნილობა ამას ხელს უწყობს. გლუვი კრემები გამოიყენეთ – მათი დანიშნულება სახიდან ზედმეტი ცხიმის მოშორებაა, ასე თმაც დიდხანს სუფთა დარჩება.

3. ჰორმონები

ეს უფრო მოზარდების მშობლებისთვისაა. სქესობრივი მომწიფების დაწყებისთანავე ბავშვებში ჰორმონალური ფონი იცვლება და ძალიან აქტიურად. ანდროგენების რაოდენობის ზრდის გამო ჯირკვლები სწრაფად მუშაობას იწყებს, შესაბამისად, თმა ხშირად გაწმენდას მოითხოვს. ეს პერიოდი უნდა გადალახოთ, ამიტომ ჩვეული შამპუნი ყოველდღიური შამპუნით ჩაანაცვლეთ. თავი კანის მდგომარეობის მიხედვით დაიბანეთ.

თმის ჭარბი ცხიმიანობის გარე მიზეზები

4. შეუფერებელი შამპუნი

გახსოვდეთ, რომ სხვადასხვა შამპუნს სხვადასხვა გამწმენდი უნარები აქვს. კონკრეტულად თქვენი ტიპის შესაფერისი შამპუნი შეარჩიეთ. უსულფატო შამპუნი ცხიმიან თმას არ უხდება, რადგან მისი წმენდა ძალიან ნაზია. მშრალი და ნორმალური კანისთვის სავსებით საკმარისია.

5. კონდიციონერის და ნიღბის წასმა

კონდიციონერი სუფთა და პირსახოცით მსუბუქად შემშრალებულ თმაზე წაისვით. კანიდან 5-8 სმ–ით ქვემოთ წაისვით. გამდინარე წყლით კარგად ჩამოიბანეთ. მოუშორებელი საშუალება და სტაილინგი ნაკლებად გამოიყენეთ, მათ ინტენსიური ჩამობანა სჭირდებათ. თმას ზედმეტი არაფერი უყვარს. ნიღბები ხშირად არ გამოიყენოთ, მაქსიმუმ კვირაში ერთხელ.

6. თმის გაშრობა

სველი თმით არ დაიძინოთ. თავზე შემოხვეული პირსახოცით დიდხანს არ იაროთ. ეს ნამდვილი აბანოა, სადაც ცხიმოვანი ჯირკვლები მთელი ძალით მუშაობს, რადგან სველი და თბილი გარემოა. ფენით ნაზი შრობა (გრილი ჰაერით) მხოლოდ სასარგებლოა. სჯობს დრო დაგეგმოთ, რომ თმა ბუნებრივად გაშრეს.

7. კვება

კანის ცხიმოვანი ჯირკვლების მაღალი აქტივობა პირდაპირ კვებას უკავშირდება. ჭარბი მარილიანი კერძების, კონსერვების, შებოლილი პროდუქტების, ყავის, ალკოჰოლის, ფქვილის და ცხარე სანელებლების მიღება გულდასაწყვეტ შედეგს იწვევს. რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილზე უარი თქვით და თმა და კანი ჯანმრთელობით იბზინებს. თმის ჭარბი ცხიმიანობის კიდევ ერთი მიზეზია თუთიის და A, B, E, D ვიტამინების დეფიციტი. სწორედ ამიტომ, ყოველდღიურ რაციონში ამ ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები ჩართეთ ან საკვები დანამატები მიიღეთ.

სასარგებლო რჩევები

  • სპეციალური ვარცხნილობა გაიკეთეთ. თმა ჩაიპწენით ან კონად შეკარით და ძირებთან ცოტა აიჩეჩეთ. ასე თმა უფრო დიდხანს მოვლილი და სუფთა დარჩება.
  • ცხიმიანობის პრობლემებს აქსესუარები კარგად მალავს. მაგალითად, თავსაკრავი, ქუდი, ჩალმა.
  • მშრალი შამპუნი თმას სწრაფად გაასუფთავებს. ის არა მხოლოდ ზედმეტ ცხიმს შთანთქავს, არამედ ვარცხნილობას მოცულობას ანიჭებს.

დღეს ცხიმოვანი ჯირკვლების ზედმეტი აქტივობის მთავარი მიზეზები განვიხილეთ. სამწუხაროდ, ყველა ფაქტორის სწრაფად და მარტივად მოშორება შეუძლებელია, თუმცა თმის მდგომარეობის გაუმჯობესება რეალურია. მთავარია, დაიწყოთ.