ჯანმრთელობა
საძულველი გვერდების მოსაშორებლად სახლში ეფექტურ ვარჯიშებს ვასრულებ
სავარჯიშო დარბაზში სიარული და პირადი მწვრთნელის აყვანა ოჯახის ბიუჯეტს დიდ დარტყმას აყენებს. ამავდროულად, ბევრ დროს გართმევთ. თუ თან შვილებიც გყავთ და მუშაობთ, გამოდის დასასვენებლად დრო საერთოდ არ გრჩებათ. Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ სახლში ეფექტური ვარჯიშები შეასრულოთ. ასე პრესს და წვრილ წელს მიიღებთ, გვერდებს მოიშორებთ.
ჩაჯდომები უკან აწეული ფეხით
სწორად დადექით, მსუბუქად მუხლებში მოიხარეთ. ერთი ფეხი უკან სკამს დაადეთ და ფრთხილად ჩაჯექით და ადექით. 15-20 შესრულების შემდეგ ფეხი შეცვალეთ და გაიმეორეთ. ვარჯიშის დახმარებით გამძლეობას და წონასწორობას გამოიმუშავებთ, ბარძაყების კუნთებს ელასტიურობას შემატებთ.
სკამზე ასვლა
დადექით, ერთი ფეხი სკამს დაადეთ და ტანით აიწიეთ ისე, რომ მეორე ფეხი უკან გაწეული გქონდეთ (სკამს არ დაადოთ). საწყის პოზას დაუბრუნდით და ფეხი შეცვალეთ. ვარჯიშის დროს მუცლის და დუნდულების კუნთები დაჭიმეთ. ვარჯიშის შესრულება: 3 წრე x 20 გამეორება. მუცლის, ფეხის და ბარძაყების კუნთები ვარჯიშდება.
უკუ აზიდვები
ზურგს უკან სკამი დადგით და ორივე ხელით საჯდომს დაეყრდენით. ფეხები ერთმანეთთან ახლოს, მუხლებში მსუბუქად მოხრილი. ტანით ზემოთ აიზიდეთ, ხელები გამართეთ, მუცელი დაჭიმეთ. ვარჯიში: 3 წრე x 10-15 გამეორება. ჩამოწელილ გვერდებს მოიშორებთ, ზურგს, ხელებს და მხრებს გაამკვრივებთ.
გაწელვა
ხელით სკამის საჯდომს დაეყრდენით, ფეხები უკან გაჭიმეთ და თითებით დაეყრდენით. მონაცვლეობით ერთი ფეხის მუხლი საპირისპირო ხელის იდაყვთან მიიტანეთ და საწყის პოზას დაუბრუნდით. ვარჯიში: 3 წრე x 10-15 გამეორება. წელის და დუნდულების ფორმები იცვლება, კუნთები მკვრივდება.
ფეხის გვერდზე აწევა
მარჯვენა ხელით სკამის საზურგეს დაეყრდენით, მარცხენა ზემოთ ასწიეთ. მარცხენა ფეხი გვერდზე ასწიეთ, მარჯვენა ფეხს დააშორეთ. ახლა მარცხენა ხელი ქვემოთ დაუშვით, ამავდროულად, მარცხენა ფეხი ასწიეთ – შუაში ერთმანეთს უნდა შეხვდნენ. საწყის პოზას დაუბრუნდით. 15-ჯერ გაიმეორეთ და მეორე ფეხზე გადადით. მუცლის, წელის და დუნდულების კუნთები მკვრივდება.
სურვილის შემთხვევაში ოჯახის წევრებთან ერთად ივარჯიშეთ. ასე უფრო სახალისოა და ვარჯიში არ დაგეზარებათ.