Connect with us

ჯანმრთელობა

სასარგებლო ჩვევები, რომელიც ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

ჯანმრთელობა და სილამაზე მხოლოდ გენეტიკა არაა. ბევრი რამ დამოკიდებულია ყოველდღიურ ჩვევებზე, რომელიც ცხოვრების წესს და სამომავლოდ ჯანმრთელობის საფუძველს ქმნის. სხეულსა და ორგანიზმზე ახალგაზრდობიდან უნდა იზრუნოთ. ყოველდღე რამდენიმე მარტივი, მაგრამ სასარგებლო მოქმედება და 10 წელში ლამაზი გარეგნობის, ჯანსაღი კბილების და ძლიერი მუხლების გამო საკუთარ თავს მადლობას გადაუხდით.

სასარგებლო ჩვევები, რომლებიც ადვილად შეგიძლიათ აითვისოთ

1. დილა ჭიქა წყლით დაიწყეთ

დილით ორგანიზმი გაუწყლოებულია და წყლის მარაგის სწრაფად შევსება სჭირდება. ზოგიერთი მაშინვე ჩაის ან ყავის გაკეთებას იწყებს, რომ წყურვილი მოიკლას. შეცდომა არ გაიმეოროთ! ბოსტნეულის ფრეშიც ვერ ჩაანაცვლებს სუფთა წყალს, რომელიც გვჭირდება ნაწლავების სწორად სამუშაოდ, ტოქსინების გამოსადევნად, ახალგაზრდა კანის შესანარჩუნებლად და კარგი განწყობისთვის. თუ კუჭის პრობლემები არ გაწუხებთ, წყალს ცოტა ლიმონის წვენი და თაფლი დაუმატეთ, რომ უკეთესი ეფექტი მიიღოთ. მაშინვე არ ისაუზმოთ, ორგანიზმს პროცესების გააქტიურების და გამოღვიძების დრო მიეცით. ეს დაახლოებით 30 წუთია.

2. კბილებსა და პირის ღრუზე იზრუნეთ

ბავშვობიდან ვიცით: კბილები დღეში ორჯერ უნდა გაიხეხოთ. დილით ეს ჭამამდე გააკეთეთ, რომ ღამით დაგროვებული ბაქტერიები საჭმელთან ერთად ორგანიზმში არ მოხვდეს. სავლები მჟავიანობას გაზრდის. სასურველია, რომ მხოლოდ დილა–საღამოს კბილების გახეხვის შემდეგ გამოიყენოთ, რომ ბაქტერიების გამრავლება შეამციროთ, მაგრამ არა ჭამის შემდეგ. რა გავაკეთოთ საუზმის, სადილის ან წახემსების შემდეგ? პირის ღრუში სუფთა წყალი გამოივლეთ და კბილებს შორის ადგილი სპეციალური ძაფით გაიწმინდეთ. გლუვი ხარისხიანი ძაფი გამოიყენეთ, რომელიც კბილებს შორის ბოჭკოებს არ ტოვებს. აუცილებლობის შემთხვევაში ჯაგრისით გაიხეხეთ. ეს საზიანო არაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ხარისხიან ელექტრო ჯაგრისს იყენებთ. კბილის ძაფი ფრთხილად გამოიყენეთ, თუ მგრძნობიარე ღრძილები გაქვთ.

3. კანი ულტრაიისფერი სხივებისგან დაიცავით

არა მხოლოდ სიცხეში, არამედ მთელი წელი. ულტრაიისფერი გამოსხივება სხვადასხვა ტიპის სხივებისგან შედგება. მათი ნაწილი ყოველთვის აქტიურია და ღრუბელსა და ჩრდილს შორის ადვილად გადის. წლის ნებისმიერ სეზონზე კრემი SPF–ით თქვენი მუდმივი პროდუქტი უნდა გახდეს, თუ ფოტოდაბერების და მიმიკური ნაოჭების გადადება გსურთ. კოსმეტოლოგები გირჩევენ, რომ ყოველდღე მზისგან დამცავი საშუალება გამოიყენოთ და დღის განმავლობაში განაახლოთ. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, ქუჩაში გასვლამდე ერთჯერადი წასმაც კანზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას შეამცირებს. ცხიმიანობისკენ მიდრეკილება საშიში არაა. დღეს ნებისმიერი ტიპის კანისთვის შესაფერისი პროდუქტი მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ. მსუბუქი BB კრემები და კორეული გელები SPF-ით ცხიმის ჭარბ გამომუშავებას და არაბუნებრივი ბზინვარების გამოვლენას აფერხებს.

