Connect with us

ჯანმრთელობა

საკვები სიამოვნებისთვის: პროდუქტები, რომლებიც განწყობას გარანტირებულად აუმჯობესებენ

იცით, რა არის უნივერსალური გადაწყვეტილება ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის? ის ორ სიტყვაში ითქმება: „წავალ, შევჭამ“. მაგრამ საჭმელი მხოლოდ უსიამოვნო საქმისგან ყურადღების გადართვის საშუალება და სამართლიანი შრომისთვის ჯილდო არაა. ზოგიერთ კვების პროდუქტს განწყობის გაუმჯობესება და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება შეუძლია. ჯადოქრობა? მხოლოდ ქიმია. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რა უნდა მიირთვათ, როცა გარშემო ყველაფერი უსახური ხდება.

რაციონს ყურადღება მხოლოდ წონის კლების ან მატების მსურველებმა არ უნდა მიაქციონ. საჭმელი ენერგიას გვაწვდის, რაც ზრდისა და აღდგენისთვის აუცილებელია, ასევე განწყობასა და აქტივობის დონეზე გავლენას ახდენს.  სადილობის შემდეგ ძილის სურვილი ნორმალურია. ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის დონე იზრდება, რაც ორექსინის, სიფხიზლეზე პასუხისმგებელი ჰორმონის წარმოებას თრგუნავს. როცა ჭამა გვსურს, შაქრის დონე ეცემა. ტვინს ეს არ მოსწონს, ამიტომ მკაცრად შურს იძიებს, გაღიზიანებულს და აგრესიულს გვხდის. შაქრის დონის და მასთან ერთად განწყობის რყევები – საჭმლის და განწყობის რთული ურთიერთქმედების მხოლოდ მცირე ნაწილია. ის, რაც ჩვენს სხეულს ძალას აძლევს, თან ტვინს კვებავს, ასევე გავლენას ახდენს ნეირომედიატორების წარმოებაზე – ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ჩვენს განწყობას განსაზღვრავენ.

დღის განმავლობაში ნერვულ დაძაბულობას და განწყობის ცვლილებებს ყველა განვიცდით. სწორი კვება ჩვენს ქცევაზე დადებით გავლენას ახდენს და სტრესის დამანგრეველ შედეგებს ამცირებს. საკვების არჩევა, თითქმის ცხოვრების გზის არჩევას ჰგავს: თქვენ შეგიძლიათ უპირატესობა მიანიჭოთ საკვებს, რომელიც აუცილებელი ნივთიერებებით ღარიბია, ან მიირთვათ ის, რაც ტვინს ენერგიას მისცემს და თავში წესრიგს დაამყარებს. საკვები შეიძლება გახდეს ნამდვილი წამალი სულისა და სხეულისთვის, და ეს გაზვიადება არაა. აი, რამდენიმე პროდუქტი, რომლებიც რაციონში უნდა ჩართოთ, რომ ყოველთვის ჯანმრთელი, მხიარული და ბედნიერი იყოთ.

მღელვარება და ნერვული დაძაბულობა: შოკოლადი

ძლიერი ნერვიულობისას ჯანსაღი კვება უკანასკნელია, რაზეც ფიქრი გვსურს. უწყვეტი სტრესის პირობებში რთულია აკონტროლოთ, რას მიირთმევთ. თავად იცით, როცა თავი სხვადასხვა უსიამოვნო საკითხებით სავსეა, სასარგებლო სალათისკენ გული არ გვიზიდავს. სამაგიეროდ, ფილა შოკოლადზე უარს არავინ იტყვის. და სწორიცაა, რადგან ცხიმები და შაქარი სეროტონინის და ენდორფინის, ბედნიერების ჰორმონების დონეს ზრდიან. კაკაო პოლიფენოლების და ფლავონოიდების წყაროა, რომელიც განწყობას აუმჯობესებს და გონებას სიცხადეს მატებს. უსარგებლო სწრაფი ნახშირწყლების რაოდენობის შესამცირებლად, ხარისხიან, შავ შოკოლადს მინიმუმ 75% კაკაოს შემცველობით უპირატესობა მიანიჭეთ. არ გადააჭარბოთ, რადგან კაკაო და შოკოლადი არა მხოლოდ განწყობის გამაუმჯობესებელი მაგნიუმი, არამედ კოფეინია, რომელიც ნერვულ სისტემას აღვიძებს.

