Connect with us

საკითხავი

სოდის გამოყენების ხრიკები და რატომ უნდა დადოთ საწოლის ქვეშ

თითქმის ნებისმიერ სამზარეულოში სოდა ჩვეული პროდუქტია, რომელიც თითქოს არასდროს მთავრდება. ჩვეულებრივ, მას ფაფუკი ცომეულის და გემრიელი ბლინების გამოსაცხობად იყენებენ. თუმცა ამით ყველაფერი არ სრულდება.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა სარგებელი აქვს სოდას და როგორ გამოიყენოთ არაპირდაპირ. გაგიმხელთ, რატომ უნდა დადოთ სოდა საწოლის ქვეშ. გარემოს დამცველებისთვის საინტერესო სტატიაა.

რა სარგებელი აქვს სოდას

საკვები სოდა არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ საოჯახო საქმეებში შეუცვლელია. სწორი გამოყენებით საოცარ შედეგს იძლევა. გიზიარებთ სოდის გამოყენების ყველაზე პოპულარულ მეთოდებს.

ცხობისთვის

ჩვეულებრივ, სოდა ცომეულებში გამოიყენება. სოდა მჟავე გარემოსთან კონტაქტისას ბევრ ნახშირორჟანგს გამოყოფს. ასე ცომი ფაფუკი გამოდის. მჟავე გარემო შეიძლება იყოს ძმარი ან ლიმონმჟავა. ასევე კეფირი ან არაჟანი.

მაქსიმალური სიფაფუკისთვის სოდა ცომში გაააქტიურეთ. ჯერ მშრალი ინგრედიენტები აურიეთ (სოდა, შაქარი, ფქვილი, სახამებელი), შემდეგ თხევადი (კვერცხი, წყალი, რძე) დაუმატეთ. პროდუქტები აურიეთ და ცომი მოზილეთ.

ხორციანი კერძებისთვის

თუ უხეში საქონლის ან ღორის ხორცი შეიძინეთ, სოდა მის დარბილებაში დაგეხმარებათ. 1 ჩ/კ ფხვნილი და 1 ლ ცივი წყალი აურიეთ, ხორცი 15 წუთით სოდიან ხსნარში გააჩერეთ. გამდინარე წყალში გარეცხეთ და მომზადება დაიწყეთ.

სოდა ნანადირევ ხორცზეც გამოგადგებათ. ამ შემთხვევაში ნანადირევი ხორცი სოდიან ხსნარში 2–3 საათით გააჩერეთ. ასე ხორცს დაარბილებთ და დეზინფექციას ჩაუტარებთ.

უსიამოვნო სუნის გასაქრობად

სოდა სხვადასხვა სახის უსიამოვნო სუნს მარტივად აქრობს. მაგალითად, თევზის სუნი პრობლემა აღარაა. თუ ხსნარში ტილოს, ჭურჭელს ან სამუშაო ინსტრუმენტებს ჩაალბობთ, უსიამოვნო სუნს მოაშორებთ. სოდა სარეცხ ფხვნილს შეგიძლიათ დაუმატოთ, თუ ოფლის სუნის მოშორება გსურთ. სოდა მაცივარში უცხო სუნებს შთანთქავს. ბრტყელ თეფშზე დაყრილი სოდა მაცივარში ზედა თაროზე მოათავსეთ. 2–3 თვეში ერთხელ გამოცვალეთ. ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნის გასაქრობად ბამბის ქისაში ჩაყრილი სოდა ფეხსაცმელებში ჩააწყვეთ და მთელი ღამე გააჩერეთ.

დასასუფთავებლად და დეზინფექციისთვის

თუ საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენება არ გსურთ, სოდა შესანიშნავი ვარიანტია. მაცივრის, გაზქურის, გრილის ან ტაფის გასაწმენდად გამოიყენეთ. ჩამჯდარ ცხიმს და ლაქას მარტივად მოაშორებთ. სოდა ბავშვის ჭურჭლის გასარეცხად შესაფერისია. უკეთესი ვარიანტია, ვიდრე ქიმიური სარეცხი საშუალება, რომელიც ადამიანს და ბუნებას აზიანებს.

სოდა და მელამინის ღრუბელი სანტექნიკას კირის ნადებს აშორებს. სოდა შინაური ცხოველის საწოლს და ქვესაგებს დეზინფექციას უტარებს. უსიამოვნო სუნს აქრობს ისე, რომ ცხოველს არ აზიანებს.

ჭარბტენიანობასთან საბრძოლველად

შენობაში ტენიანობის გაზრდა სუნთქვის გაუარესების, თავის ტკივილის და დისკომფორტის მიზეზი შეიძლება გახდეს. დროთა განმავლობაში, კედლებსა და რბილ ავეჯზე მავნე ობი გავრცელდება, თუ დროულად არ იმოქმედებთ.

სოდა ტენიანობის შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. რამდენიმე თეფშზე სოდა დაყარეთ, სხვადასხვა კუთხეში დააწყვეთ, საწოლის ქვეშ ადგილიც არ გამოგრჩეთ. სოდა ზედმეტ ტენს იწოვს, ობის პრევენციას ახდენს.

თუ ობი უკვე არის, სოდა ამ შემთხვევაშიც გამოგადგებათ. 1 ს/კ ფხვნილის და 1 ჭიქა თბილი წყლის ხსნარში ღრუბელი დაასველეთ და ობიანი ადგილები გაწმინდეთ. შემდეგ სუფთა წყლით გაწმინდეთ, ისევ სოდიანი ხსნარი გამოიყენეთ, ოღონდ აღარ ჩამორეცხოთ. ასე ლაქების გაჩენას თავიდან აიცილებთ.

სოდა ნამდვილი ლეგენდაა, რომელსაც გამოყენების ფართო სპექტრი აქვს. ფხვნილი ხშირად გამოიყენეთ, რომ ფული დაზოგოთ და ეკოლოგიაზე იზრუნოთ.

Advertisement