Connect with us

ყვავილები

რჩევები იების გამოსაკვებად, რომ დიდებული ყვავილობით დიდხანს გაგვახაროს

ჩემი მეზობელი ყვავილების დიდი მოყვარულია. მის ფანჯრის რაფებზე სხვადასხვა სახეობის იის ქოთანი თავს იწონებს. მათი ყვავილობა ყოველთვის მაოცებს. ერთხელ გავბედე და ვკითხე, როგორ ვიზრუნო იაზე, რომ დიდხანს იყვავილოს. პასუხი მარტივი აღმოჩნდა. იას სწორად გამოკვება სჭირდებათ. მისთვის როგორც მზა, ასევე სახლში დამზადებული სასუქი შეგიძლიათ გამოიყენოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოკვებოთ ია უხვი ყვავილობისთვის.

ია პოპულარული ოთახის მცენარეა. მას სწორი მოვლის პირობებში მთელი წელი შეუძლია იყვავილოს. პრეტენზიული არაა, ამიტომ დამწყებიც მარტივად გაზრდის.

ყვავილი ნორმალურად რომ გაიზარდოს, ბევრი სინათლით უზრუნველყავით. გახსოვდეთ, მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ. აქედან გამომდინარე, ბინაში ან სახლში შეურჩიეთ ფანჯრის რაფა, რომელიც ჩრდილოეთით, ჩრდილო–აღმოსავლეთით ან ჩრდილო–დასავლეთით არის. აქ გაფანტული სინათლეა, რომელიც იას უყვარს.

ზამთარში ყოველთვის არ ყვავილობს. თუ გსურთ, რომ ზამთარშიც ლამაზი ყვავილებით გაგახაროთ, მინიმუმ 13 საათით დღის სინათლით უზრუნველყავით. ამაში სპეციალური ნათურები დაგეხმარებათ. ასეთ პირობებში თებერვალში დიდებული ყვავილებით დამშვენდება.

ხშირად იის საკვებად სპეციალურ სასუქს იყენებენ. გირჩევთ, რომ ქოთანს პერლიტი ან ვერმიკულიტი დაუმატოთ. ასე წყლის და ჰაერის გამტარობას გაზრდით. ასე ფესვების სისტემა დაგუბებული წყლის გამო არ დაზიანდება და არ მოკვდება.

ოთახის მცენარე ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარეა. 18–24 გრადუსი ტემპერატურა მისთვის შესაფერისია. ცივ სეზონზე ოთახში ტემპერატურა ხშირად აკონტროლეთ. ტენიანობაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაღალი უნდა იყოს, მაგრამ ტენი ფოთლებს და ყვავილებს არ უნდა მოხვდეს.

სასუქი იისთვის

იას ნოყიერი მიწა და რეგულარული მორწყვა უყვარს. ზაფხულში კვირაში ერთხელ, ხოლო ზამთარში 2 კვირაში ერთხელ მორწყვა ყოფნის. გირჩევთ ყვავილების მაღაზიაში სპეციალურად იისთვის განკუთვნილი სასუქი შეიძინოთ.

მაღაზიაში ნაყიდი სპეციალური სასუქი მცენარის ჯანსაღი ზრდა–განვითარებისთვის ყველა საჭირო მიკროელემენტს და ნივთიერებას (ნიტრატი, ფოსფატი, კალიუმი) შეიცავს. რეკომენდებულია, რომ ია გამოკვებოთ თვეში ერთხელ ვეგეტაციის პერიოდში, რომელიც ჩვეულებრივ გაზაფხულიდან შემოდგომამდე გრძელდება.

თუ ნატურალურ სასუქს უპირატესობას ანიჭებთ, გაზავებული კომპოსტი ან წყალში გაზავებული ნაკელი გამოგადგებათ. ბევრი არ დაუმატოთ, დოზირება დაიცავით. 2 კვირაში ერთხელ გამოკვება საკმარისია.

მნიშვნელოვანია! დაიმახსოვრეთ, რომ ყვავილი აუცილებლად უნდა მორწყათ, სანამ სასუქს დაუმატებთ. ასე სასუქი მიწაში სწრაფად და თანაბრად ნაწილდება და ფესვებიც არ ზიანდება.

რჩევები იის გასაზრდელად

თუ ლამაზი ბუჩქის მიღება გსურთ, ნამხარის გამოჩენა არ უნდა გამოგრჩეთ. ეს ფოთლის უბიდან გამოსული გვერდითა ყლორტია. ყვავილის ყუნწისგან მისი გარჩევა გაგიჭირდებათ, თუ დამწყები ხართ. გირჩევთ, 1 სმ–მდე გაზრდა დააცადოთ და შემდეგ მოაშოროთ.

ზოგადად, იის ნამხარში ცუდი არაფერია, მაგრამ ლამაზად რომ აყვავილდეს და მოწესრიგებულად გამოიყურებოდეს, მისი მოშორება მოგიწევთ. ნამხარი იას უშნოს და მოუწესრიგებელს ხდის.

ნამხარის მოსაშორებლად ჩვეულებრივი კბილის ჩხირი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნამხარს კბილის ჩხირი კალმის პარალელურად ჩაარჭეთ. ცოტა დააწექით და ზედმეტი ყლორტი მოაშორეთ.

Advertisement