კონცენტრაციის პრობლემები: ყავა

ყველამ იცის ამ სასმელის ეფექტის შესახებ. 1 ფინჯანი ყავა გრძნობაზე მოგიყვანთ და კრისტალურად სუფთა გონებას უზრუნველყოფს. ფრთხილად იყავით: კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება, ამიტომ ადრე თუ გვიან მისი ჭარბი მიღება დეპრესიით, უძილობით და, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, კონცენტრაციის გაუარესებით დაგიბრუნდებათ. სწორედ ამიტომ, იგივე რჩევა გვაქვს, როგორც შოკოლადთან: ფანატიზმის გარეშე. გარდა ამისა, სასმელის ხარისხი მნიშვნელოვანია. იაფ ხსნად ყავას არანაირი სარგებელი არ აქვს. აირჩიეთ ორგანული ყავა, რძის ან ნაღების ნაცვლად, ცოტა ქოქოსის ზეთი დაუმატეთ. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად მოქმედებს – ჯანსაღი ცხიმები მთელი დღე საჭირო ენერგიით უზრუნველგყოფთ.

ძილის დეფიციტი და ზედმეტი ჭამა: ცილები და ჯანსაღი ცხიმები

ვისაც ცოტა სძინავს, ბევრს ჭამს. ეს მეცნიერული ფაქტია. გამოფიტულ ტვინს სასწრაფოდ გამოკვება სჭირდება და ყოველგვარი ნახშირწყლების ჭამას გვაიძულებს. ამის ნაცვლად რაციონში ჩართეთ ცილები: კვერცხი, ქათამი, ძროხის ხორცი და ზღვის თევზი. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ სელის და გოგირდის თესლი, მწვანე ბოსტნეული და ავოკადო. ამ პროდუქტების უმეტესობა ომეგა 3 უჯერ ცხიმოვან მჟავას შეიცავს, რომელიც ორგანიზმს სეროტონინის წარმოებაში ეხმარება. როგორც გახსოვთ, სეროტონინი ბედნიერების ჰორმონია. თუ ტვინი კმაყოფილია, ყველაფერი კარგადაა.

დაღლა და დეპრესია: თხილი და ჩაი

თხილი ორგანიზმს აძლიერებს და ბევრ მკვებავ ნივთიერებას აწვდის – მონოუჯერ ცხიმოვან მჟავებს და მინერალებს: მანგანუმი, კალიუმი, კალციუმი, სპილენძი, რკინა, მაგნიუმი, თუთია და სელენი. კაკალი შეიცავს ბევრ უჯრედისს, რომელიც ნეირომედიატორების წარმოებას ხელს უწყობს.

ჩაის დალევა უძველესი დროიდან მოდუნებას და კონცენტრაციის გაზრდას, ასევე განწყობის გაუმჯობესებას უკავშირდება. კვლევის შედეგების თანახმად, კარგ განწყობაზე უკეთ ვაგვარებთ პრობლემებს, რომელთაც საზრიანობა და გამჭრიახობა სჭირდება. თუ სწრაფად მოფიქრება გსურთ, ჩაი დალიეთ. როგორც შავი, ასევე მცენარეული ჩაი სასარგებლოა.

ვჭამთ და არ ვნერვიულობთ

რაციონსა და განწყობას შორის პირდაპირი დამოკიდებულება არსებობს. ცუდი განწყობა ჩვენს კვების ჩვევას ცვლის, ამიტომ ხშირად ის, რასაც თეფშზე ვხედავთ, სამსახურსა და პირად ცხოვრებაში წარმატების ან წარუმატებლობის გამო ხვდება. შეჩერდით, ვინ არის აქ უფროსი? ჩვენ თუ რაღაც სტრესი? თუ ჩვენ, არჩევანიც ჩვენზეა. თან ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი საკვები ორგანიზმს ზემოთ ნახსენები ნეირომედიატორების წარმოებაში ეხმარება, რომლებიც დარდს წამებში აქარვებენ.

სწორ კვებასთან ერთად მოდუნების ტექნიკა გამოიყენეთ: მედიტაცია ან საკუთარ თავთან დიალოგი. დღეში 5 წუთი მტანჯველ შფოთვას და დაძაბულობას მოგაშორებთ. პრაქტიკულად, იმწამსვე ძალების მოზღვავებას იგრძნობთ და დღის განმავლობაში აირჩევთ სასარგებლო რამეს და არა იმას, რაც დარდს და ცუდ განწყობას სურს.

და ბოლოს: დააკვირდით, რა გავლენას ახდენს სხვადასხვა კვების პროდუქტი თქვენს განწყობაზე. გპირდებით, საინტერესო შედეგს მიიღებთ.