4. გასეირნების შესაძლებლობა არ გაუშვათ

სამსახური, ამინდი, დაღლილობა – ქუჩაში გასვლაზე უარის თქმის მიზეზია, თუ ეს აუცილებელი არაა. რა თქმა უნდა, თუ მიზეზი რეალურია და სადმე წასვლა ფიზიკურად არ შეგიძლიათ, ვერაფერს გახდებით. თუ ამინდი საშუალებას გაძლევთ, არ იზარმაცოთ და ცოტა ხნით მაინც გაისეირნეთ. სუფთა ჰაერი და მზის სინათლე განწყობას აგიმაღლებთ. ბუნებაში მშვიდი სეირნობა ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიურ წონასწორობაზე დადებითად მოქმედებს.

5. ივარჯიშეთ

პარკში სეირნობა ორგანიზმს ცოტათი ტვირთავს, თუმცა სრულფასოვან ვარჯიშს, რომელიც კუნთების ტონუსს და ძვლების ჯანმრთელობას ზრდის, ვერ შეედრება. კარდიოს გარდა, კვირაში რამდენჯერმე წონებით ვარჯიში სასურველია. კუნთების მასის დეფიციტი პირდაპირ კანის გარეგნობასა და საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. მაგალითად, ბევრ ადამიანს არასაკმარისად განვითარებული კუნთოვანი კარკასის გამო ხერხემლის პრობლემები აქვს. როცა კუნთი არაა, კანი ტონუსს სწრაფად კარგავს, ნაკეცები და პატარა ზოლები მთელ ტანზე შესამჩნევი ხდება. არ გაქვთ მოტივაცია? მინიმუმით დაიწყეთ. კვირაში ერთხელ ერთი კარდიოვარჯიში და ერთი ძალოვანი ვარჯიში გააკეთეთ. გახსოვდეთ, არაფერს რაღაც ჯობია.

6. სმარტფონის ეკრანს ნაკლებად შეეხეთ

დღის განმავლობაში გაჯეტის ეკრანი უფრო მეტ ბაქტერიას აგროვებს, ვიდრე ტუალეტის ჩასარეცხი ღილაკი. მტვერი, ჭუჭყი და მიკრობები მაშინვე კანზე ხვდება, როგორც კი სმარტფონი ყურთან მიგაქვთ. გამორიცხული არაა, რომ ლოყებზე გაღიზიანება და გამონაყარი უმიზეზოდ ციფრული „კალმის“ ნამოქმედარი იყოს. სასაუბროდ ყურსასმენი ან ხმოვანი კავშირი გამოიყენეთ, რომ ტელეფონი სახისგან შორს დაიჭიროთ. წიგნი ქეისი და ანტიბაქტერიული სალფეთქებით რეგულარული წმენდა შესანიშნავი დაცვაა. ეკრანს თითით ვეხებით, შემდეგ დღის განმავლობაში ამ თითებით ათობით სხვადასხვა ზედაპირს, მათ შორის სახეს ვეხებით.

7. თეთრეული დროულად გამოცვალეთ

კანის მკვდარი ნაწილები, ბაქტერიები, მტვერი და სხვა ჭუჭყი არა მხოლოდ ტელეფონზე გროვდება. ბალიშისპირებსა და ლეიბისპირებზე სწრაფად გროვდება, რითაც საღამოს მოვლის ეფექტურობას ამცირებს, კანზე ანთებას და გამონაყარს იწვევს. თეთრეული გაზაფხულსა და ზაფხულში კვირაში მინიმუმ ერთხელ გამოცვალეთ, ხოლო ზამთარსა და შემოდგომაზე ორ კვირაში ერთხელ. სხვათა შორის, დილით „დაჭყლეტილ“ სახეს საწოლის დახმარებით შეგიძლიათ ებრძოლოთ. ბამბის თეთრეულის ნაცვლად ატლასის ან აბრეშუმის თეთრეული გამოიყენეთ. სრიალა გლუვი ზედაპირი ხახუნს ამცირებს და კანს ნაკლებად აზიანებს. დილით სახე სუფთაა, ხოლო თმა ნაკლებად აბურდული.

ყველა ჩვევის ერთდროულად ათვისება აუცილებელი არაა. ერთით დაიწყეთ და თანდათან სხვები ჩართეთ. გაოცდებით და იგრძნობთ, როგორ იცვლება ცხოვრება და განწყობა უკეთესობისკენ.

Advertisement