Connect with us

ყვავილები

რჩევები, როგორ მიაღწიოთ ორქიდეის რეგულარულ ყვავილობას

ყვავილების მაღაზიაში კვირტებით დაფარული ორქიდეა ხშირად გვხვდება, მაგრამ სახლში განმეორებით მისი აყვავება რთულია. ჭირვეულ ორქიდეას სათანადო მოვლა სჭირდება, რომ ყვავილებით რეგულარულად გაგახაროთ.

დღეს ორქიდეა თითქმის ყველა სახლში აქვს. ზოგან უხვად ყვავილობს, სხვებთან ერთი ყვავილი თავს იწონებს, უმეტესად მხოლოდ საჰაერო ფესვები და ფოთლები აქვს. აღსანიშნავია, რომ ორქიდეა წელიწადში 3-დან 6 თვემდე ყვავილობს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ იზრუნოთ ორქიდეაზე სწორად და შეცდომები თავიდან აიცილოთ.

5 მიზეზი, რატომ არ ყვავის ორქიდეა

ახალგაზრდა მცენარე

ორქიდეა მინიმუმ 1,5 წლის უნდა იყოს, რომ ყვავილი გაიზარდოს. ყვავილობის პერიოდი ჩვეულებრივ 1,5-დან 3 წლამდე პერიოდს ემთხვევა. კალმით გაზრდისას მოთმინება მოიკრიფეთ. ახალგაზრდა მცენარეზე შეიძლება განვითარდეს ყვავილის ყუნწი, რომელიც უნდა მოაშოროთ, რომ მცენარე არ დასუსტდეს და დაიღუპოს.

მავნებლები

მისი ერთ–ერთი ხშირი მავნებელია ნაცროვანი ცრუფარიანა, რომელიც თეთრ ქსელს ჰგავს და ახალი კოკრის წვენს წოვს. ასე ყვავილი ჭკნება. სხვა მავნებლები, რომლებიც ორქიდეას აზიანებს: ტკიპა, ფრთათეთრა, ტრიპსი და ნემატოდი. მავნებლის წინააღმდეგ მცენარე და მიწა სპეციალური საშუალებებით ხშირად დაამუშავეთ.

ცივი ან მშრალი ჰაერი

ორქიდეა ტროპიკული მცენარეა, ამიტომ ჰაერი თბილი და ტენიანი უნდა იყოს. 25 გრადუსი ტემპერატურა და 60-80% ჰაერის ტენიანობა მისთვის შესაფერისია. ორპირში ორქიდეის დატოვება კატეგორიულად აკრძალულია. განიავების დროსაც ქარს მოარიდეთ, რომ არ დაზიანდეს. უმჯობესია სხვა ოთახში ან აბაზანაში გაიტანოთ. გათბობის სეზონზე ჰაერის დამატენიანებელი გამოიყენეთ ან რეგულარულად დანამეთ.

გადაჭარბებული მორწყვა

ორქიდეა იშვიათად, მაგრამ უხვად უნდა მორწყათ. მორწყვებს შორის მიწამ ოდნავ გაშრობა უნდა მოასწროს. თბილი და რბილი წყალი გამოიყენეთ. კვირაში ერთხელ წყლიან ტაშტში ჩადეთ და 20 წუთით გააჩერეთ. ასე მიწა სითხით გაივსება. ამავდროულად, ყურადღება მიაქციეთ, რომ ფესვები წყალში დიდხანს არ დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დალპეს. სადგამიდან ზედმეტი წყალი გადაასხით.

შეუფერებელი განათება

ორქიდეას ბევრი სინათლის გარეშე გაზრდა შეუძლია, მაგრამ კარგი განათების გარეშე მძინარე კვირტებს ვერ გააღვიძებთ. დღეში 10 სინათლე (არა მზის პირდაპირი სხივები) სჭირდება, ამიტომ ოთახის ბნელ კუთხეში ადგილი არ მიუჩინოთ. ზამთარში ფიტონათურა დაანათეთ ისე, რომ ფოთლები ძლიერ არ გაცხელდეს.

მისთვის ნებისმიერი გადარგვა, ადგილიდან ადგილზე გადატანა, ტემპერატურის რეჟიმის მკვეთრი ცვლილება დიდი სტრესია. ორქიდეის აყვავება რთულია, მაგრამ თუ იცით, როგორ იზრუნოთ სწორად, ყვავილობა არ დააყოვნებს.

Advertisement